საქართველო მსოფლიოს ყველაზე „უბედური“ ეკონომიკის მქონე 178 ქვეყანას შორის 34-ე ადგილზეა. ქვეყნის მაჩვენებელი 40 ქულას შეადგენს, ხოლო ეკონომიკურ მდგომარეობაზე ყველაზე დიდ გავლენას საბანკო დაკრედიტების მაღალი საპროცენტო განაკვეთები ახდენს. რეიტინგის სათავეში ვენესუელა, სუდანი და თურქეთი არიან, სადაც ეკონომიკური პრობლემები განსაკუთრებით მწვავეა.

ამის შესახებ ნათქვამია Visual Capitalist-ის მიერ გამოქვეყნებულ კვლევაში, რომელიც 2025 წლის Hanke Annual Misery Index-ს ეფუძნება და მსოფლიოს 178 ეკონომიკას მოიცავს. ინდექსი ქვეყნების ეკონომიკურ მდგომარეობას ოთხი ძირითადი მაჩვენებლის მიხედვით აფასებს: ინფლაცია, უმუშევრობა, საბანკო დაკრედიტების საპროცენტო განაკვეთები და რეალური მშპ ერთ სულ მოსახლეზე ზრდა. რაც უფრო მაღალია ინდექსის ქულა, მით უფრო მძიმეა ეკონომიკური მდგომარეობა აღნიშნული მაჩვენებლების გათვალისწინებით.

როგორ გამოიყურება საქართველოს პოზიცია სხვა ქვეყნებთან შედარებით?

საქართველოს 40-ქულიანი მაჩვენებელი მას რეიტინგში 34-ე ადგილს ანიჭებს. ქვეყანას ჩამორჩება სირია, რომელიც 33-ე პოზიციაზეა 41.2 ქულით და იორდანია – 32-ე ადგილზე, 41.3 ქულით. ამასთან, საქართველო სომხეთსა და აზერბაიჯანზე უარეს პოზიციაზეა: სომხეთი 52-ე ადგილს იკავებს 32.8 ქულით, აზერბაიჯანი კი 58-ე ადგილზეა 30 ქულით.

შედარებისთვის, უკრაინა 21-ე პოზიციაზეა 55.6 ქულით, რუსეთი კი 59-ე ადგილზეა 29.3 ქულით.

რომელ ქვეყნებშია ეკონომიკური მდგომარეობა ყველაზე მძიმე?

რეიტინგის პირველ ადგილს ვენესუელა იკავებს, რომლის ეკონომიკური სიდუხჭირის ინდექსი 556.5 ქულაა. მეორე პოზიციაზე სუდანია 225.4 ქულით, ხოლო მესამე ადგილზე თურქეთი – 101 ქულით. მათ მოსდევს ირანი 95.9 ქულითა და არგენტინა 88.4 ქულით.

ეკონომიკური სიდუხჭირის ინდექსის მიხედვით, პირველი 20 ქვეყანა ასე გამოიყურება:

ადგილი ქვეყანა ინდექსის ქულა
1 ვენესუელა 556.5
2 სუდანი 225.4
3 თურქეთი 101.0
4 ირანი 95.9
5 არგენტინა 88.4
6 ესვატინი 80.0
7 სამხრეთ აფრიკა 79.0
8 მალავი 75.2
9 მადაგასკარი 74.0
10 ლიბანი 72.4
11 ჰაიტი 72.4
12 ანგოლა 72.3
13 იემენი 71.0
14 მიანმარი 65.9
15 ზიმბაბვე 64.7
16 ჯიბუტი 60.6
17 ბოტსვანა 60.1
18 ბოსნია და ჰერცეგოვინა 59.7
19 ბრაზილია 59.6
20 გაბონი 58.6

ვენესუელას მკვეთრად მაღალი მაჩვენებელი, ძირითადად, ინფლაციასთან არის დაკავშირებული. კვლევის მიხედვით, 2025 წელს ქვეყანაში სამომხმარებლო ფასები 475.3%-ით გაიზარდა, უმუშევრობის დონე კი 35.1%-ს შეადგენდა.

სუდანის შემთხვევაში ეკონომიკურ მდგომარეობაზე მნიშვნელოვანი გავლენა სამოქალაქო ომმა და მისგან გამოწვეულმა ეკონომიკურმა შეფერხებებმა მოახდინა.

თურქეთის შემთხვევაში კი ინდექსის ყველაზე დიდი განმაპირობებელი ფაქტორი საბანკო დაკრედიტების საპროცენტო განაკვეთებია. ეს განსხვავდება იმ ქვეყნებისგან, სადაც ეკონომიკური პრობლემების მთავარი მიზეზი მაღალი ინფლაციაა.

რომელ ქვეყნებშია ეკონომიკური მდგომარეობა შედარებით უკეთესი?

რეიტინგის საპირისპირო ანუ ბოლო ადგილზე ტაივანი, სინგაპური და ტაილანდი არიან. 178 ეკონომიკას შორის ყველაზე დაბალი მაჩვენებელი ტაივანს აქვს – 2.1 ქულა. სინგაპურის მაჩვენებელი 2.6 ქულაა, ტაილანდის კი – 3.1.

მათ მოსდევს ირლანდია 5.3 ქულით, კოტ-დ'ივუარი 6.3 ქულით და მაკაო 6.7 ქულით.

შედარებისთვის, აშშ რეიტინგში 119-ე ადგილზეა 17 ქულით, კანადა კი 98-ე პოზიციას იკავებს 20.1 ქულით. გერმანია 147-ე ადგილზეა 12.2 ქულით, ხოლო არაბთა გაერთიანებული საამიროები – 148-ე პოზიციაზე, 12 ქულით.

როგორ ითვლება ეკონომიკური სიდუხჭირის ინდექსი?

არტურ ოკუნის თავდაპირველი Misery Index ინფლაციისა და უმუშევრობის მაჩვენებლების ჯამს წარმოადგენდა. მოგვიანებით ეკონომისტმა სტივ ჰანკემ ინდექსი გააფართოვა და მას საბანკო დაკრედიტების საპროცენტო განაკვეთები და რეალური მშპ ერთ სულ მოსახლეზე ზრდაც დაამატა.

შესაბამისად, ინდექსის გამოთვლისას ინფლაციას ემატება უმუშევრობის ორმაგი მაჩვენებელი და საბანკო დაკრედიტების საპროცენტო განაკვეთი, ხოლო მიღებულ შედეგს აკლდება რეალური მშპ ერთ სულ მოსახლეზე ზრდა.

ინდექსი საშუალებას იძლევა, ქვეყნების ეკონომიკური მდგომარეობა ერთიანი მეთოდოლოგიით შევადაროთ, თუმცა მაღალი ქულა ავტომატურად არ ნიშნავს, რომ მოსახლეობის ყველა ფენა ერთნაირი ეკონომიკური სირთულის წინაშეა. ის კონკრეტული მაკროეკონომიკური მაჩვენებლების ერთობლიობას ასახავს.