მადლობა თითოეულ ადამიანს, ვინც საკუთარ საქმეს კეთილსინდისიერად ასრულებს და თავის წილ პატარა აგურს დებს ჩვენი ქვეყნის მშენებლობაში, - ამის შესახებ საარჩევნო კოლეგიის მიერ პრეზიდენტის თანამდებობაზე არჩეულმა მიხეილ ყაველაშვილმა პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლისას განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, „ყველას კარგად უნდა გვესმოდეს მშვიდობის განსაკუთრებული ფასი - მის გარეშე შეუძლებელია, ვისაუბროთ რაიმე სახის განვითარებასა და წარმატებაზე“.
„ჩვენი ქვეყნის სამსახურში დაუღალავად ყოფნისთვის, მსურს მადლობა გადავუხადო საქართველოს თავდაცვის ძალებს, უკლებლივ ყველა ჯარისკაცს, ასე ღირსებით და ამაყად რომ ატარებენ სამხედრო ფორმას, თითოეულ პოლიციელს, საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად რომ იცავენ ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოებასა და წესრიგს ქვეყანაში. მადლობა მეხანძრე-მაშველებს თავდაუზოგავი შრომისთვის. დიდი მადლობა ღირსეულ, პატრიოტ საჯარო მოხელეებს, რომლებიც პატიოსნად ასრულებენ დაკისრებულ მოვალეობას და უზრუნველყოფენ სახელმწიფოს გამართულ ფუნქციონირებას; მადლობა ექიმებს, რომლებიც ყოველდღიურად იბრძვიან ჩვენი სიცოცხლისა და ჯანმრთელობის გადასარჩენად; განსაკუთრებული სითბო და სიყვარული მსურს გამოვხატო ჩვენი პროფესორ-მასწავლებლების მიმართ, რომლებმაც არაერთი თაობა აღზარდეს – მათი ღვაწლი ნამდვილად ფასდაუდებელია. მადლობა თითოეულ სპორტსმენსა და კულტურის სფეროს წარმომადგენელს, ვინც საკუთარი გამარჯვებითა და წარმატებით აერთიანებს და აძლიერებს საქართველოს. მადლობა თითოეულ ადამიანს, ვინც საკუთარ საქმეს კეთილსინდისიერად ასრულებს და თავის წილ პატარა აგურს დებს ჩვენი ქვეყნის მშენებლობაში“, - განაცხადა ყაველაშვილმა.
ამასთან, მან პარლამენტში მოხსენებისას განაცხადა, რომ „ჩვენ უნდა მოვახერხოთ და სწორი მიდგომებით გავაძლიეროთ საქართველოს სტრატეგიულ-გეოგრაფიული როლი, დასავლეთისა და აღმოსავლეთის დაკავშირების მიმართულებით“.
მისივე თქმით, ნებისმიერი გადაწყვეტილება, თუ პოლიტიკა, ნაკარნახევი უნდა იყოს ერთი მხრივ წარსული შეცდომების გაანალიზებით, ხოლო მეორე მხრივ, ერის მეხსიერებასა და ისტორიულ გამოცდილებაზე დაყრდნობით.
„ისტორიული როლის დაბრუნებით შევძლებთ, ავასრულოთ უამრავი ქართველის ოცნება და გავაუმჯობესოთ ჩვენი ქვეყნის პოზიციები. ჩვენნაირი პატარა ქვეყნის გადარჩენისა და წარმატების გასაღები ჩვენს ჭკვიანურ და ფრთხილ ქმედებებშია, რაც თავისთავად წინდახედულობასა და მოხერხებულობას გულისხმობს. ჩვენი ნებისმიერი გადაწყვეტილება, თუ პოლიტიკა, ნაკარნახევი უნდა იყოს ერთი მხრივ, წარსული შეცდომების გაანალიზებით, ხოლო მეორე მხრივ, ჩვენი ერის მეხსიერებასა და ისტორიულ გამოცდილებაზე დაყრდნობით. ეს საშუალებას მოგვცემს, თავიდან ავირიდოთ უნებლიე, სავალალო, შეცდომები,“- განაცხადა ყაველაშვილმა.
ipn.ge