"სასაწყობე ფართების მშენებლობაზე გაცემული ნებართვების რაოდენობა გასამმაგებულია", - "თიბისი კაპიტალმა" საქართველოს ლოგისტიკის სექტორის შესახებ ახალი კვლევა წარადგინა, სადაც საუბარია, რომ დასაწყობების სექტორში დიდი მოთხოვნა შეიქმნა, რამაც ამ ტიპის ინფრასტრუქტურის მშენებლობის მზარდი ინტერესი განაპირობა. თუმცა "თიბისი კაპიტალში" აცხადებენ, რომ ჯერჯერობით ქვეყანაში მაღალგანვითარებული/განვითარებული ლოგისტიკური ცენტრების სიმცირეა, სადაც კომპანიები ყველა საჭირო სერვისს, ერთი ფანჯრის პრინციპით იღებენ.

Kairos Logistics-ის გენერალური დირექტორი გვიხსნის, რომ ზრდის ტენდენცია სექტორში "კორონა ვირუსის" პანდემიის შემდეგ დაიწყო, თუმცა დღეს ბაზარზე არსებული საწყობების უმეტესობა B კატეგორიისაა და ყოფილი ქარხნების შენობებშია მოწყობილი, შესაბამისად თანამედროვე სტანდარტებს ვერ აკმაყოფილებს.

მისი შეფასებით, სასაწყობე ფართების განვითარების კუთხით პერსპექტივა არსებობს, რა მიმართულებითაც კომპანია ინფრასტრუქტურას აქტიურად ავითარებს.

“ამჟამად საკმაოდ სწრაფად ვითარდება დარგი, პირდაპირ შეიძლება ითქვას, რომ დღეს თბილისში შეუძლებელია 5 000-10 000 კვადრატულ მეტრზე მეტი ფართის მოძიება, ერთ სივრცეზე მაქვს საუბარი. არის პატარ-პატარა მოთამაშეები, 2 000-3 000 კვ.მ ფართებს რომ აქირავებენ , მაგრამ ეს ამინდს არ ქმნის. ამიტომაც შემდეგ წელს ჩვენც ვაპირებთ სასაწყობე მეურნეობის დაახლოებით 45 000-50 000 პალეტი ადგილის შექმნას, დღეს უკვე დავიწყეთ და ფაქტობრივად ჯამში ავალთ დაახლოებით 80 000 პალეტ ადგილამდე მხოლოდ თბილისში.

მნიშვნელოვანი დეტალი აქ ის არის, რომ საწყობების უმრავლესობა არის B კლასის და არის მოწყობილი საბჭოთა დროინდელ ძველ ქარხნებში, რომელიც არ იყო სასაწყობედ გამზადებული. ეს ფართები, პირველი რომ ამორტიზებულია. მეორე კი ამას ემატება ის, რომ მიწის ფასი ამ ტერიტორიებზე იზრდება და შეგვიძლია ვთქვათ, რომ აეროპორტის გზაზეც, კახეთის გზატკეცილზეც უკვე არამართებულია ბიზნესურად რომ გქონდეს საწყობი, რადგან ამ ტერიტორიებზე დეველოპმენტი, საბაჟო ცენტრები ვითარდება. შესაბამისად ბიზნესი ფიქრობს, ხომ არ ჯობია გადავიდე იჯარით და ეს ფართი გამოვიყენო და კაპიტალიზაცია გავზარდო ჩემი ქონების, იმიტომ, რომ ცოტა უტოპიურია, როდესაც ქალაქის ცენტრში გაქვს საწყობი ძველ შენობაში, რომელიც შეიძლება სხვანაირად გამოვიყენო,”-ამბობს Kairos Logistics-ის გენერალური დირექტორი მიხეილ ნამადოვი.

წყარო: bm.ge