თბილისის საერთაშორისო აეროპორტის ოპერატორი - TAV Georgia ვაზიანის ახალი აეროპორტით დაინტერესდა, - ამის შესახებ საქართველოს აეროპორტების გაერთიანების გენერალურმა დირექტორმა ირაკლი ქარქაშაძემ გადაცემა "ბიზნესპარტნიორში" განაცხადა.

მისივე ინფორმაციით, TAV Georgia-მ ყველაზე კარგად იცის ქართული ბაზარი და ინტერესიც აქვს, თუმცა როგორ განვითარდება მოლაპარაკებები და რომელი კომპანია შევა ვაზიანის აეროპორტის მართვაში ამაზე საუბარი ჯერჯერობით ადრეა.

"ვაზიანის ახალი აეროპორტის შემთხვევაში რა მოდელზეც არ უნდა იყოს საუბარი აუცილებლად მოგვიწევს პარტნიორობა სხვადასხვა ბრენდთან. ეს იქნება სრული თუ ნაწილობრივი, რა თქმა უნდა, განხილვის საგანია. ჩვენ ვხედავთ წარმოუდგენლად დიდ ინტერესს ვაზიანის აეროპორტის მხრივ სხვადასხვა მიმართულებით. ეს არ არის კონცენტრირებული მხოლოდ ერთ რეგიონზე. ინტერესი არის როგორც ევროპული, ისე აზიური და ახლო აღმოსავლეთიდან. თითქმის ყველა მსხვილი საერთაშორისოდ ცნობილი მოთამაშე გამოთქვამს ინტერესს", - აცხადებს ირაკლი ქარქაშაძე.

შეგახსენებთ, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მიმდინარე წლის 8 აპრილის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ რამდენიმე წელიწადში თბილისს სრულიად ახალი, ულტრათანამედროვე აეროპორტი ექნება.

პრემიერის განცხადებით, ახალი აეროპორტის მშენებლობა იძლევა 19 მილიონამდე მგზავრების რაოდენობის გაზრდის შესაძლებლობას შემდგომი გაფართოების პერსპექტივით.

მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ახალი საერთაშორისო აეროპორტი 2029 წელს გაიხსნება.

bp.ge