ბოლო დღეებში ლარი უფასურდება. ერთი შეხედვით, პარამეტრები, რომლებიც კურსზე მოქმედებენ, მწყობრშია და ბოლო დღეებში არაფერი შეცვლილა, მაგრამ კურსი მაინც ეცემა. „
რას უკავშირდება ეროვნული ვალუტის გაუფასურება და რა არის ახლო მომავალში მოსალოდნელი?
2024 წელი 2.80-იანი კურსით დაიხურა, თუმცა ახალი წლის დღეებში ეროვნული ვალუტა გაუფასურდა. ბოლო დღეების სტატისტიკა ასე გამოიყურება: 2024 წლის 31 დეკემბერს ერთი აშშ დოლარი 2.80 ლარი ღირდა. მომდევნო დღეს, პირველ იანვარს, კურსი ერთი თეთრით გაუფასურდა და მისმა ღირებულებამ 2.81 ლარი შეადგინა. მას შემდეგ ლარი ნელი ტემპით კარგავს პოზიციებს და უკვე 9 იანვარისთვის 1 აშშ დოლარი 2.84 ლარი გახდა, თუმცა გუშინ დღის მეორე ნახევარში ცოტათი აღიდგინა პოზიციები
ფინანსისტ მიხეილ თოქმაზიშვილის შეფასებით, კურსის 3-4-თეთრიანი გაუფასურება საშიში არ არის. მით უფრო, იანვრის დასაწყისში ყოველთვის სახეზეა სხვადასხვა პროცესები.
„დეკემბრის ბოლო დეკადა გამორჩეულია იმით, რომ უფრო ინტენსიური ხდება ვაჭრობა ლარში და აქედან გამომდინარე, გარკვეული პოზიტიური გავლენა შეინიშნება გაცვლით კურსზე.
რაც შეეხება იანვრის თვეს, ამ პერიოდისათვის დამახასიათებელია ეკონომიკური ვარდნა, მოთხოვნის შემცირება, ეს კი თავისებურად, უარყოფით გავლენას ახდენს სავალუტო ბაზარზე, თუმცა არსებობს გამანეიტრალებელი ფაქტორიც და რომელიც გადაწონის, იმის შესაბამისად ფორმირდება კურსიც.
ის, რომ ლარი 3-4 პუნქტით შეიცვალა, საშიში არ არის. პირიქით, გარკვეული რყევა მოსალოდნელი არის ხოლმე იანვრის დასაწყისში. საშიში არის, როდესაც ნახტომოსებური რყევა იწყება. ამიტომ, ჩვეულებრივ, მცირეოდენ გაუფასურებას შესაძლებელია შემდგომ გამყარება მოჰყვეს, მერე ისევ გაუფასურება და ა.შ. ასე რომ, ასეთი რყევა ლარისათვის ჩვეულებრივი ქცევაა", - განაცხადა მიხეილ თოქმაზიშვილმა.
ბოლო თვეებში ეროვნული ვალუტა არაერთხელ გაუფასურდა, მაგრამ რაღაც პერიოდის შემდეგ კურსი მყარდებოდა, რაც ეროვნული ბანკის მიერ დახარჯულმა უცხოურმა ვალუტამ განაპირობა, ამიტომ საერთაშორისო რეზერვების მოცულობამ 2024 წელს იკლო. ეროვნული ბანკის სტატისტიკის მიხედვით, დეკემბერში, წინა წლის საანგარიშო თვესთან შედარებით, მთლიანი რეზერვები 562 მლნ დოლარით შემცირდა.
საერთო ჯამში კი, საერთაშორისო სავალუტო რეზერვები 4.45 მილიარდი დოლარია. აქედან 324 მილიონი დოლარით მხოლოდ დეკემბერში შეივსო, ანუ ეროვნულმა ბანკმა ვითარება სწრაფად გამოასწორა.
მიხეილ თოქმაზიშვილის განცხადებით, სავალუტო რეზერვების გაზრდა პოზიტიურია იმ თვალსაზრისით, რომ რისკის ზრდის შემთხვევაში, მისი გამოყენება ანელებს უარყოფით შედეგს.
„თავისათავად ის, რომ რეზერვებმა მოიმატა, კარგი მოვლენაა, თუმცა მისი ხვედრითი წონა განისაზღვრება არა იმით, თუ რამდენად გაიზარდა ან შემცირდა, არამედ იმის მიხედვით, თუ რამდენად შეესაბამება სამი თვის იმპორტს. სხვანაირად რომ ვთქვათ, ქვეყანა მთლიანად რომ ჩაიკეტოს, რეზერვებით, სამი თვის განმავლობაში, იმპორტის დაფარვა უნდა მოხერხდეს", - დასძინა თოქმაზიშვილმა.
ქვეყნის ცენტრალურ ბანკში გარკვევით ითქვა, რომ უწყება ყოველთვის კონცენტრირებულია რეზერვების შევსებაზე, როდესაც ბაზარი ამის შესაძლებლობას იძლევა.
„საერთაშორისო სავალუტო რეზერვები არის ჩვენი ქვეყნის მაკროეკონომიკური სტაბილურობის უმნიშვნელოვანესი გარანტი. გამოქვეყნებულ მონაცემებში ჩანს, რომ წლის ბოლოს მოვახერხეთ და გვაქვს სოლიდური ზრდა სავალუტო რეზერვებში, რაც რამდენიმე ფაქტორის დამსახურებაა. ნოემბერ-დეკემბერში ეროვნულმა ბანკმა მოახერხა და შეიძინა საკმაო რაოდენობის დოლარი სავალუტო ბაზარზე და ამის შესაძლებლობას ჩვენი ეკონომიკური მდგომარეობა გვაძლევს. ასევე მნიშვნელოვანია, რომ საბანკო სექტორში თვიდან თვემდე იზრდება დეპოზიტები როგორც უცხოურ ვალუტაში, ასევე ეროვნულ ვალუტაში. უცხოურ ვალუტაში დეპოზიტების ზრდა, მნიშვნელოვანი კონტრიბუტორია საერთაშორისო სავალუტო რეზერვების მთლიან მოცულობაში.
მიუხედავად იმისა, რომ დროდადრო გვიწევს რეზერვების დახარჯვა, რათა სავალუტო ბაზარზე არაფუნდამენტური ფაქტორებისაგან გამოწვეული ჭარბი მერყეობის განეიტრალება მოვახდინოთ, პირველივე შესაძლებლობისთანავე, ეროვნული ბანკი ყველა ღონეს ხმარობს, რომ კვლავ შეავსოს საერთაშორისო რეზერვები", - განაცხადა სებ-ის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ნათია თურნავამ და თან დასძინა, რომ ასევე მნიშვნელოვანია დივერსიფიცირება და ბანკი ყველაფერს აკეთებს, რათა რეზერვების უკეთ მართვა მოხერხდეს.
ეკონომისტები იწონებენ სებ-ის ფრთხილ პოლიტიკას და ხაზს უსვამენ, რომ მისი ხარჯვის შემდეგ, დაიწყო შევსებაც, რაც ნამდვილად დადებითი ინფორმაციაა. როგორც აკადემიკოსმა ლადო პაპავამ აღნიშნა, სებ-ს შესწევს უნარი, სტაბილურობა შეინარჩუნოს.
„მომავალი დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად სტაბილური იქნება გარემო, როგორც ჩვენს ქვეყანაში, ასევე მის გარშემო და ზოგადად მსოფლიოშიც. თუ არ იქნება ფუნდამენტური რყევა ეკონომიკაში, საქართველოს ეროვნულ ბანკს შესწევს იმის უნარი, რომ შეინარჩუნოს რეზერვების შესაბამისისი დონე და მაკროეკონომიკური სტაბილურობაც", - განაცხადა ლადო პაპავამ და დასძინა, რომ სებ-ის გადაწყვეტილება რეზერვების დივევრსიფიცირებასთან დაკავშირებით აბსოლუტურად სწორია, რადგან ამას აკეთებენ მთელ მსოფლიოში.
საბანკო სფეროს სფეციალისტებისთვის სავალუტო ბაზარზე მიმდინარე პროცესები საშიში არ არის. ლარის რყევის მიზეზი განმარტა პროფესორმა ლია ელიავამ და დასძინა, რომ პროცესი არის აბსოლუტურად ნორმალური, მკვეთრი რყევისგან თავისუფალი.
„არაფერი კატასტროფული არ ხდება. ლარის ვარდნა გამოწვეულია გაზრდილ ხარჯებით დაკავშირებულ პოლიტიკურ პროცესებთან. ეს ხარჯი ახლა შემცირდა.
საქართველოს საგარო ვაჭრობა შესაბამის დონეზეა, რაც უზრუნველყოფს ვალუტის შემოდინებას. უცხოური ვალუტა კომერცულ ბანკს ჭარბად აღმოაჩნდა და ეროვნულმა ბანკმა შეისყიდა. პროცესი არის აბსოლუტურად ნორმალური, ყოველვარი მკვეთრი რყევისგან დაწმენდილი, ამიტომ სანერვიულოს და საპანიკოს ვერაფერს ვხედავ. ყველაფერი მიდის ისე, როგორც ადრე. ეს პროცესი საქართველოსთვის ნორმალურია", - განაცხადა ლია ელიავამ.
წყარო: რეზონანსი