საქართველოს ეროვნული ბანკის მხარდაჭერით, თბილისში Swift-ის საგადამხდელო ფორუმი - კავკასია და თურქეთი გაიმართა. ფორუმის მთავარი თემა რეგიონში საგადამხდელო სისტემების განვითარება, ტრანსსასაზღვრო გადახდების გაუმჯობესება და ფინანსური ურთიერთთავსებადობის გაძლიერება იყო.

ღონისძიება, სახელწოდებით „კავკასიასა და თურქეთში საგადამხდელო სფეროს მომავლის ფორმირება“ პოლიტიკის შემქმნელებს, ცენტრალური ბანკების, ფინანსური სექტორისა და საერთაშორისო საგადამხდელო ინდუსტრიის წარმომადგენლებს აერთიანებდა.

ფორუმის ფარგლებში მონაწილეებმა გლობალური ფინანსური სისტემის მიმდინარე გამოწვევები, საგადამხდელო ინფრასტრუქტურის მოდერნიზაცია და რეგიონული თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობები განიხილეს.

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, ნათია თურნავამ ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას ყურადღება გაამახვილა გლობალური ეკონომიკის ფრაგმენტაციის პირობებში რეგიონული თანამშრომლობის მნიშვნელობაზე და აღნიშნა, რომ ფინანსური კავშირების გაძლიერება ეკონომიკური მდგრადობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წინაპირობაა.

მისი თქმით, ცენტრალურ ბანკებს მნიშვნელოვანი როლი აქვთ ფინანსური სერვისების ინფრასტრუქტურის მოდერნიზებასა და რეგიონულ და საერთაშორისო პარტნიორებთან ურთიერთთავსებადობის გაძლიერებაში.

„შუა დერეფანში მდებარე საქართველოსთვის რეგიონული თანამშრომლობის გაძლიერებას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. ამ მარშრუტზე ვაჭრობის ზრდასთან ერთად, ბიზნესს სჭირდება ისეთი ფინანსური სერვისები, რომლებიც ტრანსსასაზღვრო გადახდების ეფექტიანად და საიმედოდ განხორციელების საშუალებას მისცემს“, - აღნიშნა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა.

ნათია თურნავამ ასევე ისაუბრა საქართველოს საგადამხდელო ინფრასტრუქტურის განვითარების მიმართულებით განხორციელებულ პროექტებზე. მისი განცხადებით, 2026 წელს საქართველოს ეროვნულმა ბანკმა დროის რეალურ რეჟიმში ანგარიშსწორებისა (RTGS) და ქლირინგის სისტემების სრულყოფილი მოდერნიზაცია დაასრულა.

განახლებული ინფრასტრუქტურა სრულად შეესაბამება ISO 20022 საერთაშორისო სტანდარტს, რაც ხელს უწყობს უფრო სწრაფ, უსაფრთხო და საიმედო გადახდებს, მონაცემთა ხარისხის გაუმჯობესებასა და საერთაშორისო ურთიერთთავსებადობის გაძლიერებას.

„ეს განახლება გზას უხსნის ინოვაციურ ციფრულ სერვისებს და მყისიერი გადახდების სისტემის (IPS) დანერგვას, რომლის ამოქმედებაც 2026 წლის ბოლოს იგეგმება. ჩვენი მიზანია, შევქმნათ უსაფრთხო, ეფექტიანი და ინოვაციური საგადამხდელო ინფრასტრუქტურა, რომელიც არა მხოლოდ ქვეყნის შიდა ეკონომიკის განვითარებას, არამედ უფრო ღრმა რეგიონულ ფინანსურ თანამშრომლობასაც შეუწყობს ხელს“, – განაცხადა ნათია თურნავამ.

ფორუმში ასევე მონაწილეობდა საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი ეკატერინე გალდავა, რომელმაც საქართველოს საგადამხდელო სისტემების განვითარების მოკლე, საშუალო და გრძელვადიან პრიორიტეტებზე ისაუბრა.

პანელურ დისკუსიაზე „გადახდების მომავლის უზრუნველყოფა: მდგრადი და ურთიერთთავსებადი სისტემების შექმნა“ სებ-ის სპეციალიზებული რისკების დეპარტამენტის უფროსი ალექსანდრე ერგეშიძე წარსდგა.

ეროვნული ბანკის ფინანსური და საზედამხედველო ტექნოლოგიების დეპარტამენტის უფროსმა ვარლამ ებანოიძემ კი მონაწილეობა მიიღო პანელურ დისკუსიაში - „მომავლის ინფრასტრუქტურა - 24/7 ციფრული გადახდები რეალურ დროში“, რომელიც შეეხებოდა ახალი ტექნოლოგიების, ციფრული აქტივების, ბლოკჩეინისა და თანამედროვე საგადახდო სისტემების ურთიერთთავსებადობის როლს მომავლის გადახდებში.

ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს