პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი აშშ-ის კომერციის მდივნის თანაშემწეს გლობალური ბაზრების მიმართულებით აშოკ პინტოს შეხვდა. შეხვედრაზე ორ ქვეყანას შორის სავაჭრო - ეკონომიკური თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილა. ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.

სამინისტროს ცნობით, შეხვედრაზე ქართულმა მხარემ დააყენა ინიციატივა ორ ქვეყანას შორის ახალი ჩარჩო-მემორანდუმის გაფორმებაზე. როგორც პირველმა ვიცე-პრემიერმა აღნიშნა, მასში აისახება ის ინიციატივები, რომლებიც ქართულმა მხარემ ამერიკელ პარტნიორებს შესთავაზა და კერძო სექტორთან ერთად დაკონკრეტდება და განხორციელდება. “მიმდინარე წელს ამერიკაში ქართული ბიზნესის ვიზიტი იგეგმება, რომელიც შეაფასებს ამერიკაში საინვესტიციო შესაძლებლობებს. ამერიკის კომერციის დეპარტამენტი ამ პროცესში აქტიურად იქნება ჩართული და ქართულ კომპანიებს უმასპინძლებს. ასევე წლის მეორე ნახევარში, სექტემბერში უკვე ამერიკელების სავაჭრო მისია დაიგეგმება საქართველოში, სადაც ჩვენი სამინისტრო ასევე აქტიურად იქნება ჩართული” - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.

სამინისტროს ცნობით, შეხვედრაზე საუბარი წარიმართა საქართველოსა და აშშ - ის ეკონომიკური თანამშრომლობის ახალ პოზიტიურ დღის წესრიგსა და ინიციატივებზე. განხილულ იქნა სავაჭრო - ეკონომიკური თანამშრომლობა როგორც ორმხრივ, ისე რეგიონულ ჭრილში.

შეხვედრაზე ჩვენ ვისაუბრეთ ინიციატივებზე, რომლებიც, ვფიქრობ, საინტერესოა როგორც საქართველოსთვის, ისე აშშ-ისთვის. ეს ეხება ვაჭრობის კიდევ უფრო წახალისებას. საქართველო არ არის მხოლოდ მცირე სამომხმარებლო ბაზარი და სავაჭრო პარტნიორი ამერიკისთვის, სადაც ამერიკული პროდუქცია იყიდება, არამედ საქართველო და ამერიკა შეიძლება თანამშრომლობდნენ უფრო ფართო მასშტაბით - საქართველო არის მნიშვნელოვანი სავაჭრო ჰაბი და ამერიკული პროდუქცია, რეექსპორტის სახით, ნაწილდება შუა აზიის ქვეყნებში, სამხრეთ კავკასიასა და მთლიანად რეგიონში. აქედან გამომდინარე, საქართველო შეიძლება იყოს ამერიკის ძალიან საინტერესო სავაჭრო პარტნიორი. ასევე, რა თქმა უნდა, ამერიკა არის ძალიან დიდი სამომხმარებლო ბაზარი და ჩვენი ექსპორტისთვის ამერიკა არის ძალიან საინტერესო.” - განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა.

შეხვედრაზე ასევე საუბარი შეეხო თანამშრომლობაზე ისეთ მნიშვნელოვან სფეროებში, როგორიცაა ტრანსპორტი, ლოგისტიკა და ენერგეტიკა. ასევე ყურადღება გამახვილდა ახალ ინიციატივებზე ტექნოლოგიებისა და ინოვაციების სფეროში და სტარტაპებზე. “ვფიქრობ, ეს არის მიმართულებები, რომლებზეც ჩვენ უნდა ჩამოვაყალიბოთ კონკრეტული სამოქმედო გეგმები,” - აღნიშნა პირველმა ვიცე-პრემიერმა.