საქართველოს ტრანსპორტისა და დასაწყობების სექტორის ბრუნვამ 2025 წელს, Galt & Taggart-ის შეფასებით, ₾11.4 მილიარდი შეადგინა. წინა წელთან შედარებით მაჩვენებელი დაახლოებით 9%-ით გაიზარდა.
2019 წელს სექტორის ბრუნვა ₾6 მილიარდი იყო. შესაბამისად, ექვს წელიწადში მისი ნომინალური მოცულობა თითქმის გაორმაგდა.
ეკონომიკური აქტივობა რეგიონებს შორის არათანაბრად არის გადანაწილებული. სექტორის ბრუნვის 66% თბილისზე მოდის. სამეგრელო-ზემო სვანეთის წილი 15%-ია, რაც ძირითადად ფოთის საპორტო და ლოგისტიკურ ფუნქციას უკავშირდება. აჭარაზე 9%, იმერეთზე 3%, დანარჩენ რეგიონებზე კი ჯამურად 7% მოდის.
კვლევის მიხედვით, სექტორის შემოსავლების ზრდას ხელი შეუწყო საგარეო ვაჭრობამ, ტრანზიტულმა ტვირთბრუნვამ, საცალო ვაჭრობის გაფართოებამ და კომპანიების მიერ ახალი სასაწყობე და სადისტრიბუციო ინფრასტრუქტურის განვითარებამ.