კომერსანტის თემის ეთერში GREDA-ს პროექტის მენეჯერმა მატა გორდეზიანმა საქართველოს ენერგეტიკული ბალანსის შესახებ ისაუბრა. მატა გორდეზიანის თქმით, ქვეყანაში დიდი ხანია არსებობს ტენდეცია, როდესაც ზაფხულში ენერგიის გამომუშავება მაღალია, თუმცა ზამთარში, პირიქით, დეფიციტი გვაქვს. მატა გორდეზიანი მიიჩნევს, რომ ამ გამოწვევის დასაბალანსებლად, საჭიროა, წყალსაცავიანი ჰესების განვითარება.

“საქართველოში ჰესების უმეტესობა არის მდინარის მოდინებაზე მომუშავე სადგურები, რომლებიც ზამთარში საკმარის ელექტროენერგიას ვერ გამოიმუშავებენ, ხოლო გაზაფხულის დასაწყისსა და ზაფხულში მათ აქვთ პიკი  ენერგიის გამომუშავების. წყალსაცავიან ჰესების შემთხვევაში კი ჩვენ შეგვიძლია ზაფხულში არ ვამუშაოთ, შევინახოთ წყალი და ზამთარში გამოვიყენოთ ეს რესურსი ენერგიის გამომუშავებისთვის, როცა დაგვჭირდება.

წყალსაცავიანი ჰესები გვაძლევს საშუალებას ენერგეტიკული სისტემა ვმართოთ ეფექტურად და დროულად მოვაგვაროთ ის პრობლემები, რომლებიც ენერგეტიკის სისტემაში შეიძლება გაჩნდეს. დღევანდელ მდგომარეობას თუ შევხედავთ, ფაქტობრივად, მთელი ქვეყანა დამოკიდებულია ენგურჰესზე, რადგან ეს არის ყველაზე დიდი მარეგულირებელი სადგური.  იქიდან გამომდინარე, რომ ქვეყანაში ელექტროენერგიის მოხმარება მუდმივად იზრდება, ამ სადგურს ეწურება რესურსი იმისა, რომ მთელი ქვეყნის მოთხოვნა დააკმაყოფილოს.

შესაბამისად, მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ განვავითაროთ წყალსაცავიანი ჰესები. მეორე ვარიანტია, რომ ელექტროენერგიის შემნახველი ბატარეები განვავითაროთ, თუმცა ეს გაცილებით ძვირი სიამოვნებაა ჩვენთვის ჯერჯერობით“.- ამბობს მატა გორდეზიანი.

მატა გორდეზიანი ასევე აღნიშნავს, რომ ჰესებთან ერთად უნდა განვითარდეს როგორც მზის, ისე ქარის ენერგიის ობიექტები. მისი თქმით, აუცილებელია, რომ გენერაციის თითოეულ ობიექტსა და სადგურს ჰქონდეს თავისი როლი ენერგეტიკული ბალანსის მისაღწევად.

„მზის ელექტროსადგურებს შეუძლიათ დღისით ენერგიის გამომუშავება, ხოლო ღამით არ მუშაობენ, შესაბამისად მხოლოდ ამ ენერგიაზე დამოკიდებული ვერ იქნება ქვეყანა. მეორეს მხრივ, გვაქვს ქარის ელექტროსადგურები, რომლებიც შესაძლებელია ღამითაც ამუშავო, მაგრამ თუ ქარი არ არის მხოლოდ ამ წყაროსაც ვერ დავეყრდნობით.  ამ დროს უკვე გვჭირდება ჰესები და მათგან გამომუშავებული ენერგია. ამიტომაც ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დივერსიფიცირებული იყოს გენერაციის წყაროები და ყველა ამ სადგურს ჰქონდეს  თავისი როლი ისე, რომ არ მოგვიწიოს ენერგეტიკული დეფიციტი“. - აცხადებს მატა გორდეზიანი.