საქართველოში, საწვავი აგვისტოშიც გაძვირდა. გასამართი სადგურების ქსელებში სხვადასხვა ტიპის საწვავის ღირებულება 3-10 თეთრით გაიზარდა. ყველაზე მაღალი, 10-თეთრიანი გაძვირება Portal-ის გასამართ სადგურებში Super-ის ტიპის საწვავზეა(20 თეთრი); ასევე Premium Avangard-ის საწვავზე “ლუკოილის“ ბენზინგასამართ სადგურზე და ნანო ევრო რეგულარზე Socar-ის გასამართ სადგურებზე. ყველაზე მოთხოვნად საწვავზე, ბელორუსიიდან იმპორტირებულ რეგულარის ტიპის საწვავზე ფასები ყველა ბენზინგასამართ სადგურში 8-10 თეთრით გაიზარდა.
,,ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის" თავმჯდომარის, ვახტანგ იობაშვილის განცხადებით, ადგილობრივ ბაზარზე საწვავის ფასების ზრდა რუსეთიდან ბენზინის ექსპორტის აკრძალვას უკავშირდება, რამაც მართალია საქართველოს ნავთობბაზარზე გავლენა იქონია, თუმცა მნიშვნელოვან პრობლემებს, ბენზინის დეფიციტს ან მასშტაბურ ფასნამატს ვერ შექმნის.
„ეს იმის გავლენაა, რომ ჩვენ ბაზარზე არსებული საწვავის უდიდეს ნაწილს რუსეთიდან ვიღებდით. მოგეხსენებათ, რომ რუსეთმა ნავთობის მოწოდება, განსაკუთრებით ბენზინის, საქართველოში შეწყვიტა. რუსეთში ნავთობმწარმოებელი სამი უზარმაზარი ქარხანა რემონტის პროცესშია, ასევე უკრაინის საჰაერო იერიშების შედეგად რამდენიმე საწარმო აფეთქდა.
აღნიშნული ნავთობის წილი რუსულ ბაზარს მოაკლდა; ამიტომაც ევრაზიულ ქვეყნებს ბენზინის მიწოდება დროებით შეუზღუდეს.
რუსეთიდან ეს ქცევა ახალი არ არის, აქამდეც ბევრჯერ მომხდარა და დასასტურებით შემიძლია გითხრათ, რომ მათი მხრიდან ნავთობპროდუქტების იმპორტზე დაწესებული შეზღუდვები ჩვენს ბაზარს ვერ დააზარალებს, მცირე რყევები კი ამ სექტორს მუდმივად ახასიათებს.
ჩვენ ბელორუსიიდან ბენზინს ჩვეულებრივად ვიღებთ, რომელსაც რეგულარი ჰქვია და ყველაზე მაღალი მოხმარება ახასიათებს ქართულ ბაზარზე.
ასევე ჩვენ გვყავს მომწოდებელი ქვეყნები ბულგარეთი, რუმინეთი, საბერძნეთი და აზერბაიჯანი, საიდანაც დიზელს ვყიდულობთ.
თუ დაგვჭირდა, შეგვიძლია ჩვენი მეზობელი ქვეყნებიდან ნებისმიერი ტიპის საწვავი მივიღოთ- ჩვენ ბაზარზე დეფიციტი არ შეიქმნება“,- აღნიშნა იობაშვილმა.