შემოსავლების სამსახური შესაძლოა გაუქმდეს - საკანონმდებლო ინიციატივა საქართველოს მოქალაქე ზურაბ ვანიშვილს ეკუთვნის. მისი მიმართვის საფუძველზე პარლამენტის ბიურომ საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტს წინადადების განხილვა დაავალა.

პარლამენტისთვის ზურაბ ვანიშვილის მიერ გაგზავნილ წერილში ვკითხულობთ, რომ „შემოსავლების სამსახური ვერ უზრუნველყოფს ჯეროვან კანონიერებას საგადასახადო სფეროში“.

ამასთანვე, ინიციატივის ფარგლებში ვანიშვილი ითხოვს განიხილოს საკითხი, შემოსავლების სამსახურის ნაცვლად საქართველოს საგადასახადო სამსახურის შექმნის თაობაზე, რომელიც ფინანსთა სამინისტროს შემადგენლობაში შევა როგორც საქვეუწყებო დაწესებულება და არა როგორც სსიპ-ი.

„სსიპ–ის ფორმით სახელმწიფოს საგადასახადო ორგანოს არსებობა არც არის მიზანშეწონილი, სსიპ–ის, როგორც მმართველობითი ინსტრუმენტის, შედარებით დაბალი რენომეს გამო, ისინი საკმაოდ შორს იმყოფებიან სახელისუფლებო ვერტიკალიდან. საგანმანათლებლო დაწესებულებების სსიპ–ის ფორმით არსებობა – გასაგებია, მაგრამ საგადასახადო ორგანოს ადგილი – ცენტრალურ ხელისუფლებაშია“, - აღნიშნულია მოქალაქე ზურაბ ვანიშვილის პარლამენტისადმი მიმართვაში.

წყარო: bpn.ge