ამ წლის მეორე ნახევრიდან კიდევ სამი ქვეყანა - სინგაპური, ბულგარეთი და ლიეტუვა შეუერთდება ტრანსკასპიურ საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტს (TITR), რომელიც ასევე ცნობილია როგორც შუა დერეფანი, განაცხადა TITR ასოციაციის გენერალურმა მდივანმა გაიდარ აბდიკერიმოვმა აზიის მარცვლეულის კონფერენციაზე ალმათიში.

„მომდევნო ხუთ წელიწადში დაახლოებით ხუთი მილიარდი ევროს ინვესტიცია განხორციელდება ინფრასტრუქტურასა და შუა დერეფანში ეფექტიანობის გაუმჯობესებაში. TITR მნიშვნელოვან როლს ასრულებს გლობალურ ბაზრებთან ცენტრალური აზიის მწარმოებლების ინტეგრაციაში“, - განაცხადა აბდიკერიმოვმა.

მან ასევე აღნიშნა, რომ TITR-ის ინიციატორები იყვნენ აზერბაიჯანი, ყაზახეთი და საქართველო.

„ამ მარშრუტის მიზანია საქონლის ტრანზიტის უზრუნველყოფა ისეთი ქვეყნების მეშვეობით, როგორიცაა ჩინეთი, ყაზახეთი, კასპიის ზღვის გავლით აზერბაიჯანი, საქართველო, თურქეთი, უკრაინა, პოლონეთი და რუმინეთი. ეს რვა ქვეყანა პროექტზე მუშაობს 2017 წლიდან. მიმდინარე წლის მეორე ნახევრიდან მათ შეუერთდებიან სინგაპური, ბულგარეთი და ლიეტუვა. გარდა ამისა, ჩვენ ველით, რომ შემოგვიერთდებიან ავსტრია, უნგრეთი და გერმანია. ასევე ძალიან აქტიურად არიან დაინტერესებულნი ფრანგი ექსპედიტორები“, - განაცხადა აბდიკერიმოვმა.

აბდიკერიმოვმა ასევე აღნიშნა, რომ მარცვლეულის ექსპორტის ძირითადი მიმართულება TITR-ის ფარგლებში არის თურქეთი, კერძოდ მერსინის პორტი, სადაც დიდი მარცვლეულის ბირჟაა განთავსებული. 2022 წელს TITR-ის მიერ ტვირთის გადაზიდვის მთლიანმა მოცულობამ 1,48 მლნ ტონა შეადგინა, რაც 2,5-ჯერ, ანუ 898 000 ტონით მეტია 2021 წელთან შედარებით.