2024 წელს სამინისტროებსა და სსიპ-ებში დასაქმებული 113 978 ადამიანის სახელფასო ფონდი 2.5 მილიარდ ლარს გადააჭარბებს, რაც 2023 წელთან შედარებით 282 მილიონი ლარით მეტია.
საქსტატის ინფორმაციით, მთლიანობაში საქართველოს სახელმწიფო სექტორში სულ 300 ათასამდე ადამიანი არის დასაქმებული, შესაბამისად, 113 978 ადამიანი საჯარო სექტორის სრული ზომა არაა, რადგანაც ამაში არ შედის არც მუნიციპალიტეტებში დასაქმებულთა რაოდენობა, არც საჯარო სკოლებში დასაქმებული პირები და არც შტატგარეშე მოხელეები.
მთლიანობაში როგორც შტატგარეშეების, ასევე სკოლის პედაგოგების და სხვა ადმინისტრაციული პერსონალის ხელფასები მომდევნო წელს 3.5-3.8 მილიარდ ლარს მიაღწევს.
პარალელურად, გრძელდება მთავრობის ინიციატივა, რაც ყოველწლიურად საჯარო მოხელეთა ხელფასების 10%-იან ზრდას ითვალისწინებს.
ფინანსთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული დოკუმენტის მიხედვით, საჯარო სექტორში დასაქმებულის საშუალო თვიური ანაზღაურება 1840 ლარი იქნება, რაც საშემოსავლო გადასახადის გამოკლებით თვეში 1,472 ლარს გულისხმობს.