საქართველოს ენერგოუსაფრთხოების გასაძლიერებლად აუცილებელია ენერგეტიკაში საინვესტიციო ეკოსისტემის შექმნა, ენერგეტიკულიბაზრის ლიბერალიზაცია და შესაბამისი ინფრასტრუქტურის განვითარება - ამის შესახებ გადაცემა „კომერსანტის თემის“ ეთერში GREDA-ს კვლევებისა და განვითარების მენეჯერი გარიკ თეიმურაზიანი საუბრობს.
მისი თქმით, საინვესტიციო ეკოსისტემა ქვეყანაში ნაწილობრივ უკვე არსებობს, თუმცა ინვესტორების მოსაზიდად გადამწყვეტი მნიშვნელობა ღია ბაზარსა და საბაზრო ფასს აქვს.
„ენერგოუსაფრთხოების გასაძლიერებლად საქართველოს რამდენიმე მიმართულებით აქტიური მუშაობა სჭირდება. პირველ რიგში, მნიშვნელოვანია, რომ ენერგეტიკის დარგში შესაბამისი საინვესტიციო ეკოსისტემა შევქმნათ. ის ნაწილობრივ უკვე არსებობს CfD აუქციონების სახით. მეორე მნიშვნელოვანი კომპონენტი ენერგეტიკული ბაზრის ლიბერალიზაციაა. გვინდა თუ არა, ბაზარი ლიბერალიზებული უნდა იყოს. ღია ბაზრის გარეშე ინვესტორი ორჭოფობს, შემოვიდეს თუ არა ბაზარზე, რადგან მას საბაზრო ფასი სჭირდება, რომელიც ე.წ. „უხილავი ხელის“ მეშვეობით დგინდება“, - აცხადებსთეიმურაზიანი.
ენერგოუსაფრთხოების კიდევ ერთ კომპონენტად ის ინფრასტრუქტურის განვითარებას ასახელებს. თეიმურაზიანის შეფასებით, ქვეყანა ამ მიმართულებით შესაბამის ნაბიჯებს უკვე დგამს, თუმცა სამომავლოდ გასაკეთებელი კიდევ ბევრია.
„ენერგოუსაფრთხოების ერთ-ერთი კომპონენტი ტექნიკური უსაფრთხოებაცაა, ვინაიდან ელექტროენერგია და ბუნებრივი აირი სწორედ შესაბამისი ინფრასტრუქტურის მეშვეობით მიეწოდება მომხმარებელს. საქართველოში ამ ინფრასტრუქტურის განვითარების 10-წლიანი გეგმაუკვე არსებობს. ამ გეგმის ფარგლებში ინფრასტრუქტურის მდგრადობაში ინვესტიციებს უკვედებენ, მათ შორის, „ენერგო-პრო ჯორჯია“, „თელასი“ და „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“. ვფიქრობ, ენერგოუსაფრთხოების ამ კომპონენტს ნელ-ნელა უკვე ვაძლიერებთ“, - აღნიშნავს გარიკ თეიმურაზიანი.