როგორც წესი, ეს ერთი მოვლენის შედეგი არ არის, არის კასკადი გარკვეული მოვლენებისა - ამის შესახებ ენერგეტიკოსი მურმან მარგველაშვილი ელექტროენერგიის გათიშვის ფაქტის შეფასებისას აცხადებს.
როგორც ენერგეტიკოსმა BMG‑ის განუცხადა, სავარაუდოა, რომ 24 ივლისს საქართველოს მასშტაბით ელექტროენერგიის მიწოდების ავარიულად გათიშვა ერთმანეთთან დაკავშირებულმა რამდენიმე ფაქტმა გამოიწვია.
მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფო ელექტროსისტემამ კვალიფიციური დასკვნა დადოს, თუ რამ გამოიწვია მთელი ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგიის მიწოდების გათიშვა, რის საფუძველზეც შემდეგ სხვადასხვა სახელმწიფო სტრუქტურებმა შესაბამისი პოლიტიკა უნდა გაატარონ.
“ელექტროენერგეტიკული სისტემა არის ბევრი რთული, ტექნოლოგიური კომპონენტის ურთიერთდაკავშირებული სისტემა, რომელიც არ არის დაზღვეული ავარიებისგან, არც ჩვენთან, არც განვითარებულ ქვეყნებში და არც არსად. შეიძლება გავიხსენოთ რამდენიმე წლის წინ იყო ავარია, რომელმაც პორტუგალია, ესპანეთი და საფრანგეთის ნაწილი ჩააქრო მთლიანად. ამიტომ აქ პოლიტიზება და ზედაპირული მიდგომა ან საექსპერტო შეფასებები არ არის მთლად გამართლებული.
ელექტროენერგეტიკულ სისტემაში არის უამრავი ტექნიკური კომპონენტი, რომლებიც ერთმანეთთან დაკავშირებულია. ჩართულია ასევე დაცვები. საერთოდ ასეთი მოვლენა არის გამონაკლისი, რომელიც სისტემაში არ უნდა ხდებოდეს, იმიტომ რომ არის ბევრნაირი დაცვის მექანიზმები, ავტომატიკა, გამორთვა, რამაც უნდა დაასტაბილუროს სისტემა.
როგორც წესი, ეს ერთი მოვლენის შედეგი არ არის, არის ხოლმე კასკადი გარკვეული მოვლენებისა, როდესაც ერთი მოვლენა შემდეგ მეორე ადგილას აჩენს რაღაც სისუსტეს და ა.შ. სანამ მივა მთლიანად სისტემის ჩაქრობამდე. კონკრეტულად, ეს მექანიზმები როგორ განვითარდა, ამის თქმა ინფორმაციის გარეშე შეუძლებელია და ამიტომ უნდა დაველოდოთ საბოლოო საინჟინრო-ტექნიკურ კვალიფიციურ დასკვნას.
როგორ უნდა მივუდგეთ ასეთ მოვლენებს?! ალბათ, უნდა მივუდგეთ ისე, რომ ჯერ ერთი, დაველოდოთ დასკვნას, რომელიც უნდა დადოს თვითონ ქსელის ოპერატორმა – სახელმწიფო ელექტროსისტემამ. შემდეგ უნდა მოხდეს ამ მოვლენის მთლიანი შეფასება – როგორ ხდებოდა, რამ გამოიწვია, რა იყო პირველი მიზეზი, მეორე, რამ იმუშავა და ა.შ.
შემდეგ ასევე კვალიფიციური დასკვნა უნდა დადოს და გაითვალისწინოს სემეკმა და [ეკონომიკის] სამინისტრომ, რომელიც უკვე პოლიტიკას განსაზღვრავს ამ მიმართულებით. ჩვენც ის დაგვრჩენია, რომ დაველოდოთ ამას და ვიყოთ იმაში დარწმუნებული, რომ ეს ყველაფერი გაკეთდება პროფესიულად. სწორედ აქ არის საზოგადოებრივი კონტროლის ნაწილი, რომ ჩვენ გვჯეროდეს და ვიცოდეთ, რომ ყველაფერი პროფესიულად კეთდება და არა პოლიტიკური ნიშნით ან სხვა რამე ნიშნით”, - განაცხადა მურმან მარგველაშვილმა.
ცნობისთვის, 24 ივლისს, დაახლოებით 00:10 საათზე, ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგიის მიწოდება ავარიულად გაითიშა. საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის ინფორმაციით, აღდგენითი სამუშაოები მალევე დაიწყო და დაახლოებით ერთ საათში ელექტროენერგია მცხეთა-მთიანეთის რეგიონის ნაწილს და თბილისის დიდ ნაწილს მიეწოდებოდა. ამ დრომდე უცნობია ქვეყანაში ელექტროენერგიის ავარიული გათიშვის ზუსტი მიზეზი. ამ დროისთვის საქართველოს მასშტაბით ელექტროენერგიის მიწოდება სრულად აღდგენილია.