„ჩვენს ბაზრობებზე რომ იყიდება და ჰგონიათ, თურქეთიდან ან სხვა ქვეყნიდან არის შემოსული, სინამდვილეში ჩვენთან არის შეკერილი“, - ამის შესახებ „ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის მწარმოებელთა ასოციაციის“ ხელმძღვანელმა დავით ბიძინაშვილმა ისაუბრა.
მისი თქმით, სამოქალაქო შეკვეთების გარდა, სახელმწიფო შესყიდვების უდიდესი ნაწილი რომ საქართველოში დარჩეს და სხვა ქვეყნიდან არ შემოვიდეს, „აქ ისეთი ვითარება იქნება, წარმოება ვერ აუვა“.
„ჩვენს ქვეყანაში საკმაოდ დიდი რესურსია დასაქმების. თუნდაც, სახელმწიფო შეკვეთებიდან. ეს სახელმწიფო შესყიდვების უდიდესი ნაწილი რომ საქართველოში დარჩეს და არ შემოვიდეს სხვა ქვეყნებიდან, აქ ისეთი ვითარება იქნება, წარმოება ვერ აუვა. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ადგილობრივი წარმოების მოხმარება გავზარდოთ.
ზოგადად ორი მიმართულებაა. არის სახელმწიფო შესყიდვები და მეორე, სამოქალაქო შეკვეთები. სამოქალაქო მიმართულებით საკმაოდ მაღალი ხარისხის პროდუქცია იყიდება საქართველოში. არ მინდა კონკრეტულად დავასახელო, მაგრამ ჩვენს ბაზრობებზე რომ იყიდება და ჰგონიათ, თურქეთიდან ან სხვა ქვეყნიდან არის შემოსული, სინამდვილეში ჩვენთან არის შეკერილი. ამბობენ, რომ იქ არის შეკერილი, სინამდვილეში, აქ იკერება და ძალიან კარგი ხარისხის არის. უბრალოდ, მათი დაკვეთით იკერება“, - ამბობს დავით ბიძინაშვილი.
ცნობისთვის, ტექსტილის მასალებისა და ნაწარმის ექსპორტი შემცირდა, იმპორტი კი გაიზარდა. საქსტატის მონაცემებით, 2025 წლის 3 თვეში ქვეყნიდან 58.933 მლნ აშშ დოლარის პროდუქცია გავიდა, წინა წლის იგივე პერიოდში 64.580 მლნ აშშ დოლარის.
ამასთან, შემცირებულია ადგილობრივი წარმოების ტექსტილის მასალებისა და ნაწარმის ექსპორტიც. წელს საანგარიშო პერიოდში 42.906 მლნ აშშ დოლარის პროდუქცია გავიდა, წინა წლის იანვარ-მარტში 48.929 მლნ აშშ დოლარის.
რაც შეეხება იმპორტს, წელს 3 თვეში, წინა წლის იგივე პერიოდთან შედარებით, მცირედით გაიზარდა. სტატისტიკის მიხედვით, 2024 წლის 3 თვეში ქვეყანაში 147.991 მლნ აშშ დოლარის ტექსტილის მასალები და ნაწარმი შემოვიდა, ხოლო 2024 წლის იანვარ-მარტში 143.406 მლნ აშშ დოლარის.
წყარო: bpn.ge