რუსეთის მიერ ქართული პროდუქციის იმპორტზე დაწესებულმა ემბარგო, რომელმაც მიმდინარე ეტაპზე მხოლოდ შვიდი კომპანიის პროდუქცია მოიცვა, ამასთან, გამორიცხული არაა, რომ მათი რიცხვი გაიზარდოს, ფინანსური თვალსაზრისით, პირველ რიგში, ნეგატიურად ქართველ საავტომობილო გადამზიდავებზე აისახება, რაც რუსეთის მიმართულებით ტვირთნაკადის შემცირებას, კონკურენციის გამძაფრებიდან გამომდინარე, გადაზიდვების ტარიფების ვარდნას და უკუმიმართულებით – რევერსული დატვირთვის გაუარესებას გამოიწვევს – ამის შესახებ ანალიტიკურ მასალას „სატრანსპორტო დერეფნის კვლევის ცენტრი“ ავრცელებს.

ბუნებრივია, განგრძობადი ემბარგოს პირობებში ქართველ საავტომობილო გადამზიდავებს მოუწევთ ახალი ბაზრების ათვისება, სწორედ აქ იმის კითხვა, საერთაშორისო გადაზიდვების განხორციელებისას რა სახის წინაღობებმა შესაძლოა იჩინოს თავი, თუნდაც ევროპულ ბაზარზე შესვლასას? რამდენად მზად არის ქართველი გადამზიდავი მყისიერად გადაერთოს ახალ ბაზარზე?

როდესაც საქართველოსთვის რუსეთის ბაზარზეა საუბარი, გასათვალისწინებელია, რომ საქართველო მჭიდროდაა დაკავშირებული რუსეთთან. კერძოდ, რუსეთის ბაზარზე ქართული სასმელების ექსპორტის 2026 წლის პირველი რვა თვის მონაცემები აჩვენებს, რომ ღვინის ექსპორტმა რუსეთის ბაზარზე 102.2 მლნ დოლარი შეადგინა. ამავე პერიოდში რუსეთში გავიდა 79.6 მლნ დოლარის ღირებულების სხვადასხვა სახის ალკოჰოლური სასმელები და 55.8 მლნ დოლარის მინერალური წყლები. მხოლოდ ამ სამი პროდუქციის საქართველოს ექსპორტის ნაერთმა ჯამმა 237.6 მლნ დოლარი შეადგინა.

თუ გავითვალისწინებთ, რომ 2026 წლის იანვარ – აგვისტოში საქართველოდან ადგილობრივი პროდუქციის ექსპორტი (რეექსპორტის გარეშე) 3 287 მლნ აშშ დოლარს შეადგენდა, მაშინ მხოლოდ ამ სამი კომპონენტის წილი მთლიან ექსპორტში 7.2% ია.

რუსეთის ბაზარზე დამოკიდებულების გაზრდა პროპორციულად აისახა სატვირთო გადაზიდვების მოცულობაზე. სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს მონაცემებით, 2026 წლის იანვარ – სექტემბრის პერიოდში, ბოლო ათწლეულის განმავლობაში, საერთაშორისო გადაზიდვების რეჟიმში ყველაზე მაღალი მაჩვენებელი – 11.8 მლნ ტონა იქნა დაფიქსირებული.

რუსეთში რეალიზებული პროდუქციის ღირებულება და საავტომობილო ტვირთზიდვის მოცულობა დამოკიდებული იქნება ემბარგოს გავრცელების მასშტაბზე, კერძოდ, შეზღუდვები მხოლოდ კონკრეტულ მწარმოებლებსა და პროდუქციას შეეხება თუ დროთა განმავლობაში რუსეთში იმპორტირებულ სხვა საექსპორტო საქონელზეც გავრცელდება.

პირველ რიგში, გასათვალისწინებელია უკუმიმართულებით დატვირთვის პრობლემა – თუ საქართველოდან რუსეთში ღვინისა და მინერალური წყლების სახით შემცირებული მოცულობის ტვირთი გავა, გადამზიდავებს მოუწევთ რუსეთიდან საქართველოში ან მესამე ქვეყნებში დასაბრუნებელი ტვირთის მოძიება. რევერსული ტვირთის გარეშე ცარიელი დაბრუნება ზრდის ერთი სრული სატრანსპორტო ციკლის საშუალო თვითღირებულებას.

საავტომობილო გადაზიდვების სპეციფიკიდან გამომდინარე, სადღეისოდ კახეთიდან, პირობითად, მოსკოვში ერთი ტრაილერით ღვინის ტრანსპორტირების ღირებულება მერყეობს 1900 – 2100 დოლარის ფარგლებში, როცა უკანა მიმართულებით, კერძოდ, რუსეთიდან საქართველოში გადაზიდვის ღირებულება ბევრად აღემატება და 3000 – 3200 დოლარის ფარგლებშია.

მძღოლების განმარტებით, სწორედ რუსეთიდან რევერსული ტვირთების გადაზიდვის ხარჯზე ხდება საქართველოდან პრაქტიკულად წამგებიანი რეისის ფინანსურად კომპენსირება. ამიტომ მათთვის უკუმიმართულებით დატვირთვას გადამწყვეტი მნიშვნელობა გააჩნია.

შეკვეთების შემცირების პირობებში გადამზიდავებს გაუჭირდებათ საწვავის, მძღოლების ანაზღაურების, დაზღვევის, ლიზინგისა და ტექნიკური მომსახურების ხარჯების დაფარვა, ყოველივე ამას დაემატება ბაზარზე წარმოქმნილი კონკურენციის ზრდა, რაც გადაზიდვების ტარიფების შემცირებას გამოიწვევს.

შეზღუდვების, ე.წ. ემბარგოს, გაფართოების პირობებში გაძლიერდება სასაზღვრო შემოწმებები, რაც ტვირთის დაყოვნების ხანგრძლივობის ზრდას, საწყობში დროებით განთავსების, დოკუმენტაციის ხელახლა გაფორმებისა და შეკვეთების გაუქმების ალბათობას გამოიწვევს.

რუსეთის მიერ ქართული პროდუქციის იმპორტზე დაწესებული ემბარგო გადამზიდავებისთვის მხოლოდ საექსპორტო შეკვეთების დაკარგვის საკითხი არ იქნება. მათი მთავარი რისკი სატვირთო ავტოტრანსპორტის დატვირთვის, რეისების ეკონომიკური ეფექტიანობისა და რეგულარული სატრანსპორტო კონტრაქტების გაუარესებაა.

ამიტომ საქართველოს საავტომობილო ტრანსპორტის სექტორისთვის მნიშვნელოვანია არა მხოლოდ მიმდინარე შეზღუდვებზე რეაგირება, არამედ რუსეთის ბაზარზე დამოკიდებულების გაზომვა და ალტერნატიული სატვირთო ნაკადებისა და მიმართულებების მოძიება.

ბუნებრივია, ისმის კითხვა – რა წინაღობები იარსებებს ქართველი საავტომობილო გადამზიდავებისათვის ევროპულ ან ალტერნატიულ ბაზარზე შესვლასა და საერთაშორისო გადაზიდვების განხორციელებაში?

ერთგვარ მოცემულობად უნდა მივიღოთ, რომ სადღეისოდ ქართული გადამზიდავების 65% ე.წ. ერთმანქანიანი გადამზიდავია, გადამზიდავის 32% მაქსიმუმ ხუთ მანქანას ფლობს და მხოლოდ 3% არის ხუთ მანქანაზე მეტი პარკის მფლობელი კომპანია.

ძირითადად, ქართულ გადამზიდავთა 65%-სა და ნაწილობრივ 32%-ს სხვადასხვა ბაზარზე გადაწყობა და გადანაწილება მოუწევთ.

საქართველოს საავტომობილო გადამზიდავისთვის ევროპულ ბაზარზე შესვლის მთავარი პრობლემა მხოლოდ ევროპული რეგულაციების მიხედვით გამართული სატრანსპორტო საშუალებების ნაკლებობა არ არის – საკითხი მოიცავს ევროკავშირის ბაზარზე დაშვების სამართლებრივ პირობებს, საერთაშორისო სანებართვო სისტემას, სატრანსპორტო ხარჯების წინასწარ აკუმულირებას, რეგულაციების მიმართ გათვითცნობიერებული მძღოლების რესურსსა და უკან დასატვირთი ტვირთის მოძიებას.

ევროპულ სივრცეში ქართველი გადამზიდავისთვის ერთ – ერთი ძირითადი ბარიერი საერთაშორისო სანებართვო დოკუმენტების ხელმისაწვდომობაა.

ევროპული მიმართულებით მუშაობისთვის ქართული გადამზიდველი კომპანიები ECMT-ის მრავალმხრივ ნებართვებს იყენებენ. ამ ტიპის ნებართვის მიღება ავტომატურად არ ხდება – აუცილებელია რიგი პირობების, პირველ რიგში, ნებართვების კვოტებისა და მათი განაწილების პირობების დაკმაყოფილება, თანამედროვე სატვირთო ავტოსატრანსპორტო საშუალებების შეძენა, ნებართვის მისაღებად მოთხოვნილი დოკუმენტაციისა და ტექნიკური სერტიფიკატების უზრუნველყოფა.

მნიშვნელოვანია, რომ ECMT-ის ნებართვა საერთაშორისო გადაზიდვის განხორციელების შესაძლებლობას იძლევა, მაგრამ არ ანიჭებს ავტომატურად ევროკავშირის შიდა ბაზარზე მუშაობის უფლებას.

არანაკლებ პრობლემას წარმოადგენს მცირე და საშუალო გადამზიდავი კომპანიების მწირი ფინანსური შესაძლებლობები – ევროპულ ბაზარზე შესვლა კი მოითხოვს მნიშვნელოვან საწყის და საოპერაციო კაპიტალს. ECMT-ის ნებართვის მიღების წესში სწორედ ფინანსური რესურსის მოთხოვნაც არის გათვალისწინებული.

ამიტომ პრობლემა მხოლოდ ავტომობილის ყიდვა არ არის – გადამზიდავ კომპანიას უნდა შეეძლოს მისი ექსპლუატაციის დაფინანსება მანამ, სანამ გადაზიდვებიდან მიღებული შემოსავალი ხარჯებს დაფარავს.

ქართველმა გადამზიდავმა კომპანიამ კონკურენცია უნდა გაუწიოს ევროკავშირის ქვეყნების მსხვილ და მცირე კომპანიებს, რომლებსაც უკვე ჰყავთ ადგილობრივი პარტნიორები, დამკვეთებთან ხანგრძლივი კონტრაქტები და დატვირთვის მოძიების ჩამოყალიბებული ქსელი, რაც ნაკლებად გააჩნიათ ქართველ გადამზიდავებს.

ქართველი გადამზიდავის ევროპულ სივრცეში გადართვისას განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მძღოლების კვალიფიკაცია და შრომითი წესები.

ევროპაში მუშაობისთვის მნიშვნელოვანია არა მხოლოდ შესაბამისი კატეგორიის მართვის მოწმობა, არამედ პროფესიული კვალიფიკაცია, მართვისა და დასვენების დროის წესების დაცვა, ტაქოგრაფის სწორად გამოყენება და სატრანსპორტო დოკუმენტაციის ცოდნა.

ევროკავშირის წესები ითვალისწინებს მძღოლების სამუშაო პირობებსა და გარკვეული საერთაშორისო ოპერაციებისას მათი მივლინების მოთხოვნებს. საერთაშორისო გადაზიდვებზე ასევე მოქმედებს AETR-ის შეთანხმება მართვისა და დასვენების დროის შესახებ.

შესაბამისად, კომპანიებს ესაჭიროებათ ისეთი მძღოლები, რომლებსაც შეეძლებად ევროპული წესების დაცვით მუშაობა და უცხოელ დამკვეთებთან კომუნიკაცია.

დასამალი არ არის, რომ რუსეთის ბაზარზე ეს მოთხოვნები ნიველირებულია და მათი გადალახვა კორუფციული გარიგებებითაა შესაძლებელი.

ევროპულ ბაზარზე შეღწევისთვის მნიშვნელოვანია სატვირთო ავტომობილის ტექნიკური გამართულობა, უსაფრთხოების მოთხოვნებთან შესაბამისობა და გამონაბოლქვის სტანდარტი.

პრობლემა განსაკუთრებით მწვავდება მაშინ, როდესაც კომპანიას ჰყავს ძველი ავტოპარკი და მისი განახლებისთვის საკმარისი ფინანსური რესურსი არ გააჩნია.

საქართველოში კომპანიათა უმეტესობა ე.წ. მენეჯერის გარეშე და მოძველებული, ე.წ. მეორადი სატრანსპორტო საშუალებებით ოპერირებს.

ამ შეზღუდვებისა და სირთულეების მხოლოდ ნაწილის გამოც ქართულ კომპანიებს ნაკლები შესაძლებლობა გააჩნიათ, დაუბრკოლებლად გადაერთონ რუსეთის ბაზრიდან ევროპულ ბაზრებზე.

ბუნებრივია, ისმის კითხვა – რა უნდა გააკეთოს ქვეყანამ, რომ უმტკივნეულოდ მოხდეს ქართველი გადამზიდავების ევროპულ სივრცეში შეღწევის გამარტივება?

პრობლემის გადაჭრა მხოლოდ დამატებითი ნებართვების გაცემით არ შემოიფარგლება. საჭიროა რამდენიმე კონკრეტული მიმართულებით სახელმწიფოებრივი მიდგომა.

ქართული ავტოპარკის განახლების ხელშეწყობა – საჭირო იქნება ისეთი ფინანსური მექანიზმების განხილვა, რომლებიც განსაკუთრებით მცირე და საშუალო ბიზნესს დაეხმარება თანამედროვე სატვირთო ავტომობილების შეძენასა და ლიზინგში.

ადგილობრივი მძღოლებისა და სატრანსპორტო მენეჯერების პროფესიული მომზადება – საჭირო იქნება საერთაშორისო გადაზიდვების წესების, ტაქოგრაფის, საბაჟო დოკუმენტაციის, პროფესიული კვალიფიკაციისა და ევროპულ დამკვეთებთან მუშაობის ცოდნის გაძლიერება.

დარგის რეალური მდგომარეობის შესწავლა – აუცილებელი იქნება მონაცემების შეგროვება მოქმედი კომპანიების რაოდენობის, ავტოპარკის ასაკის, ევროპულ მიმართულებებზე გაცემული ნებართვების, შესრულებული რეისების, ცარიელი გარბენისა და გადაზიდვის თვითღირებულების შესახებ. ასეთი მიდგომა გააადვილებს იმის დადგენას, თუ რომელია მთავარი დაბრკოლება – ნებართვები, ფინანსები თუ ბაზარზე წვდომა.

დასკვნის სახით – პრაქტიკული თვალსაზრისით, პირველ რიგში უნდა დადგინდეს, კონკრეტულად რა უშლის ხელს ქართულ საავტომობილო გადამზიდავ კომპანიებს ევროპაში რეისის განხორციელებაში – ნებართვის მიღება, ავტოპარკის შეუსაბამობა, ფინანსური რესურსის არქონა თუ მძღოლის ცნობიერება. მხოლოდ ამის შემდეგ იქნება შესაძლებელი მიზნობრივი ღონისძიებების შემუშავება და მათი ეფექტიანობის შეფასება.