ირანში შექმნილი ვითარება გარკვეულ გავლენას საქრთველოს ეკონომიკაზეც მოახდენს. მართალია, კრიზისს ვერ გამოიწვევს, თუმცა ქვეყანას რიგი მიმართულებით ალტერნატიული ბაზრის მოძიება მოუწევს. როგორც ცნობილია, ირან-საქართველოს შორის სავაჭრო ურთიერთობებში ერთ-ერთ მნიშვნელოვან სეგმენტს სოფლის მეურნეობა წარმოადგენს. სპეციალისტების ნაწილი ფიქრობს, რომ აგროპროდუქტები სხვა ქვეყნებიდან შემოვა, ნაწილი კი, აქცენტს ადგილობრივი მეურნეობის განვითარებაზე აკეთებს. 

ირანში სულ უფრო და უფრო მძიმდება მდგომარეობა, ხალხის პროტესტი გრძელდება. ამ ფონზე აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა აშშ-ში იმ ქვეყნებიდან შესულ საქონელზე, რომლებსაც ირანთან ბიზ¬ნეს ურთიერთობა აქვთ, 25%-იანი ტარიფი დააწესა.

"ძალაში შედის დაუყოვნებლივ. ნებისმიერი ქვეყანა, რომელიც ირანის ისლამურ რესპუბლიკასთან ბიზნეს ურთიერთობას აწარმოებს, ამერიკის შეერთებულ შტატებთან განხორციელებული ყვე¬ლა საქმიანი ურთიერთობისთვის 25%-იან ტარიფს გადაიხდის“, - აღნიშნა ტრამპმა.

აფბა-ს პრეზიდენტმა გიორგი კაპანაძე ,,რეზონანსთან" აღნიშნა, რომ საქართველოს ირანთან მწირი სავაჭრო ურთიერთობა აქვს და აქედან გამომდინარე, ადგილობრივი ბაზრის ალტერნატიული პროდუქციით შევსება ქვეყნისთვის პრობლემ არ იქნება.

,,სავაჭრო ეკონომიკური ურთიერთობები, რაც ირანთან გვაქვს, არ არის იმდენად მნიშვნელოვანი, რომ იქ განვითარებულმა მოვლენებმა რაიმე სახის უარყოფითი გავლენა მოახდინოს საქართველოს ეკონომიკაზე. ტურისტული, სავაჭრო მიმართულება, თუნდაც სოფლის მეურნეობის პროდუქცია თუ სხვა რამ,  ეს მიმართულებები დივერსიფიცირებულია. ამიტომაც, თუკი ირანიდან ვერ მოხერხდა პროდუქციის იმპორტი ან თუნდაც ექსპორტი, იგი თავისუფლად ჩანაცვლდება. ვფიქრობ, რაიმე სახის დეფიციტს ან ფასის ზრდას ადგლი არ ექნება.

რაც შეეხება ტურიზმს, მართალია, არიან ვიზიტორები ირანიდან, მაგრამ ის ამ მიმართულებით მოწინავე არ არის. ამიტრომაც, მიმდინარე პროცესებს რაიმე სახის მნიშვნელოვანი ეკონომიკური ასახვა ჩვენი ქვეყნიოს ეკონომიკაზე არ ექნება. შეიძლება  მინიმალური ეფექტი ჰქონდეს, მაგრამ არა მნიშვნელოვანი. ამ კუთხით იმდენად დაბალი სტატისტიკური მაჩვენებლებია, რომ მან არ შეიძლება გავლენა იქონიოს არც ტურიზმზე, არც სავაჭრო და ეკონომიკურ სივრცეზე.

ვფიქრობ, ირანი ერთ-ერთი მცირე ბაზარია საქართველოსთვის, რომლის ჩანაცვლებაც ძალიან მარტივად მოხდება. ამიტომაც, იქ შექმნილ დაძაბულ მდგომარეობას ჩვენი ქვეყნის ეკონომიკაზე მნიშვნელოვანი გავლენა ვერ ექნება", - განუცხადა გიორგი კაპანაძემ ,,რეზონანსს".

განსხვავებულიდამოკიდებულება აქვს აღნიშნულ საკითხთან მიმართებით სტატისტიკოს სოსო არჩვაძეს. მისი აზრით, რეგიონულ სახელმწიფოში არსებული დაძაბული მდგომარეობა ცალსახად უარყოფითად მოქმედებს ორი ქვეყნის სავაჭრო ურთიერთობაზე. ამიტომ საჭიროა აქცენტი ადგილობრივი პროდუქციის გაანვითარებაზე გადავიტანოთ.

,,არსებულმა მდგომარეობამ ედუარდ შევარდნაძის ხატოვანი გამოთქმა გამახსენას, ,,ყველას თოხის მაგივრად თოფი ეჭირაო". მართალია, როდესაც საზოგადოება თოხის ნაცვლად თოფზე გადადის, იქ წარმოება მცირდება.  იკლებს როგორც შიდა მოთხოვნილებების დაკმაყოფილება, ისე საექსპორტო პოტენციალიც. ამას დავამატოთ სანქციების მუქარა, რაც ამერიკის მხრიდან გაისმა ირანის მიმართულებით - დამატებითი 25%-იანი ტარიფები იმ ქვეყნებისათვის, რომელებიც მასთან ითანამშრომლობენ. ამ ყველაფერმა, შესაძლოა დამატებითი პრობლემები წარმოშვას.

აქედან გამომდინარე, ჩვენი საგარეო პოლიტიკისა და სავაჭრო ურთიერთობების სტრატეგია დანარჩენ მსოფლიოსთან ურთიერთობების დივერსიფიცირება უნდა იყოს. ასევე, აქცენტი უნდა გაკეთდეს იმ სასურსათო პროდუქტების ქვეყნის შიგნით წარმოებაზე, რომლის რესურსი, კულტურა და გამოცდილება ნამდვილად გაგვაჩნია. პირველ რიგში, ეს ეხება ხილ-ბოსტნეულს, რომლის იმპორტიც ბოლო წლებში საგრძნობლად გაიზარდა. ჩვენ უნდა შევძლოთ  წარმოების გაძლერება", - აღნშინა ,,რეზონანსთან" საუბრისას სოსო არჩვაძემ და დასძინა, რომ სასწორის პინის ერთ მხარეს დაიდება რისკები, ხოლო მეორე მხარეს - სარგებელი, საითკენაც გადასწონის, სახელმწიფოც იმის მიხედვით იმოქმედებს.

ირანში არსებული ქაოსი ტურიზმისთვისაც გამოწვევაა, თუმცა როგორც "გალტ ენდ თაგარტში" მიიჩნევენ, აღნიშნულ გარემოებას საქართველოს ეკონომიკის ამ სექტორზე მინიმალური გავლენა ექნება. ამის თაობაზე საინვესტიციო ბანკის ეკონომისტმა ლაშა ქავთარაძემ ისაუბრა.

"რა თქმა უნდა, წელს გამოწვევა იქნება და ერთ-ერთი ირანში მიმდინარე სიტუაციას უკავშირდება, რომელმაც შეიძლება გავლენა იქონიოს ტურიზმის სექტორზე, თუმცა ეს გავლენა იქნება მინიმალური, გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენთან ირანიდან ტურისტული ნაკადიდან მიღებული შემოსავლები მთლიანი ტურისტული შემოსავლების დაახლოებით 2.7%-ს შეადგენდა (დაახლოებით 125 მლნ დოლარი). თუ დავუშვებთ ყველაზე უკიდურეს სცენარს, რომ საერთოდ გაჩერდეს ირანიდან ტურისტების შემოდინება, ამის გავლენა ეკონომიკურ ზრდაზე შეიძლება იყოს 0.25 პროცენტული პუნქტიანი შენელება, რაც უმნიშვნელოა", - განაცხადა ქავთარაძემ.

"საქსტატის" მონაცემებით, 2025 წლის იანვარ-ნოემბერში ქვეყნებს შორის სავაჭრო ბრუნვა 262.656 მლნ აშშ დოლარი იყო, რაც 11.6%-ით ნაკლებია წინა წლის იგივე პერიოდის მაჩვენებელზე. 2024 წლის 11 თვეში საქართველო-ირანს შორის სავაჭრო ბრუნვა 297.247 მლნ აშშ დოლარს შეადგენდა.

თუმცა, სავაჭრო ბრუნვის შემცირება მხოლოდ იმპორტის ხარჯზე მოხდა, ხოლო ექსპორტი გაზრდილია.

უფრო კონკრეტულად, სტატისტიკის მიხედვით, 2025 წლის იანვარ-ნოემბერში ირანიდან საქართველოში 13%-ით ნაკლები ღირებულების პროდუქცია შემოვიდა, ვიდრე გასული წლის იგივე პერიოდში. კერძოდ, 2025 წლის 11 თვეში იმპორტმა 229.840 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, 2024 წლის იგივე პერიოდში 264.768 მლნ აშშ დოლარი.

რაც შეეხება ექსპორტს, აქ ზრდა 1%-ია, ხოლო ადგილობრივი პროდუქციის ექსპორტში - 15%. 2025 წლის იანვარ-ნოემბერში საქართველოდან ირანში ექსპორტზე 32.816 მლნ აშშ დოლარის პროდუქტი გავიდა, წინა წლის იანვარ-ნოემბერში 32.479 მლნ აშშ დოლარის. ხოლო ადგილობრივი პროდუქციის ექსპორტმა გასული წლის 11 თვეში 23.373 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, 2024 წლის იგივე პერიოდში - 20.320 მლნ აშშ დოლარი.

წყარო: რეზონანსი