ჩინეთიდან ევროპის მიმართულებით საკონტეინერო გადაზიდვების ღირებულება გაიზარდა.

როგორც „ბიზნესპარტნიორს“ Kairos Logistics-ის გენერალურმა დირექტორმა მიხეილ ნამადოვმა განუცხადა, დღეისათვის, 40-ფუთიანი კონტეინერის ზღვით გადატანის ტარიფი 9000 დოლარამდეა ასული.

„ფასების მატება ახლო აღმოსავლეთში არსებულმა არასტაბილურმა ვითარებამ განაპირობა. იცით, რომ ენერგომატარებლების ღირებულება მნიშვნელოვნად გაზარდა. საწვავზე ფასის მატება კი მყისიერად აისახა ყველა ტიპის გადაზიდვაზე. გარდა ამისა, არის კონტეინერების დეფიციტი გემებზე, თვითონ გემები გაჭედილია გზაში - ეს ყველაფერი ქმნის კოლაფსს“, - აღნიშნა მიხეილ ნამადოვმა.

მისივე ინფორმაციით, საზღვაო საკონტეინერო გადაზიდვების ღირებულება ჩინეთის პორტებიდან თბილისამდე, დღეისათვის, 40-ფუთიან კონტეინერზე 8000-დან 9000 დოლარის ფარგლებში მერყეობს.

როგორც მიხეილ ნამადოვი ამბობს, საკონტეინერო გადაზიდვების გაძვირებამ თავიდან გარკვეული ქაოსი შექმნა ბაზარზე, თუმცა ახლა სიტუაცია დასტაბილურებულია და მეტიც, გაზრდილია ტვირთბრუნვა როგორც საზღვაო, ისე სარკინიგზო და სახმელეთო მიმართულებით.

„საკმაოდ დატვირთული და ცხელი ზაფხული გვაქვს. ველოდებით, რომ შემოდგომა კიდევ უფრო წარმატებული იქნება ტვირთების გადამუშავების კუთხით“, - განმარტა Kairos Logistics-ის გენერალურმა დირექტორმა.

ცნობისთვის, საქსტატის ბოლო მონაცემებით, რომელიც 2026 წლის პირველ კვარტალს მოიცავს, საქართველოს ნავსადგურებმა და ტერმინალებმა 4.3 მილიონი ტონა ტვირთი გადაამუშავა, რაც თითქმის 20 პროცენტით მეტია წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე.

წყარო: "ბიზნესპარტნიორი"