„რამდენად სანდო არის ინფლაციის ის მონაცემები, რომელსაც სტატისტიკის ეროვნული სამსახური აქვეყნებს და რამდენად შეუძლია მთავრობას, ეროვნულ ბანკს და მომხმარებელს საქსტატის ინფორმაციაზე დაყრდნობა?“ - ეს კითხვა 2007-2024 წლებში საქართველოს ეროვნული ბანკის საერთაშორისო სავალუტო რეზერვების პორტფელის მენეჯერმა, ეკონომიკის პროფესორმა არჩილ იაკობაშვილმა BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ დასვა, სადაც ინტერვიუს მთავარი თემა სურსათის ფასებთან დაკავშირებით მთავრობის მიერ დაწყებული ანტიინფლაციური კამპანია იყო.
არჩილ იაკობაშვილის არგუმენტები ეხება არა მხოლოდ რიცხვების სიზუსტეს, არამედ იმ ინფლაციის დათვლის მოდელს, რომელიც მისი აზრით, მოძველებულია და მანიპულაციის სივრცეს ტოვებს.
„ჩემი აზრით, პრობლემა არის სამომხმარებლო ფასების ინდექსის მოდელში, რომელიც არის 2005 წელს შემუშავებული, რომელიც არის სტატიკური და უნდა იყოს დინამიკური მოდელი. ამდენად, არსებული მოდელი ორგვარ პრობლემას ქმნის:
- ფასების აღრიცხვა - სტატისტიკის სამსახურს სამომხმარებლო ფასების ინდექსი აგებული აქვს ფასების იმ მონაცემებზე, რომელიც პოტენციურად შეიძლება გადაიხადოს მომხმარებელმა. კერძოდ, სტატისტიკის აგენტები აღრიცხავენ დახლზე არსებულ პოტენციურ ფასებს და არა იმას, რეალურად რა ფასი გადაიხადა მომხმარებელმა, როგორც ეს ევროპასა და აშშ-ში ხდება ციფრული ჩეკების მონაცემებზე დაყრდნობით. ევროპასა და აშშ-ში გადასულები არიან Scan Data მეთოდზე, სადაც სტატისტიკა ეყრდნობა რეალურად გაყიდული საქონლის ქვითრებს ანუ რაც იმ თვეში გადაიხადა მომხმარებელმა.
- სამომხმარებლო კალათაში წონის ცდომილება - 2025 წლის ინფლაცია ითვლება 2024 წლის მოხმარების კალათის მიხედვით, რაც არ ითვალისწინებს მომხმარებლის ქცევის დინამიკურ ცვლილებას ფასების ზრდის პარალელურად... მომხმარებლები ყოველთვიურად იღებენ ახალ პროდუქტებს, ისედაც შემოდის ახალი პროდუქტები ბაზარზე, ჩნდება ახალი მოთხოვნები ანუ სამომხმარებლო კალათა იცვლება, მაგრამ სამომხმარებლო ფასების ინდექსის მოდელი, რომელსაც სტატისტიკის სამსახური იყენებს, ამ ინფორმაციას არ შეიცავს. ამ მოდელიდან კი, გამომდინარეობს ინფლაციის მონაცემი, რაც მანიპულაციის სივრცეს ტოვებს. ვფიქრობ, სამომხმარებლო კალათა თვიდან თვემდე უნდა იცვლებოდეს“, - აცხადებს არჩილ იაკობაშვილი და იქვე დასძენს, რომ ქვეყანაში ქსელური მარკეტების განვითარება სამომხმარებლო კალათის შესახებ მონაცემების ოპერატიულად შეგროვების საშუალებას უკვე იძლევა.
ინფლაციაზე საუბრისას არჩილ იაკობაშვილმა გაიხსენა ეკონომიკის პროფესორ ლადო პაპავას ძველი რეკომენდაცია აგფლაციის [სასურსათო ინფლაციის] წინა პლანზე წამოწევის შესახებ, რადგან საქართველოში სურსათის წონა სამომხმარებლო კალათაში ძალიან მაღალია.
„როდესაც საერთო ინფლაცია დაბალია (მაგალითად 4%), მაგრამ სურსათი 8.8%-ით ძვირდება, მოსახლეობისთვის სტატისტიკა დაუჯერებელი ხდება, რადგან დაბალი შემოსავლის მქონე ოჯახები თავიანთი ბიუჯეტის უდიდეს ნაწილს (35%-მდე) სწორედ საკვებში ხარჯავენ“, - აღნიშნა მან.
რა არის გამოსავალი? - არჩილ იაკობაშვილის ხედვით, საქსტატმა უნდა გადადგას შემდეგი ნაბიჯები: 1. გაციფრულება: მონაცემების მიღება პირდაპირ ქსელური მარკეტების ბაზებიდან (რეალური ჩეკების მიხედვით). 2. მოდელის მოდერნიზება: გადასვლა 2005 წლის სტანდარტიდან თანამედროვე, დინამიურ მოდელზე. 3. გამჭვირვალობა: მეტი სიცხადე იმაზე, თუ როგორ ითვლება წონები, რათა გამოირიცხოს „მანიპულაციის სივრცე“.
„წერტილთან“ ინტერვიუში არჩილ იაკობაშვილმა ვრცლად ისაუბრა სასურსათო ინფლაციის მიზეზებსა და ფასების შემცირების მიზნით „ქართული ოცნების“ მთავრობის კამპანიის მოტივზეც.
მართალია, მთავრობის მთავარი არგუმენტი 90%-იანი ფასნამატია, რომელსაც პრემიერ-მინისტრი სადისტრიბუციო და საცალო ქსელებს აბრალებს, მაგრამ ეკონომიკის პროფესორის აზრით, სურსათის სიძვირის მთავარი მიზეზებია რუსეთზე დამოკიდებულება და სტრუქტურული ხარჯები.
- რუსეთზე დამოკიდებულება: „საქართველო, ფაქტობრივად, რუსეთის ერთ-ერთ ეკონომიკურ რეგიონად იქცა. იქ არსებული დეფიციტი, საექსპორტო გადასახადები და ინფლაცია პირდაპირ გადმოეცემა ქართულ ბაზარს (ინფლაციის ტრანსმისიის ეფექტი).
- სტრუქტურული ხარჯები: „პოლიტიკური კორუფცია, არაეფექტური სასამართლო სისტემა და ბიუროკრატიული ბარიერები ბიზნესისთვის დამატებითი ხარჯია, რასაც ისინი საბოლოო ფასში ასახავენ“
- კონტროლირებადი ოლიგოპოლია: „მთავრობისთვის უფრო იოლია ბაზარზე რამდენიმე მსხვილი, მართვადი მოთამაშის დატოვება, ვიდრე თავისუფალი კონკურენციის ხელშეწყობა“.
სურსათის გაიაფებისთვის პროცესებში სუსის ჩართვა და საგამოძიებო კომისიების შექმნა ეკონომისტში ვენესუელას სცენარის ასოციაციას იწვევს.
„უგო ჩავესის მთავრობამ სწორედ „სასურსათო ჟანდარმერიით“ და ფასების იძულებითი კონტროლით სცადა პრობლემის მოგვარება, რაც ექვს თვეში პროდუქციის დეფიციტით, ხოლო წელიწადში ჰიპერინფლაციით დასრულდა“, - აღნიშნა არჩილ იაკობაშვილმა.
რა იქნება სწორი გამოსავალი? - ეკონომისტი ადმინისტრაციული რეპრესიების ნაცვლად, ორ ალტერნატივას ხედავს:
- დღგ-ის შეღავათი: სურსათზე დამატებული ღირებულების გადასახადის შემცირება, განსაკუთრებით ადგილობრივი წარმოებისთვის, მომხმარებლის ჯიბეზე სასურსათო ინფლაციის ტვირთს ოდნავ მაინც შეამსუბუქებდა.
- გაცვლითი კურსი: იმპორტირებული ინფლაციის მოსათოკად, ერთადერთი ინსტრუმენტი, რომელიც საქართველოს ხელშია, შეიძლება იყოს მხოლოდ და მხოლოდ გაცვლითი კურსი.
2007-2024 წლებში საქართველოს ეროვნული ბანკის საერთაშორისო სავალუტო რეზერვების პორტფელის მენეჯერის, ეკონომიკის პროფესორ არჩილ იაკობაშვილის აზრით, საქართველოს ეროვნულ ბანკს, 2025 წელს, რეზერვების დაგროვების პარალელურად, ლარის უფრო მეტად გამყარება შეეძლო.