პირველი აპრილიდან საქართველოში დენის ტარიფი მოსახლეობისთვის 5 თეთრით გაძვირდება. კომერციულ სექტორში დენის ტარიფი 4-6 თეთრით მოიმატებს. დენის ახალი ტარიფი ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ [სემეკ] დღეს, 30 მარტს, დაადგინა.
რამდენად დასაბუთებულია სემეკის გადაწყვეტილება დენის ტარიფის გაზრდაზე და რაზე აისახება გაზრდილი ტარიფი, პირველ რიგში?
ეკონომისტ აკაკი ცომაიას ეჭვი არ ეპარება იმაში, რომ დენის ტარიფის გაზრდა პირდაპირ აისახება სურსათის, განსაკუთრებით კი, პირველადი მოხმარების საკვები პროდუქტების ფასზე:
„ტარიფის გაძვირებას ეკონომისტები უწოდებენ „მიწოდების შოკს“. ეს ნიშნავს, რომ ფირმებს, კომპანიებს, ორგანიზაციებს – აბსოლუტურად ყველას, საწარმოო დანახარჯები გაეზრდებათ, იმიტომ, რომ ელექტროენერგიის ტარიფი ყველა წარმოებაში არის ერთ-ერთი შემადგენელი კომპონენტი, რაც პროდუქციის თვითღირებულებას აბალანსებს. დანახარჯების გაზრდა ავტომატურად უბიძგებს ყველა ორგანიზაციას, რომ მათ გარკვეული გავლენა მოახდინონ ფასებზე, ანუ ექნებათ მოტივაცია, რომ გაზარდონ ფასები.

აკაკი ცომაია
ფასების ზრდა დამოკიდებულია თავად ორგანიზაციებზე — შეამცირებენ საკუთარ მოგებას და მოგების შემცირების ხარჯზე გადაიტანენ ამ ზრდას, თუ გადაიტანენ მომხმარებელზე? როგორც წესი, ნაწილობრივ გადააქვთ მომხმარებელზე და ნაწილობრივ თვითონ იღებენ ამაზე პასუხისმგებლობას.
ეს დამოკიდებულია თავად პროდუქციის ხასიათსა და მის ელასტიურობაზე – თუ მომხმარებელი მნიშვნელოვნად შეამცირებს კონკრეტული პროდუქტის ყიდვას, როდესაც ფასი იზრდება, მაშინ მწარმოებელი იძულებულია, თავის თავზე აიღოს რისკი. ხოლო თუ საუბარია პროდუქტზე, რომელზეც არ ცვლის მომხმარებელი მნიშვნელოვნად თავის გადაწყვეტილებას, როდესაც ფასი იზრდება, მაგალითად, ეს შეიძლება იყოს სასურსათო პროდუქცია, ასევე, თამბაქო ან რაღაც ამდაგვარი, მაშინ უფრო მეტად მწარმოებელი ამ რისკს გადაიტანს ხოლმე მომხმარებელზე.
რეალურად რა და როგორ გაიზრდება, ამის პროგნოზირება რთულია. ძალიან ბევრ კომპანიას ექნება მისაღები ეს გადაწყვეტილება… ალბათობა დიდია, რომ ფასები კიდევ უფრო გაიზარდოს სურსათზე, რადგან სასურსათო პროდუქტი არის სწორედ ის პროდუქტი, რომელზეც ფასების ზრდისას მომხმარებელი თავის ქცევას ვერ ცვლის, ანუ ვერ ამცირებს მოხმარების რაოდენობას მნიშვნელოვნად, რომ ამით მწარმოებელზე მოახდინოს გავლენა,“ – უთხრა აკაკი ცომაიამ „ბათუმელებს“.
„დღევანდელი ტარიფების ზრდა ეკონომიკურად აუცილებელია, მაგრამ პოლიტიკურად — დანაშაულის ადეკვატურია,“ – თავის დასკვნას გვიზიარებს ფინანსისტი ნიკოლოზ შუარღაია.
- რატომ იყო აუცილებელი დენის ტარიფის გაზრდა?
„ის აუცილებელია, რადგან ინვესტიციების წლობით გადავადებამ, ენერგეტიკასთან დაკავშირებული ნებართვების კორუფციამ, პოლიტიკურად დაკავშირებული შუამავლების მეშვეობით რუსეთსა და აზერბაიჯანზე მზარდმა იმპორტის დამოკიდებულებამ და ინფრასტრუქტურის გაუარესებამ სტრუქტურული პრობლემები შექმნა. „ქართული ოცნების“ მთავრობაა პასუხისმგებელი ამ კრიზისის შექმნასა და გაღრმავებაზე.
მოქალაქეები ვიმსახურებთ სრულ ანგარიშს: ტარიფების ზრდის რა ნაწილი ასახავს ინფრასტრუქტურის ნამდვილ ხარჯებს; რა ნაწილი ასახავს პოლიტიკურად დაკავშირებული ოფშორული სტრუქტურებისთვის გათვლილი შუამავლების სარგოებით გაბერილ რუსულ და აზერბაიჯანულ იმპორტის ფასებს; რა ნაწილი ასახავს ენერგეტიკული პროექტების ნებართვებში კორუფციის დაგროვილ ფასს? რეგულატორის განმარტება, რომ ეს „დაბალანსებული გადაწყვეტილებაა“, ტექნიკურად დასაბუთებადია იზოლირებულად — თუმცა პოლიტიკურად ეს სისტემის გამართლებაა, რომელიც მიზანმიმართულად ანიჭებდა უპირატესობას ხელისუფლებასთან დაკავშირებულ ინტერესებს და უგულებელყოფდა ქვეყნისა და მომხმარებლების საჭიროებებს,“ – მიიჩნევს ნიკოლოზ შურღაია.

ნიკოლოზ შურღაია
დავით ნარმანიას განმარტებით, დენის ტარიფის გაზრდა უკავშირდება გაზრდილ მოხმარებას და შესასყიდი ელექტროენერგიის ფასს, ასევე ინვესტიციებს ამ სექტორში. მაგალითად, 5 წლის განმავლობაში „ენერგო-პრო ჯორჯია“ აპირებს, რომ დახარჯოს 1 მილიარდი ლარი ენერო ინფრასტრუქტურაში, „თელასი“ კი, დახარჯავს 400 მილიონს.
„ელექტროენერგიის ტარიფი რომ დაბალი არის, ეს გამოჩნდა ამ სექტორში არსებულ საწარმოთა მოგებებში — ინდუსტრიებში, რომლებიც ქმნიან ელექტროენერგიას. ზარალზე მუშაობდა ბევრი კომპანია, მათ შორის. შემდეგ ჩამოაწერეს დავალიანება, რადგან დიდი ოდენობით დავალიანება დაუგროვდათ. ეს უკვე მიმანიშნებელია იმის, რომ ტარიფი არ ასახავდა, ასე ვთქვათ, რეალობას.
რამ განაპირობა ეს ფაქტორი – ცალკე თემაა. ბევრი მიზეზი შეიძლება არსებობდეს, მათ შორის, საუბრობენ იმაზეც, რომ, მაგალითად, კრიპტოვალუტის მაინინგს ვინც ეწევა, ისინი რეალურად ელექტროენერგიის საფასურს არ იხდიან… თუ არ გადაიხდი ელექტროენერგიის საფასურს და მაინინგის შემთხვევაში ძალიან მაღალია ელექტროენერგიის დანახარჯები, ეს ხარჯი ვიღაცამ უნდა დაფაროს.
სვანეთში, აფხაზეთში იხდიან ელექტროენერგიის საფასურს? თუ არ იხდიან, ესე იგი, ესეც დანარჩენმა მოსახლეობამ უნდა დაფაროს,“ – განმარტავს „ბათუმელებთან“ საუბრისას ეკონომისტი აკაკი ცომაია.
ფინანსისტი ნიკოლოზ შურღაია ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ სურსათზე ფასების გაზრდა პირველ რიგში ყველაზე დაბალი შემოსავლის მქონე ადამიანების ცხოვრებაზე აისახება:
„2026 წლის თებერვალში საქართველოს ინფლაციის ჯამური მაჩვენებელი 4.6% იყო, სასურსათო ინფლაცია კი 9.5%-ს შეადგენდა. სასურსათო პროდუქტები და უალკოჰოლო სასმელები CPI [სამომხმარებლო ფასების ინდექსი]-ის კალათის 31.1%-ს, ხოლო საბინაო და კომუნალური მომსახურება 8.2%-ს ფარავს.
17–33-პროცენტიანი ტარიფების ზრდა CPI-ს სავარაუდოდ 0.5–1.5 პროცენტული პუნქტით გაზრდის პირდაპირი კომუნალური გადასახადებისა და სასურსათო ჯაჭვის, ცივი შენახვის, ტრანსპორტისა და სასურსათო გადამუშავების წარმოების ხარჯების მეშვეობით.
33%-იანი ზრდა ყველაზე მეტად ეხება 0–101 კვტ.სთ სეგმენტს — ყველაზე დაბალი მოხმარების, ჩვეულებრივ ყველაზე დაბალი შემოსავლის მქონე შინამეურნეობებს — სამიზნე კომპენსაციის გამოცხადების გარეშე.
მცირე ბიზნესი ელოდება კომერციული ტარიფის 18%-იან ზრდას, რომელიც ახლო აღმოსავლეთის არასტაბილურობით განპირობებული საწვავის გაძვირებასთან ერთდროულად ვითარდება,“ – აღნიშნავს ნიკოლოზ შურღაია.
ფინანსისტი აქცენტს აკეთებს OCCRP-ის ჟურნალისტურ გამოძიებაზე, რომლის მიხედვითაც, 2016 წლიდან საქართველო აზერბაიჯანულ დენს პირდაპირ კი არ ყიდულობს, არამედ ფულს საიდუმლო შუამავალ კომპანიებს უხდის. ეს კომპანიები რეგისტრირებულნი არიან ოფშორულ ზონებში [ბელიზსა და არაბთა საამიროებში], რაც იმას ნიშნავს, რომ პროცესი გაუმჭვირვალეა და სახელმწიფოებს შორის პირდაპირი ანგარიშსწორების ნაცვლად, ფული გაურკვეველი მფლობელების ხელში გადის.
„ასეთ მძიმე დარტყმას არ მივიღებდით, რომ არა: „ქართული ოცნების“ კაბინეტის კორუფცია, ძალიან საეჭვო შუამავლობა იმპორტის კონტრაქტებში, ენერგოგენერაციის განვითარების დანაშაულებრივი შეფერხება და იმპორტზე და რუსეთზე დამოკიდებულების გაღრმავება, პოპულისტური გადავადებები და სხვა.
რა შედეგი ექნება? – საყოფაცხოვრებო ტარიფის 33% ზრდა სავარაუდოდ დაბალი შემოსავლების მქონე მოსახლეობისთვის ძალიან მძიმეა. სხვა საყოფაცხოვრებო ჯგუფების და მცირე ბიზნესის ტარიფების 18-26% ზრდაც მძიმეა და პირდაპირი ეფექტის გარდა გაზრდის ისედაც მაღალ ფასებს [ინფლაციას]“, – ამბობს ნიკოლოზ შურღაია.
რა შეიძლება გაეკეთებია პასუხისმგებლიან ხელისუფლებას?
„ტარიფების თანდათანობითი კორექტირება; შუამავლების ნაცვლად, სახელმწიფოებს შორის ელექტროენერგიის პირდაპირი შესყიდვა; სრული გამჭვირვალობა რუსეთთან ენერგეტიკულ კონტრაქტებში; გენერაციაში ინვესტიცირების გამჭვირვალე გეგმები; განახლებადი ენერგიის განვითარების დაჩქარება; გამჭვირვალობა და ანგარიშვალდებულება ენერგეტიკულ ნებართვებში; ყველაზე დაბალშემოსავლიანი ჯგუფების სოციალური დახმარება,“ – მიიჩნევს ფინანსისტი ნიკოლოზ შურღაია.