„ქაღალდის ეპოქა დასასრულს უახლოვდება -ევროკავშირი იმ ცვლილებების განხორციელების საბოლოო ფაზაში შედის, რომლებიც საავტომობილო გადაზიდვებისას თანმხლებ ქაღალდის დოკუმენტაციას წარსულს ჩააბარებს“ - ამის შესახებ ანალიტიკას „სატრანსპორტო დერეფნის კვლევის ცენტრი“ ავრცელებს.

„ევროკავშირის eFTI ის (Electronic Freight Transport Information) რეგულაციის (2020/1056) თანახმად, 2027 წლისთვის  ყველა წევრ სახელმწიფოს საავტომობილო ტრანსპორტით გადაზიდული ტვირთების შესახებ მონაცემების მხოლოდ ციფრული ფორმით მიღება მოეთხოვება.

eFTI (ტვირთების გადაზიდვის ელექტრონული ინფორმაცია)  ერთიან ევროპულ სტანდარტს წარმოადგენს, რომელიც  გადამზიდავებს, ექსპედიტორებსა და სატრანსპორტო ინსპექტირების ორგანოებს ტვირთის შესახებ  ინფორმაციის ელექტრონულად გაცლის შესაძლებლობას აძლევს. პრაქტიკაში ეს ნიშნავს, რომ ქაღალდის CMR სატვირთო ზედნადები, ფიტოსანიტარიული და ვეტერინარული სერტიფიკატები და გზისპირა შემოწმების დროს წარდგენილი სხვა დოკუმენტები მხოლოდ ელექტრონულ ფორმატში იქნება ხელმისაწვდომი.

ევროკავშირის სივრცეში  გადაზიდვების განმახორციელებელი კომპანიებისთვის აღნიშნული პროცესი ქაღალდის დოკუმენტაციიდან ციფრული ვერსიებით ჩანაცვლების შესაძლებლობას აჩენს, რაც უდაოდ წინგადადგმულ ნაბიჯს წარმოადგენს.

გადამზიდავებს და ექსპედიტორებს შეეძლებათ თავიანთი შეკვეთების (გადაზიდვები) მართვის სისტემების სერტიფიცირებულ eFTI მონაცემთა პლატფორმებთან ინტეგრირება, ხოლო საკონტროლო ორგანოებს  სატვირთო ავტოტრანსპორტის რეგისტრაციის ნომრის მიღების შემდეგ  რეალურ დროში საჭირო ინფორმაციაზე წვდომის შესაძლებობა გაუჩნდებათ.

დოკუმენტების ბეჭდვა აღარ იქნება საჭირო. რაც სატრანსპორტო და ლოჯისტიკური კომპანიებისთვის დამატებითი ბიძგი იქნება, რათა მათ შეძლონ შეკვეთის მიღებიდან საქონლის მიწოდებამდე, მთელი ოპერაციული ჯაჭვის  დიგიტალიზაცია მოახდინონ.

აღსანიშნავია, რომ მესამე ქვეყნების მიერ ტრანსპორტირებისას ქაღალდის დოკუმენტბრუნვა გარკვეული დროის განმავლობაში დარჩება კვლავ გამოიყენებაში. შესაბამისად, ქაღალდის დოკუმენტების სრული გაუქმება ძირითადად ევროკავშირის ფარგლებში ტრანსპორტირებას ან ისეთ ოპერაციებს შეეხება, რომლებშიც ევროკავშირის გარედან შემოსული სატრანსპორტო საშუალებები არ შედის.

eFTI-ის რეგულაცია მონაცემთა წარდგენასთან დაკავშირებით ახალ რეგულაციებს არ აწესებს. გადამზიდავი კომპანიები კვლავაც მიაწვდიან იმავე ინფორმაციას, რომელიც ინდუსტრიაში წინა წლების განმავლობაში გამოიყენება.

საავტომობილო ტრანსპორტში, ძირითად დოკუმენტად დარჩება CMR სატვირთო ზედნადები, რომელიც ყველა ტვირთს თან ახლავს.

მიუხედავად იმისა, რომ ელექტრონული CMR კონვენციის რატიფიცირება მრავალმა ქვეყანამ მოახდინა – მათ შორის ლიეტუვამ, პოლონეთმა, სლოვაკეთმა, ჩეხეთმა, ბელორუსმა, საფრანგეთმა, ნიდერლანდებმა, ესპანეთმა, პორტუგალიამ, რუმინეთმა, სლოვენიამ, რუსეთმა, უკრაინამ, ბულგარეთმა, დანიამ, ესტონეთმა და ლატვიამ – პრაქტიკა ხშირად საპირისპიროთ გამოიყურება.

თეორიულად, ამ ქვეყნებში ინსპექტირებამ მხოლოდ ელექტრონული CMR დოკუმენტები უნდა მიიღოს. თუმცა, სინამდვილეში ეს ყოველთვის არ ხდება.

ამჟამად, ევროპელი გადამზიდავების მხოლოდ 10% ირჩევს ექსკლუზიურად eCMR-თან მუშაობას. უმეტესობა ორმაგ მოდელს იყენებს, კერძოდ დოკუმენტი ციფრულად გენერირდება, მაგრამ მისი ქაღალდის ვერსია მაინც მძღოლთან ერთად კაბინაში ინახება.

მიზეზი მარტივია – ყველა ინსპექტორს ან სასაზღვრო სამსახურის ოფიცერს არ აქვს დოკუმენტების ციფრული ფორმით გადამოწმების ინსტრუმენტები. სწორედ ამიტომ, ლატვიის, პოლონეთის ან გერმანიის მსგავს ქვეყნებში გადაადგილებისას, მძღოლს შეიძლება მაინც ტრადიციული ქაღალდის CMR სატვირთო ზედნადების წარდგენა მოსთხოვონ.

სწორედ ამ მიზეზით, ბევრი გადამზიდავი კომპანია ამჟამად თავს იკავებს სრულად ავტომატიზირებულ eCMR მოდულებში ინვესტიციებისგან, რადგან იცის, რომ პრაქტიკაში მათ მაინც უწევთ ქაღალდის დოკუმენტაციის შენახვა.

თუმცა, ეს სიტუაცია დიდხანს არ გაგრძელდება. როგორც კი eFTI რეგულაცია სრულად ამოქმედდება, ევროკავშირის მასშტაბით ინსპექტირების ორგანოები ვალდებულნი იქნებიან მიიღონ დოკუმენტების მხოლოდ ციფრული ვერსიები.

დიგიტალიზაციას დადებითი ეკონომიკური ასპექტები გააჩნია, კერძოდ ინდუსტრიის გათვლებით, ერთი დოკუმენტის ციფრული ფორმით დამუშავება 10 ევროს დაზოგვის საშუალებას იძლევა. აღნიშნული თანხა ბეჭდვის ხარჯებს, ადმინისტრაციულ სამუშაოებზე მოთხოვნის შემცირებას და მონაცემთა ავტომატიზირებულ მართვას მოიცავს.

მიუხედავად იმისა, რომ ელექტრონული სატვირთო ზედნადები ქაღალდის CMR-ების აღმოფხვრის საშუალებას იძლევა, ზოგიერთი ლოჯისტიკური დოკუმენტი კვლავ მხოლოდ  ქაღალდის ფორმით არსებობს.

კონკრეტული მაგალითები არსებობს თუ ცალკეული ქვეყნები დიგიტალიზაციის მიმართულებით რა ნაბიჯებს დგავენ, საკმარისია ესტონეთის გამოცდილების მოშველიება.

ესტონეთი ერთ-ერთი ყველაზე მოწინავე მაგალითია იმისა, თუ როგორ შეიძლება სატრანსპორტო სექტორის დიგიტალიზაციის ეფექტურად მხარდაჭერა ეროვნულ დონეზე. იქაურმა მთავრობამ უკვე გამოყო რამდენიმე მილიონი ევრო eCMR და eFTI გადაწყვეტილებების დანერგვისთვის.

დახმარების პროგრამის ფარგლებში, ნებისმიერ სატრანსპორტო ან ლოჯისტიკურ კომპანიას შეუძლია მიიღოს 15 000 ევრომდე დაფინანსება. გრანტი ფარავს პროექტის 90%-მდე ხარჯებს – eCMR მოდულის შეძენით დაწყებული, სატრანსპორტო შეკვეთების მართვის სისტემებთან ინტეგრაციით დამთავრებული, თანამშრომლების გადამზადებით დამთავრებული.

მიუხედავად იმისა, რომ ელექტრონული სატვირთო ზედნადები ქაღალდის CMR-ების აღმოფხვრის საშუალებას იძლევა, ზოგიერთი ლოჯისტიკური დოკუმენტი კვლავ მხოლოდ  ქაღალდის ფორმით არსებობს.

ერთერთი ყველაზე პრობლემური სფერო სატვირთო მანქანების ორმხრივი ნებართვებია. ასეთი ნებართვები კვლავ მხოლოდ ორიგინალის სახით არსებობს და ფიზიკურად იგზავნება ფოსტით, ციფრული ალტერნატივის გარეშე.

როგორი მდგომარებაა შუა დერეფნის ქვეყნებს შორის ორმხრივი ნებართვების გაციფროვნების მიმართულებით?

ბუნებრივია, შუა დერეფნის გასწვრივ განლაგებული ქვეყნები ჯერ კიდევ შორს არიან eCMR დანერგვის სიტემასთან, მაგრამ პროგრესულ ნაბიჯათ უნდა ჩაითვალოს ცენტრალური აზიის ხუთი ქვეყნების, ჩინეთის, თურქეთის და აზერბაიჯანის ურთიერთშორის ორმხრივი ნებართვების ელექტრონულ ფორმატში გაცვლის სისტემის სწრაფი ტემპით დანერგვა, რაც პერსპეტივაში eCMR დანერგვის სიტემასთან მიახლოების წინაპირობას ქმნის.

ამ მიმართულებით ლიდერობს ყაზახეთი და თურქეთი, თუმცა სხვა ქვეყნებიც აქტიურად ნერგავენ ნებართვების ორმხრივ ფორმატში ელექტრონული გაცვლის სისტემას.

მრავალი მაგალითის მოყვანაა შესაძლებელი, თუ რაოდენ დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ მეზობელი ქვეყნები ბილატერალურ (ორმხრივ) დონეზე ელექტრონულ ფორმატში საავტომობილო გადაზიდვების ნებართვების დაჩქარებული წესით გაცემას და ხელშესახებია ამ კუთხით თუ რა პროგრესს მიაღწიეს შუა დერეფნის რეგიონის ქვეყნებმა.

მიუხედავად დაწყებული პროცესისა, საქართველო რამდენიმე წელია მეზობელ თურქეთთან ნებართვების საპილოტე ელექტრონული გაცვლის სისტემას ნერგავს, თუმცა შედეგობრივად სისტემა დღემდე არ არის დასრულებული და გაურკვეველია მისი ამოქმედების კონკრეტული ვადები.

იმ პირობებში, როდესაც თურქეთმა რეგიონის თითქმის ყველა სახელმწიფოსთან დანერგა ნებართვების ელექტრონული გაცვლის მექანიზმი, ბუნებრივად ჩნდება კითხვა, რატომ ფერხდება თუნდაც  საქართველოსა და თურქეთს შორის ნებართვების ელექტრონული გაცვლის მექანიზმის ამოქმედება?

დასკვნის სახით – ნათელია, რომ შუა დერეფნის ქვეყნებს შორის ნებართვების ელექტრონულად გაცვლის დინამიურად განვითარებად პროცესში საქართველოს პოზიციონირება ჯერ კიდევ არასახარბიელოა, შედეგად ქვეყანა  რეგიონში ორმხრივი ნებართვების გაციფროვნების მიმართულებით, უდაოდ ერთ – ერთ დაბალ პოზიციას იკავებს“ - წერს „სატრანსპორტო დერეფნის კვლევის ცენტრი“.