ევროკომისიამ მოდის სამ ცნობილ ბრენდს — Gucci-ს, Chloé-ს და Loewe-ს — საერთო ჯამში 157 მილიონი ევროს ოდენობის ჯარიმა დააკისრა.
Euronews-ის ცნობით, ამ სამი ბრენდიდან ყველაზე მეტი -119 მლნ ევროს ოდენობის ჯარიმა Gucci-ს დაეკისრა.
ევროკავშირის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ინსტიტუტი კომპანიებს ანტიმონოპოლიური კანონმდებლობის დარღვევაში ადანაშაულებს.
2023 წელს დაწყებულმა გამოძიებამ აჩვენა, რომ Gucci-მ, Chloé-მ და Loewe-მ საცალო ვაჭრობის კომპანიებს საკუთარი საფასო პოლიტიკა დაუწესეს, რითიც პროდუქციის ფასები გაზარდეს. როგორც ირკვევა, ეს სქემა მოქმედებდა თითქმის მთელი მათი ასორტიმენტისთვის – ტანსაცმლის, ტყავის ნაწარმის, ფეხსაცმლისა და აქსესუარების შემთხვევაში. აღნიშნული ქმედება კი ანტიმონოპოლიური კანონმდებლობის უხეშ დარღვევად ითვლება.
რეგულატორის განმარტებით, ზემოხსენებული კომპანიები საკუთარი საცალო მიმართულების პარტნიორებს პროდუქციაზე ფასის დამოუკიდებლად განსაზღვრას უკრძალავდნენ.
„ევროპაში ყველა მომხმარებელი, რასაც არ უნდა ყიდულობდეს და სადაც არ უნდა ყიდულობდეს, ონლაინ თუ ოფლაინ, იმსახურებს ფასების კონკურენციის სარგებელს“, – განაცხადა კონკურენციის საკითხებში ევროკომისარმა, ტერეზა რიბერამ.
რიბერამ ასევე აღნიშნა, რომ ეს გადაწყვეტილება მკაფიო სიგნალია როგორც მოდის ინდუსტრიისთვის, ისე სხვა სექტორებისთვის: ევროკავშირი არ შეეგუება მსგავსი პრაქტიკების გავრცელებას, ხოლო სამართლიანი კონკურენცია და მომხმარებელთა დაცვა ყველას თანაბრად შეეხება.