„რუსეთიდან ექსპორტის აკრძალვის გამო საქართველოში საწვავის დეფიციტი არ შეიქმნება, გადავერთვებით ევროპული ქვეყნებიდან იმპორტზე“, - ამის შესახებ ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის თავმჯდომარემ ვახტანგ იობაშვილმა „კომერსანტთან“ განაცხადა. 

მისი თქმით, საქართველოს უკვე აქვს მსგავსი გამოცდილება და ქვეყანას საწვავის იმპორტი ბევრი ევროპული ქვეყნიდან შეუძლია. 

„რუსეთიდან საწვავის ექსპორტზე დაწესებულია აკრძალვა საქართველოზეც იგივე გავლენას მოახდენს, რაც ყველა სხვა ქვეყანაზე. გახსოვთ, რომ გასულ წელსაც გააკეთა მიშუსტინმა ანალოგიური და თან პოლიტიკური განცხადებაც მოაყოლა, რომ თუ ვინმეს სურს იაფი რუსული საწვავი, ევრაზიულ კავშირში უნდა გაწევრიანდეს. 

ამიტომ ჩვენ ამის გამოცდილება გვაქვს და მას შემდეგ, რაც გასულ წელს რუსეთმა ასეთი აკრძალვა დააწესა, ძალიან სწრაფად დავიწყეთ საწვავის ევროპული ქვეყნებიდან შემოტანა. არ შექმნილა დეფიციტი და არც არასდროს შეიქმნება. ამიტომ ჩვენს ბაზარს საფრთხე არ ემუქრება. 

ფასები შეიძლება ცოტათი, უმნიშვნელოდ შეიცვალოს, თუმცა ამაზე ზუსტად ვერ ვისაუბრებთ, რადგან არ ვიცით, რა იქნება შესასყიდი ფასები. მთავარია ის, რომ რუსეთის აკრძალვა ქვეყანაში საწვავის დეფიციტს ვერ შექმნის“, - აღნიშნა ვახტანგ იობაშვილმა. 

როგორც მან განმარტა, საქართველოს საწვავის იმპორტი შეუძლია რუმინეთიდან, ბულგარეთიდან, საბერძნეთიდან, ბელარუსიდან, თურქმენეთიდან და აზერბაიჯანიდან.

რუსეთის მთავრობა გეგმავს, რომ ბენზინის ექსპორტი 6 თვით აკრძალოს. აკრძალვა ძალაში მიმდინარე წლის პირველი მარტიდან შევა.