მოთხოვნის ზრდის შედეგად, 2022 წელს სამშენებლო მასალების ბაზარი, რომელიც მოიცავს არმატურის და ფოლადის სხვა მასალების, ცემენტის, ბეტონის, ინერტული მასალის და საკედლე ბლოკის წარმოებას და იმპორტს ექსპორტის გამოკლებით, აშშ დოლარში 30%-ით, ხოლო ლარში 18%-ით გაიზარდა 2021 წელთან შედარებით, ამის შესახებ TBC კაპიტალის სამშენებლო სექტორის კვლევაშია საუბარი.

სამშენებლო მასალების ფასების ზრდა, რომელიც პანდემიის დაწყების შემდეგ დაწესებული ლოქდაუნების, წარმოების პროცესის შეფერხების და მიწოდების ჯაჭვების ნგრევის გამო დაიწყო, 2021 წელსაც გაგრძელდა.

2022 წლის გაზაფხულში რუსეთ-უკრაინის ომის ფონზე ფასები კიდევ უფრო მეტად გაიზარდა. უკრაინაში საწარმოო ინფრასტრუქტურის ნაწილობრივ განადგურებამ და საომარი ვითარების გამო საწარმოო პროცესის გაჩერებამ და შემდეგ რუსეთზე დაწესებულმა ეკონომიკურმა სანქციებმა მსოფლიო ბაზარზე გამოიწვიეს სასურსათო პროდუქციის, ძირითადი ლითონების და ენერგომატარებლების ფასების მკვეთრი ზრდა.

საქართველოში სამშენებლო მასალების ფასები (ლარში) 2021 წელს 23%-ით, ხოლო 2022 წელს კი დამატებით 14%-ით გაიზარდა (აშშ დოლარში ზრდა შესაბამისად იყო 19% და 26%). თუმცა, 2022 წლის მეორე ნახევრიდან ჩინეთში ეკონომიკის ზრდის შენელების, ევროკავშირში და აშშ-ში ეკონომიკური რეცესიის მოლოდინის და გაზრდილი საპროცენტო განაკვეთების ფონზე სასაქონლო ფასებმა მსოფლიო ბაზრებზე შემცირება დაიწყო.

2023 წლის თებერვლის მდგომარეობით ფასები მხოლოდ მცირედით აღემატება ომამდელ მაჩვენებლებს. მსგავსი ვითარება შეინიშნება საქართველოშიც, სადაც სამშენებლო მასალების ფასებმა (ლარში) 2022 წლის მეორე ნახევრიდან კლება დაიწყო და 2023 წლის თებერვალში წინა წლის დონეს მიაღწიეს. თუმცა, აშშ დოლარში ფასები კვლავ მაღალ დონეზე ნარჩუნდება და თებერვლის მდგომარეობით 14%-ით არის გაზრდილი წლიურად.