„საქართველოს ეკონომიკისთვის საგარეო ვაჭრობა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია,“ - ამის შესახებ აღნიშნულია, BTUAI-ს მიერ მომზადებულ ანალიზში, სადაც მიმოხილულია საქართველოს საგარეო ვაჭრობის მაჩვენებლები 2025 წლის 1-ელ კვარტალში.

ცნობისთვის, BTUAI ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის (BTU) მიერ შექმნილი ანალიტიკური პლატფორმაა, რომელიც ხელოვნური ინტელექტის და დარგობრივი ექსპერტების კოლაბორაციით შეიქმნა და ვითარდება. BTUAI სხვადასხვა სტატისტიკური მონაცემების, კვლევების და სხვა მეგამონაცემების გამოყენებით, აგენერირებს ანალიტიკურ მასალას ბიზნესის სხვადასხვა სექტორის, ეკონომიკის ცალკეული დარგების შესახებ, ამუშავებს მასალას და აკეთებს შესაბამის პროგნოზებს, რომელიც სექტორულ განვითარებას და გამოწვევებს, საქართველოსა და მსოფლიოში მიმდინარე მოვლენების ფონზე წარმოაჩენს.

„საქსტატის“ მონაცემებზე დაყრდნობით, ხელოვნური ინტელექტი BTUAI წერს, რომ 2025 წლის იანვარ-მარტში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 5.619 მლრდ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 16.2 პროცენტით მეტია. აქედან, ექსპორტი 1.401 მლრდ. აშშ დოლარი იყო (გაიზარდა 5.7 პროცენტით), ხოლო იმპორტი 4.217 მლრდ. აშშ დოლარი (გაიზარდა 20.1 პროცენტით).

ამასთან, ანალიზში აღნიშნულია, რომ საანგარიშო პერიოდში უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2025 წლის იანვარ-მარტში 2.816 მლრდ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 50.1 პროცენტია.

როგორც BTUAI წერს, საქართველოს 2025 წლის პირველი კვარტალის საგარეო ვაჭრობის შედეგების შესახებ ექსპერტთა შეფასებები ძირითადად დადებითია, თუმცა, რიგი ეკონომისტები და ანალიტიკოსები ასევე ყურადღებას ამახვილებენ იმპორტისა და ექსპორტის ზრდის ტემპებს შორის არსებულ დისბალანსზე და უარყოფითი სავაჭრო ბალანსის მაღალ მაჩვენებელზე.

„საქართველოს საგარეო ვაჭრობის მაჩვენებლების შედარება გლობალურ ტენდენციებთან აჩვენებს, რომ იანვარ-მარტში საქართველოში იმპორტის ზრდის მაღალი ტემპი (20.1%) მნიშვნელოვნად აღემატება გლობალურ საშუალო მაჩვენებელს. ექსპორტის ზრდის შედარებით დაბალი ტემპი კი (5.7%) შესაძლოა, მიუთითებდეს გლობალურ მოთხოვნაში არსებულ გამოწვევებზე ან კონკრეტულ სასაქონლო ჯგუფებში არსებულ პრობლემებზე. უარყოფითი სავაჭრო ბალანსის მაღალი მაჩვენებელი (50.1%) საჭიროებს გლობალურ დისბალანსთან კონტექსტში განხილვას,“ - ამბობს ხელოვნური ინტელექტი.

ამასთან, BTUAI -ს ანალიზში საუბარია, სამომავლო პროგნოზებზეც. როგორც ხელოვნური ინტელექტი წერს, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი, რაც მიმდინარე წლის ბოლომდე საგარეო ვაჭრობის დინამიკაზე გავლენას მოახდენს, არის ტრამპის ახალი სატარიფო პოლიტიკა და ამით გამოწვეული გლობალური ეკონომიკური მდგომარეობა.

„2025 წლის დარჩენილი პერიოდისთვის საქართველოს საგარეო ვაჭრობის დინამიკაზე გავლენას მოახდენს როგორც გლობალური ეკონომიკური მდგომარეობა, ისე დონალდ ტრამპის სატარიფო პოლიტიკა და რეგიონული გეოპოლიტიკური ფაქტორები. ტრამპის სატარიფო პოლიტიკის უარყოფითმა გავლენამ გლობალურ ვაჭრობაზე შესაძლოა, უარყოფითად იმოქმედოს საქართველოს საექსპორტო პოტენციალზეც. გეოპოლიტიკური დაძაბულობა და რუსეთ-უკრაინის ომის გაგრძელება ასევე ქმნის რისკებს სავაჭრო ნაკადებისთვის.

მიუხედავად არსებული რისკებისა, საქართველოს აქვს პოტენციალი ისარგებლოს ევროკავშირთან და სხვა ქვეყნებთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებებით და გააძლიეროს თავისი სატრანზიტო როლი. სავაჭრო ბალანსი, სავარაუდოდ, კვლავ უარყოფითი დარჩება წლის ბოლომდე, თუმცა იმპორტის ზრდის ტემპების შენელების შემთხვევაში შესაძლებელია მისი შემცირება. მოსალოდნელია, რომ წლის მეორე ნახევარში ექსპორტის ზრდის ტემპები გაუმჯობესდება, რაც ხელს შეუწყობს სავაჭრო დეფიციტის შემცირებას,“ - აღნიშნულია BTUAI-ს მიერ მომზადებულ ანალიზში.

ბიზნესპრესნიუსი