საქართველოში ხახვის წარმოება რეკორდულად დაბალ მაჩვენებელზეა. პარალელურად მთავარმა იმპორტიორმა ქვეყნებმა ექსპორტი შეაჩერეს, რამაც ქართულ ბაზარზე ხახვის გაძვირება გამოიწვია.
რადიო „პალიტრასა" და „პალიტრანიუსის" გადაცემაში „საქმე" ხილისა და ბოსტნეულის ექსპორტიორთა ასოციაციის თავმჯდომარე ვახტანგ ბეჟიტაშვილი აცხადებს, რომ „ძირძველი აგრარული ტრადიციების ქვეყანა ვართ და სასაცილოა სატირალი რომ არ იყოს, რომ ხახვის იმპორტზე ვართ დამოკიდებული“.
„სიტუაცია, რომელიც ხახვთან დაკავშირებით შეიქმნა, არის სიგნალი, რომელიც შესაბამისმა უწყებებმა აუცილებლად უნდა გაითვალისწინონ. ასევე, დარგში მოღვაწე ადამიანებმა. ყველამ უნდა ავიღოთ პასუხისმგებლობა. ის, რაც ახლა ხახვზე ხდება, სასურსათო უსაფრთხოების ინდიკატორიცაა. ეს თემა ყველასთვის არის მნიშვნელოვანი და ამ სტრატეგიულ მნიშვნელობას ვერ უარყოფს ვერც ჩვენი ქვეყანა.
ძირძველი აგრარული ტრადიციების ქვეყანა ვართ და სასაცილოა სატირალი რომ არ იყოს, რომ ხახვის იმპორტზე ვართ დამოკიდებული. არაერთი პროდუქციაა, რომელიც მაღალი ხარისხის, უმაღლესი სტანდარტის გემური და ეკოლოგიური თვისებებით შეგვიძლია ვაწარმოოთ და არა მხოლოდ ჩვენ გვეყოს, გავიტანოთ ექსპორტზეც. ამის ნაცვლად ხდება ისე, რომ ჩვენ მთლიანად ვართ იმპორტდამოკიდებული. შემდეგ, როცა კრიტიკული ზღვარი დგება, რადგან ქვეყნებს საიდანაც შემოგვაქვს პროდუქტი დაკეტავენ ბაზარს 200-300%-ით იზრდება ფასები.
მაგალითად, ხახვზე ეს არ არის 1-წლიანი პრობლემა, რომელიც უცებ გაჩნდა. როცა მაგალითად ქვეყანაში ჭარბი მოსავალია, არასოდეს იკეტება იმპორტი. ისევ შემოდის უცხოეთიდან პროდუქცია. წლების განმავლობაში ხდებოდა, რომ თურქული ხახვი 20-30 თეთრი ღირდა. ეს არის მხოლოდ ხვნა-თესვის ხარჯი. ანუ საქმე გვქონდა დემპინგთან, რომლისგანაც სახელმწიფომ არ დაიცვა მოქალაქეები და წლების განმავლობაში მსგავსმა პრობლემებმა შეამცირა ფერმერების მოტივაცია", - განაცხადა ბეჟიტაშვილმა „საქმეში".