საქართველოდან ფეროშენადნობების ექსპორტის ღირებულება წლიურად 2.4%-ით შემცირდა მიმდინარე წლის 4 თვეში, მოცულობა კი 14.9%-ით გაიზარდა. GalT&Taggart-ის მიმოხილვის მიხედვით, ზრდა შესაძლოა ტრენდის შემობრუნების ნიშანი იყოს, თუმცა „ჯერ დასკვნის გაკეთება ნაადრევია“.

რაც შეეხება სპილენძს, საქართველოში სპილენძით საგარეო ვაჭრობის უდიდესი ნაწილი რეექსპორტია და გარე ფაქტორებზეა დამოკიდებული. 2023 წლის კლების შემდეგ, იანვარ-აპრილში იმპორტისა და ექსპორტის მოცულობა თითქმის განულებულია.

რაც შეეხება გლობალურ ბაზარს, მაისში სპილენძის ფასი თვიურად 0.2%-ით გაიზარდა, ხოლო ევროპული ფეროსოლიკონის ფასი 12.9%-ით, ჩინურის კი 3.8%-ით გაიზარდა. 

„2024 წლის მაისში სპილენძის ფასი თვიურად 0.2%-ით გაიზარდა. გაზაფხულზე მეტალის ფასი 30%-ით გაიზარდა და მაისში რეკორდულ $11,000-იან ნიშნულსაც გადააჭარბა. საბაზო მეტალების ნეტ ლონგ პოზიციებმა 2.6 მლნ ტონას მიაღწია მასში, იგივე მაჩვენებელი მარტში მხოლოდ 556 ათასი იყო. წითელი მეტალის მნიშვნელოვანი ზრდა მისი მრავალმხრივი გამოყენების შედეგია - ის უმნიშვნელოვანესი კომპონენტია მწვანე ენერგიაში, ელექტრო-მანქანების, სამხედრო აღჭურვილობისა და ელექტრო-ტექნიკის წარმოებაში.

ზოგიერთი პროგნოზით სპილენძის ფასი მომდევნო წლებში შეიძლება $40,000-მდეც გაიზარდოს, შედეგად მის მიმართ ინტერესი არაორდინალური გზებითაც ვლინდება. მაგალითად, სამხრეთ ინგლისში სპილენძის კაბელების ქურდობის შემთხვევები 20%-ით არის გაზრდილი, ტელეკომ კომპანიებმა კი შემოსავლის ახალი წყარო აღმოაჩინეს - დამარხულ სპილენძის კაბელებს მიწიდან იღებენ და მეტალის სახით ყიდიან. დათვლების მიხედვით, ამ კაბელების ღირებულება შესაძლოა $7 მლრდ-ს აჭარბებდეს.

2024 წლის მაისში ევროპული ფეროსოლიკონის ფასი თვიურად 12.9%-ით, ხოლო ჩინურის 3.8%-ით გაიზარდა. მიუხედავად ზრდისა, ჩინური მოთხოვნა კვლავ მცირეა - ახალი სახლების გაყიდვა მაისში წლიურად 34%-ით შემცირდა. ეს მაჩვენებელი აპრილის 45%-იან კლებაზე დაბალია, თუმცა აჩვენებს რომ კვლავ პრობლემები რჩება სექტორში. ასევე აპრილში შემცირდა გლობალურად ფოლადის წარმოებაც, წლიურად 5%-ით“, - ნათქვამია მიმოხილვაში.