ევროკავშირის მიერ დაფინანსებული სატრანსპორტო დაკავშირებადობის პროგრამა EPIC (Facility for Eastern Partnership Investment in Connectivity) აღმოსავლეთ პარტნიორობის ოთხ ქვეყანაში — სომხეთში, აზერბაიჯანში, მოლდოვასა და უკრაინაში ხორციელდება, თუმცა საქართველოს პროექტები პროგრამის საჯაროდ გამოქვეყნებულ პორტფელში არ ჩანს. ამის შესახებ სატრანსპორტო დერეფნის კვლევის ცენტრი (TCRC) მიმოხილვაში წერს და სვამს კითხვას, რატომ არ იყენებს საქართველო ამ მექანიზმს, მაშინ როდესაც სატრანსპორტო დაკავშირებადობა ქვეყნის ერთ-ერთ ძირითად პრიორიტეტად არის განსაზღვრული.

„საქართველოსთვის, რომელიც შუა დერეფნის ცენტრალურ რგოლს წარმოადგენს, ამასთან, სატრანსპორტო დაკავშირებადობა ქვეყნის ძირითად პრიორიტეტადაა მიჩნეული, გაურკვეველია, რით არის განპირობებული სახელმწიფოს მხრიდან ასეთი სტრატეგიული პროგრამის უგულებელყოფა?“ — აღნიშნულია TCRC-ის მიმოხილვაში.

ცენტრის განმარტებით, EPIC-ის მიზანი აღმოსავლეთ პარტნიორობის ხუთ ქვეყანაში სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის დაკავშირებადობის პროექტების გამოვლენა, ტექნიკური მომზადება და საერთაშორისო საინვესტიციო დაფინანსების მისაღებად მათი შესაბამის სტანდარტებთან მიყვანაა. ამასთან, როგორც TCRC აღნიშნავს, პროგრამა არ წარმოადგენს ტრადიციულ ინფრასტრუქტურულ საინვესტიციო ფონდს და პირდაპირ არ აფინანსებს გზების, რკინიგზისა თუ ნავსადგურების მშენებლობას. მისი ძირითადი ინსტრუმენტი საგრანტო საკონსულტაციო მომსახურება და ტექნიკური დახმარებაა, რაც მოიცავს წინასწარ კვლევებს, ტექნიკურ-ეკონომიკურ დასაბუთებას, პროექტირებას, გარემოსდაცვით და კლიმატური რისკების შეფასებას, საგზაო უსაფრთხოებას, ეკონომიკურ შეფასებასა და სატენდერო დოკუმენტაციის მომზადებას.

TCRC-ის შეფასებით, პროგრამის გამოყენება საქართველოსთვის შესაძლებელს გახდიდა ისეთი პროექტების ტექნიკურ და საინვესტიციო მომზადებას, როგორებიცაა სარკინიგზო ქსელის გამტარუნარიანობის გაზრდა, ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის საქართველოს მონაკვეთის ეფექტიანობის გაუმჯობესება, ფოთის ნავსადგურის სარკინიგზო და საავტომობილო მისასვლელების განვითარება, ნავსადგურების ინტერმოდალური დაკავშირებადობის გაუმჯობესება და რეგიონული ლოგისტიკური ცენტრების განვითარება. ცენტრის ხედვით, ერთიანი კვლევის ფარგლებში შესაძლებელი იქნებოდა ფოთის, ბათუმისა და ანაკლიის ნავსადგურების, საქართველოს რკინიგზის, აღმოსავლეთ-დასავლეთის საავტომობილო დერეფნისა და რეგიონული ლოგისტიკური ცენტრების საინვესტიციო საჭიროებების შეფასებაც.

„მნიშვნელოვანი საკითხი კვლავ პასუხგაუცემელი რჩება — რატომ არ ჩანს საქართველოს კონკრეტული სატრანსპორტო პროექტები EPIC-ის საჯაროდ გამოქვეყნებულ პორტფელში, მაშინ როდესაც სხვა მონაწილე ქვეყნებს უკვე აქვთ წარმოდგენილი პროექტები და რიგ შემთხვევებში გამოყენებული ევროკავშირის დაკავშირებადობის მექანიზმები?“ — კითხულობს TCRC.

ორგანიზაცია საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსგან განმარტებებს ითხოვს, მათ შორის, წარადგინა თუ არა საქართველომ EPIC-ის ფარგლებში პროექტები 2022-2026 წლებში, რომელი პროექტები გაიგზავნა, რომელმა გაიარა წინასწარი შერჩევა, იყო თუ არა უარყოფილი განაცხადები და ვინ არის პროგრამის პასუხისმგებელი საკოორდინაციო უწყება საქართველოში.