წლიურ ჭრილში თუ შევხედავთ, მაღალი ეკონომიკური ზრდით გვექნება წლევანდელი წელიც - პირველი ათი თვის მონაცემებით, დაფიქსირდა 10 პროცენტიანი ზრდა, უახლოეს ხანში გვექნება ნოემბრის და შემდეგ დეკემბრის მონაცემებიც, თუმცა, ეს სურათს ვერ შეცვლის და ჩვენი მოლოდინია, რომ დაახლოებით 9 პროცენტიანი ეკონომიკური ზრდა შეიძლება გვქონდეს 2024 წელს, რაც საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია, - ამის შესახებ პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა მედიის წარმომადგენლებთან დასმული კითხვების საპასუხოდ განაცხადა.
როგორც პირველმა ვიცე-პრემიერმა აღნიშნა, ძალიან ცოტა ქვეყანაა მსოფლიოში, რომელმაც არა ნომინალური, არამედ რეალური მაღალი ეკონომიკური ზრდის შენარჩუნება მოახერხა ოთხი წლის განმავლობაში, რომელიც თითქმის ორნიშნა მაჩვენებლით არის გამოხატული.
„მომავალი წლის ეკონომიკა კონსერვატიულად გვაქვს დაგეგმილი - ასე ვგეგმავთ ხოლმე ყოველ წელს, რადგან რთულ რეგიონში ვცხოვრობთ, ბევრი გაუთვალისწინებელი ფაქტორია, რომლებიც შეიძლება რეალიზდეს სხვადასხვა დროს, სხვადასხვა ფორმით. აქედან გამომდინარე, მაკროეკონომიკური პარამეტრები ყოველთვის უფრო კონსერვატიულად იგეგმება. მათ შორის, 2025 წელსაც ეკონომიკურ ზრდას 6 პროცენტს ვფიქრობთ, დაახლოებით, 5.5 პროცენტზეა დაგეგმილი, დარწმუნებულები ვართ, რომ ამ მაჩვენებელს მივაღწევთ", - აღნიშნა დავითაშვილმა.