„მეზღვაური დასაქმებაში თანხას არ უნდა იხდიდეს“, - ამის შესახებ საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელმა ალექსი ახვლედიანმა გადაცემა „ბიზნესპარტნიორში“ განაცხადა.

მისივე ინფორმაციით, 1-ელი ივლისიდან „მეზღვაურთა უფლებათა დაცვის კანონი“ შედის ძალაში, რომელიც მეზღვაურებს დაიცავს არამხოლოდ საქართველოს ტერიტორიულ წყლებში, არამედ მსოფლიოს ნებისმიერ კუთხეში.

„2012 წლის შემდგომ მეზღვაურთა რაოდენობა თითქმის გაორმაგებულია. მეზღვაურთა პროფესია გარდა იმისა, რომ რთული პროფესიაა, ასევე საკმაოდ მაღალანაზღაურებადია. მათი რიცხვის ზრდა პირდაპირ პროპორციულია ჩვენი ქვეყნის ეკონომიკასთან. ახალი კანონის თანახმად დამსაქმებელი ვალდებულია კანონის მიხედვით დადოს ხელშეკრულება. კანონი არეგულირებს საკრუინგო(დამსაქმებელი კომპანია, რომელიც შუამავალია გემთმფლობელთა და მეზღვაურებს შორის) საქმიანობას. სამწუხაროდ, ჯერ კიდევ არსებობს ის მანკიერი მხარე, რომელსაც ჰქვია მეზღვაურთა დასაქმებაში გარკვეული საფასურის გადახდა.

აღნიშნულ კანონში პირდაპირ არის გაწერილი, რომ ეს არის უკანონო ქმედება. ყველა საკრუინგო კომპანია ვალდებულია, რომ სააგენტოში გაიაროს რეგისტრაცია“, - აცხადებს ალექსი ახვლედიანი. 

bp.ge