ევროკავშირს შავი ზღვაში წყალქვეშა ინტერნეტკაბელი გაჰყავს, რომ საქართველოსთან კავშირი გააუმჯობესოს და რუსეთზე გამავალ ხაზებზე დამოკიდებულება შეამციროს. ამის შესახებ BPN-ი Financial Times-ზე დაყრდნობით წერს.

გამოცემას ევროკომისიის დოკუმენტი მოჰყავს, რომლის მიხედვითაც, 45 მლნ ევროს ღირებულებისა და 1100 კმ სიგრძის კაბელი „შავი ზღვის საერთაშორისო წყლების გავლით ევროკავშირის წევრ ქვეყნებს კავკასიასთან დააკავშირებს.“

სტატიაში, ასევე, ნათქვამია, რომ ინტერნეტკაბელის პროექტი მიზნად ისახავს რუსეთზე გამავალი სახმელეთო ბოჭკოვანი კომუნიკაციების ტრანზიტზე რეგიონის დამოკიდებულების შემცირებას.

FT-ის ცნობით, ევროკავშირმა და საქართველომ ამ კაბელის გაყვანის აუცილებლობა ჯერ კიდევ 2021 წელს დააანონსეს, ხოლო უკრაინაში რუსეთის სამხედრო შეჭრამ პროექტს დამატებითი იმპულსი მიანიჭა. თუმცა ჯერ უცნობია, თუ როდის განხორციელდება პროექტი.

FT წერს, რომ ამავე პროექტით დაინტერესებულია ბრიტანული კომპანია, Vodafone, რომელიც იმედოვნებს, რომ კაბელი შეძლებს, უკრაინა დააკავშიროს ბულგარეთთან, თურქეთთან და საქართველოსთან, შემდეგ კი მიწისქვეშ გაჭიმვით სომხეთამდე, ყაზახეთამდე და აზიის სხვა ქვეყნებამდე მივიდეს.

გამოცემა ევროკავშირის პროგრამა Global Gateway-საც იხსენებს, რომლის მიხედვითაც, შავ ზღვაში გადებული ელექტროკაბელით უნგრეთი და რუმინეთი საქართველოსა და აზერბაიჯანს უნდა დაუკავშირდეს. FT-ის შეფასებით, ევროკავშირისთვის ამ პროექტის მიზანი „მიწოდების უსაფრთხოების“ გაძლიერებაა.

წყარო: bpn