ნორვეგიის მთავრობის განცხადებით, ქვეყნიდან გააძევებენ რუს და ბელარუს სპორტსმენებსა და მათ თანმხლებ პერსონალს, თუ ისინი ნორვეგიაში სპორტულ ღონისძიებებში მონაწილეობის მისაღებად შესვლას შეეცდებიან.
გადაწყვეტილების მიზეზად რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ წარმოებული ომი სახელდება.
ნორვეგიის განცხადებით, ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა და ზოგიერთმა საერთაშორისო ფედერაციამ ბოლო თვეებში რუსეთის საერთაშორისო ღონისძიებებში მონაწილეობის აღდგენისკენ მიმართული ნაბიჯები გადადგეს - მაშინ, როცა მანამდე, 2022 წელს უკრაინაში რუსეთის შეჭრის გამო, რუს სპორტსმენებს მონაწილეობა აკრძალული ჰქონდათ.
“რუსეთის ელიტარულ სპორტს მჭიდრო კავშირები აქვს რუსეთის ხელისუფლებასთან და სახელმწიფო სტრუქტურებთან. ამიტომ, მთავრობა მიიჩნევს, რომ რუსეთის მონაწილეობა საერთაშორისო სპორტულ ღონისძიებებში არ შეიძლება განვიხილოთ რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ აგრესიის ფაქტისგან დამოუკიდებლად. ბელარუსი კი მხარს უჭერს და ხელს უწყობს რუსეთის ომს“, - განაცხადა ნორვეგიის მთავრობამ.
Reuters-ი წერს, რომ ამ გადაწყვეტილებამ, რომელიც ოსლოს ინფორმაციით, მალე ამოქმედდება, შესაძლოა გავლენა მოახდინოს მსოფლიო თასის ამ ზამთარში დაგეგმილ რამდენიმე ღონისძიებაში რუსეთისა და ბელარუსის მონაწილეობაზე.