რუსეთის მთავრობა გეგმავს, რომ ბენზინის ექსპორტი 6 თვით აკრძალოს. აკრძალვა ძალაში მიმდინარე წლის პირველი მარტიდან შევა. ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო TASS-ს რუსეთის ვიცე-პრემიერ ალექსანდრე ნოვაკის წარმომადგენელმა განუცხადა.

რუსული მედია წერს, რომ ასევე მიღებულ იქნა გადაწყვეტილება ბირჟაზე დიზელის რეალიზაციის სტანდარტის 16%-მდე გაზრდაზე. ექსპორტის დროებითი აკრძალვა არ შეეხება ევრაზიის ეკონომიკური კავშირის ქვეყნებს, ასევე ე.წ. სამხრეთ ოსეთს, ე.წ. აფხაზეთს, მონღოლეთსა და უზბეკეთს.

ვიცე-პრემიერ ნოვაკის წარმომადგენელმა რუსულ მედიასთან დაადასტურა, რომ ეს გადაწყვეტილება მიღებულია.

საქსტატის მონაცემებით, 2023 წლის 12 თვის განმავლობაში ბენზინის საწვავის იმპორტმა შეადგინა 614,3 ათასი ტონა, ხოლო დიზელის საწვავის იმპორტმა - 594,6 ათასი ტონა.

2023 წელს საქართველოში ბენზინისა და დიზელის საწვავის იმპორტის ყველაზე დიდი მოცულობა განხორციელდა რუსეთიდან - 736,1 ათასი ტონა, რაც მთელი იმპორტის 60,9%-ს შეადგენს. შემდეგ მოდიან: რუმინეთი - 180,6 ათასი ტონა - 14,9%; ბულგარეთი - 107,2 ათასი ტონა - 8,9%;  აზერბაიჯანი - 84,2 ათასი ტონა - 7%; თურქმენეთი - 29,3 ათასი ტონა - 2,4%; ბელარუსი - 24,9 ათასი ტონა - 2,%; საბერძნეთი - 23,5 ათასი ტონა - 1,9%; თურქეთი - 17 ათასი ტონა - 1,4%; არაბთა გაერთიანებული საამიროები – 2,2 ათასი ტონა - 0,2%; ვირჯინიის კ-ბი - 2,2 ათასი ტონა - 0,2%; შვეიცარია - 1,3 ათასი ტონა - 0,1% და სხვ.