ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, მარიამ ქვრივიშვილის შეფასებით,  საქართველოს აღმოსავლეთ-დასავლეთის ენერგეტიკულ დერეფანში სტრატეგიულად მნიშვნელოვანი პოზიცია უკავია და  რეგიონული ენერგეტიკული ტრანზიტის ჯაჭვის სასიცოცხლო ნაწილს წარმოადგენს, რომელიც კასპიის რეგიონს თურქეთთან და ევროპის ბაზრებთან აკავშირებს. სწორედ საქართველოზე გადის არაერთი სტრატეგიული ინფრასტრუქტურა, მათ შორის, აღსანიშნავია სამხრეთ კავკასიის მილსადენისა და ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენის პროექტები“ - ამის შესახებ მარიამ ქვრივიშვილმა საბერძნეთის დედაქალაქში გამართულ ენერგეტიკულ სამიტზე განაცხადა, სადაც საქართველოს ენერგეტიკული სექტორის მნიშვნელოვან მიმართულებებზე ენერგეტიკის მინისტრების პანელზე ისაუბრა.

მინისტრის ინფორმაციით, სამხრეთ კავკასიის გაზის მილსადენის გავლით ტრანზიტის მოცულობები სტაბილურად იზრდება, მაგალითად, 2023 წელს ეს მაჩვენებელი დაახლოებით 21.4 მილიარდ კუბურ მეტრს, 2024 წელს  - 22.8 მილიარდს,  ხოლო  2025 წელს 22.9 მილიარდ კუბურ მეტრს შეადგენდა. მარიამ ქვრივიშვილის განმარტებით,  მათ შორის, დაახლოებით 12 მილიარდი კუბური მეტრი  ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს მიეწოდება. საქართველოს რეგიონულ მნიშვნელობაზე საუბრისას მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენის წლიური ტრანსპორტირების მოცულობა 60 მილიონ ტონამდე გაიზარდა, როცა ბოლო წლებში მისი ფაქტობრივი გამტარუნარიანობა  წელიწადში, საშუალოდ, დაახლოებით 30 მილიონ ტონას შეადგენდა. ეკონომიკის მინისტრმა ასევე ხაზი გაუსვა ბაქო-სუფსის მილსადენის სტრატეგიულ და კომერციულ პოტენციალს, რომლის  ეფექტური წლიური ტრანსპორტირების მოცულობა დაახლოებით 5-5,5 მილიონ ტონას შეადგენს.

„რეგიონული პოზიციების გასამყარებლად საქართველომ წლების წინ დაიწყო ქმედითი ნაბიჯების გადადგმა და დღეს მნიშვნელოვან როლს ასრულებს ენერგეტიკულ დაკავშირებადობაში. ჩვენ პროცესის განუყოფელი ნაწილი ვართ ევროკავშირის ენერგეტიკული სექტორისა და მისი ენერგოდამოუკიდებლობის მხარდაჭერაში. ამჟამად ჩვენი უმთავრესი პრიორიტეტი ეროვნული ენერგეტიკული სექტორის განვითარებაა, სადაც ყველაზე დიდ აქცენტს ინფრასტრუქტურის შექმნაზე, განახლებასა და მშენებლობაზე ვაკეთებთ. ეს გულისხმობს გამართულ ელექტროგადამცემ ქსელებსა და ხაზებს როგორც შიდა მოხმარებისთვის, ისე მეზობელ ქვეყნებთან დასაკავშირებლად“ - აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა.

მარიამ ქვრივიშვილის თქმით,  ჭარბი ენერგიის არსებობის შემთხვევაში, რაც სწორედ მიმდინარე პერიოდისთვის არის დამახასიათებელი, საქართველოში წარმოებული ელექტროენერგიის ექსპორტი  მეზობელ ქვეყნებში ხორციელდება. მინისტრმა ხაზი გაუსვა არსებულ  სიმძლავრეებს, მათ შორის, 700 მგვტ-ს საქართველოდან თურქეთში ელექტროენერგიის ექსპორტისთვის, 100 მგვტ-ს სომხეთისთვის და 700 მგვტ-ს აზერბაიჯანისთვის.

მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ აქტიურად მიმდინარეობს  საქართველოს ელექტროენერგეტიკული სისტემის ევროკავშირის ბაზართან დამაკავშირებელი შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის ფლაგმანური პროექტის განხორციელება, რომელსაც ევროკავშირმა PMI სტატუსი მიანიჭა.

ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს