„სამწუხაროა, რომ არავინ ჩადებს ფულს იმ ქვეყანაში, სადაც ნდობის ფაქტორი ნულის ტოლია, სადაც პოლიტიკური თვალსაზრისით რეალურად ქვეყნის მართვის კურსი დიდი კითხვის ნიშნის ქვეშაა“, - ამის შესახებ „საქმის კურსთან“ ინტერვიუში ზვიად სხვიტარიძემ, ამერიკული საკონსულტაციო კომპანია ZTN Consulting-ის დამფუძნებელმა განაცხადა.
მისი ინფორმაციით, ამერიკული ბიზნესის ნაწილი, რომელიც ფუნქციონირებს საქართველოში, ამცირებს ოპერაციებს და გადის ქვეყნიდან, თუმცა სხვიტარიძე კონკრეტულ კომპანიებს არ ასახელებს.
„ბიზნესებს, რომელსაც დაგეგმილი ჰქონდათ საშუალო დონის პროექტის განხორციელება, თავისთავად ეს პროექტები საერთოდ გადაიდო. ის ბიზნესები, რომელთანაც კავშირი მაქვს, მათ შორის ზოგიერთ ამერიკულ ბიზნესთან, თუ ამერიკასთან დაკავშირებულ ბიზნესთან, რომელიც ფუნქციონირებს საქართველოში რა თქმა უნდა ამცირებს ოპერაციებს და გადის ქვეყნიდან, დივერსიფიცირებას აკეთებს ან მეზობელ ბაზრებზე ან აღმოსავლეთ ევროპაში. ასევე ბევრია პირდაპირ გეტყვით საქართველოდან აშშ-ში ბიზნესის გადმოტანის მსურველი.
აშშ-ს ბიზნესისთვის, სადაც დებს ინვესტიციებს, მნიშვნელოვანია იმ ქვეყნის ნდობა. როცა ხედავს, რომ ქვეყანაში დამოუკიდებელი სასამართლო არ არსებობს, რომელსაც ენდობა და ბიზნეს დავების დროს იქნება დამოუკიდებელი არბიტრი... რა თქმა უნდა ამას ემატება პოლიტიკური ტურბულენტობა და არჩევნების თემა, რაც დამოკლეს მახვილივით არსებობს საქართველოს თავზე არსებობს. ამ ნდობის აღდგენა არის ძალიან რთული“, - განაცხადა ზვიად სხვიტარიძემ.
შეგახსენებთ, 2025 წლის მეორე კვარტალში პირდაპირი უცხოური ინვესტიციები 12%-ით, 580.1 მლნ დოლარამდე შემცირდა, წლის პირველ ნახევარში FDI-ს სახით ქვეყანაში 763.7 მლნ დოლარი შემოვიდა, რაც წლიურად 15,5%-იანი ვარდნაა. კვლავინდებურად პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებში წამყვანი რეინვესტიციებია. მეორე კვარტალის მდგომარეობით, 580,1 მილიონი დოლარიდან 466,6 მილიონ დოლარს, ანუ 80,4%-ს რეინვესტიციები წარმოადგენდა.