საქართველოს ევროკავშირის ქვეყნებში ექსპორტის დაახლოებით 75% საზღვაო ტრანსპორტზე მოდის, 19% — საავტომობილო გადაზიდვებზე, 5% — საჰაერო გზაზე, ხოლო რკინიგზის წილი მხოლოდ 0.4%-ს შეადგენს. ამის შესახებ UNDP-ის კვლევაშია აღნიშნული, რომელიც საქართველოდან ევროკავშირის ბაზრებზე საქონლის ტრანსპორტირების სისტემას აფასებს.
კვლევის მიხედვით, საზღვაო ტრანსპორტი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დიდი მოცულობისა და ისეთი პროდუქციისთვის, რომლის მიწოდების დროც კრიტიკული არ არის. თუმცა, ამ მიმართულებაზე მაღალი დამოკიდებულება ექსპორტს მოწყვლადს ხდის — ბორანის რეისების შეფერხება და პორტებში გადატვირთულობა ტვირთების მიწოდების ვადებს მნიშვნელოვნად ზრდის.
კვლევის მიხედვით, საზღვაო გადაზიდვას ევროკავშირში 25-40 დღე სჭირდება, საავტომობილო ტრანსპორტს კი – 8-17 დღე. თუმცა კვლევაში აღნიშნულია, რომ საზღვაო გადაზიდვები შეფერხებული განრიგის პირობებში შესაძლოა 40 დღეზე მეტხანსაც გაგრძელდეს. საჰაერო გადაზიდვა ყველაზე სწრაფია და 1-2 დღეს მოითხოვს, თუმცა მისი ღირებულება კილოგრამზე 3.5-5 დოლარია. ამასთან, საქართველოში საჰაერო ტვირთების ინფრასტრუქტურა ძირითადად თბილისის აეროპორტშია თავმოყრილი, რაც რეგიონებში წარმოებული მალფუჭებადი პროდუქციის ექსპორტს ართულებს.
საავტომობილო გადაზიდვები უფრო სწრაფი ალტერნატივაა, თუმცა თურქეთის გავლით მიმავალ დაახლოებით 1 500-კილომეტრიან მარშრუტზე საზღვრის კვეთა და სატრანზიტო რეგულაციები დამატებით შეფერხებებსა და ხარჯებს ქმნის. ამასთან, დასავლეთ ევროპის მიმართულებით პირდაპირი საბორნე და სარკინიგზო კავშირების სიმცირე ექსპორტიორებს შეზღუდულ არჩევანს უტოვებს.
კვლევის ავტორები მიიჩნევენ, რომ ექსპორტის სატრანსპორტო არხების დივერსიფიკაცია და არსებული ინფრასტრუქტურის უკეთ გამოყენება საქართველოს ევროკავშირის ბაზრებზე წვდომას უფრო მდგრადს გახდის.