სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა მაღალმთიანი დასახლებების განვითარების და მაღალმთიან რეგიონებში მცხოვრებთა სოციალურ-ეკონომიკური პრობლემების გადაჭრის მიზნით მთავრობის მიერ განხორციელებული ღონისძიებების ეფექტიანობა შეისწავლა და რიგი ხარვეზები დაადგინა. 

აუდიტის სამსახურმა შეიმუშავა რეკომენდაციებიც, რორმლითაც გაწერილია, როგორ შეიძლება მაღალმთიანი რეგიონების სწორი და სწრაფი ეკონომიკური განვითარება.

რეკომენდაციების ჩამონათვალი უწყებების მიხედვით ასე გამოიყურება: 

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს

რეკომენდაცია N1: 

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ მაღალმთიანი დასახლებების მიმართ ეფექტიანი სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავებისა და გატარების მიზნით:
• შეაფასოს სტრატეგიით და სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული, ჩატარებული აქტივობებით მიღწეული შედეგები;
• რეგიონების მაღალმთიან დასახლებებში არსებული სიტუაციის/პრობლემების და ადგილობრივი კონტექსტის გათვალისწინებით, დარგობრივი სამინისტროების, მუნიციპალიტეტების და ყველა დაინტერესებული მხარის აქტიური ჩართულობით, უზრუნველყოს თითოეული რეგიონის მაღალმთიანი დასახლებების საჭიროებებზე მორგებული განვითარების (მიზანმიმართული) სტრატეგიის შემუშავება.

რეკომენდაცია N2:

დასახლებისთვის მაღალმთიანი სტატუსის მინიჭების მიზნით, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ:
• ინფორმაციის მომწოდებელ ორგანიზაციებთან კოორდინაციით, შეიმუშაოს სათანადო მექანიზმები, რაც შესაძლებელს გახდის შესაბამისი უწყებებიდან სწორი მონაცემების მიღებას, კრიტერიუმებთან შესაბამისობის შესაფასებლად;
• მაღალმთიანი სოფლების ადმინისტრაციული საზღვრების დამტკიცების შემდეგ, გადახედოს ცალკეული მაღალმთიანი დასახლების ჰიფსომეტრული სიმაღლის, კანონმდებლობით მოთხოვნილ ნორმებთან შესაბამისობის საკითხს.

რეკომენდაცია N3:

სსიპ − სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ მონაცემთა ელექტრონული ბაზების სწორად ფორმირების მიზნით, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ, როგორც სტატუსის მინიჭების, შეწყვეტის, შეჩერების, აღდგენის საკითხზე გადაწყვეტილების მიღებასთან დაკავშირებული, მუნიციპალიტეტისთვის დელეგირებული უფლებამოსილების განხორციელებაზე დარგობრივი ზედამხედველობის ვალდებულების მქონე უწყებამ, დანერგოს სათანადო კონტროლის მექანიზმები, რომლებიც უზრუნველყოფს:
• მუნიციპალიტეტების მიერ ბრძანებების სისტემაში დროულად ასახვას და სააგენტოსთვის მიწოდებას;
• სააგენტოსთვის მმს-ის საშუალებით ინფორმაციის შეუფერხებლად მიწოდების მიზნით, მუნიციპალიტეტების მიერ სისტემასთან დაკავშირებული ტექნიკური ხარვეზების შესახებ მუნიციპალური სერვისების განვითარების სააგენტოსთვის დროულად შეტყობინებას.

რეკომენდაცია N4: 

სახელმწიფო უწყებებსა და მუნიციპალიტეტებს შორის კომუნიკაციის გაუმჯობესების და ინფორმაციის გაცვლის მიზნით, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს კოორდინაციით დაინერგოს მონაცემთა გაცვლის ისეთი მექანიზმი, რომელიც უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტებისთვის შესაბამისი უწყებების მიერ, სტატუსის შეწყვეტის/შეჩერების კანონმდებლობით განსაზღვრული საფუძვლების არსებობის შესახებ ინფორმაციის დროულ მიწოდებას.

რეკომენდაცია N5:

სამინისტრომ მუნიციპალიტეტების მიერ სტატუსის მონიტორინგის ჯეროვნად განხორციელების და მონიტორინგის შედეგად უფლებამოსილი პირების მიერ სუბიექტური გადაწყვეტილების მიღების პრევენციის მიზნით, შეიმუშაოს სარეკომენდაციო ინსტრუქცია, რომელშიც დეტალურად იქნება გაწერილი, როგორ უნდა მოხდეს მონიტორინგის ფარგლებში შესამოწმებელ პირთა შერჩევა, მონიტორინგის ჩატარების პერიოდი, პირის ფაქტობრივი ცხოვრების დადასტურების მიზნით განსახორციელებელი ვიზიტების რაოდენობა და სხვა მნიშვნელოვანი საკითხები, რომლებმაც შესაძლოა გავლენა იქონიოს მონიტორინგის შედეგებსა და იმ პირების გამოვლენაზე, რომლებსაც უნდა შეუწყდეთ/შეუჩერდეთ სტატუსი.

რეკომენდაცია N6:

მონიტორინგის დაგეგმვის ეტაპზე, შესამოწმებელ პირთა სიების სწორად ფორმირების მიზნით, სამინისტრომ მუნიციპალური სერვისების განვითარების სააგენტოსთან განიხილოს მმს-ში ფუნქციონალის დამატების საკითხი, რომლის მეშვეობითაც შესაძლებელი იქნება დროის კონკრეტულ მონაკვეთში მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული აქტიური სტატუსის მქონე პირთა ერთიანი სიის გენერირება.

რეკომენდაცია N7:

მაღალმთიან დასახლებებში მუდმივად მცხოვრები პირების სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებისთვის, სოციალური დახმარების სახით გათვალისწინებული საბიუჯეტო სახსრების არამიზნობრივი ხარჯვის პრევენციის მიზნით, სამინისტრომ, როგორც მუნიციპალიტეტისთვის დელეგირებულ უფლებამოსილებაზე ზედამხედველობის განმახორციელებელმა ორგანომ, დანერგოს სათანადო კონტროლის მექანიზმები, რომლებიც უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის მიერ უფლებამოსილების არაჯეროვანი განხორციელების ფაქტების, აგრეთვე სტატუსის ადმინისტრირების პროცესში არსებული ხარვეზების დროულად გამოვლენას და აღმოფხვრას.


საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სსიპ − შემოსავლების სამსახურს

რეკომენდაცია N8:

მაღალმთიანი დასახლების საწარმოს სტატუსის მქონე მეწარმეების კონტროლის გაუმჯობესების მიზნით, სსიპ − შემოსავლების სამსახურმა შეიმუშაოს და დანერგოს სტატუსის მონიტორინგის მექანიზმი, რომელიც უზრუნველყოფს საწარმოების მიერ კანონმდებლობით გათვალისწინებული პირობების შესრულების კონტროლს და სტატუსის შეჩერების/შეწყვეტის საფუძვლების არსებობის გამოვლენას.


საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სსიპ − შემოსავლების სამსახურს

რეკომენდაცია N9:

კანონმდებლობით გათვალისწინებული საგადასახადო შეღავათების მაღალმთიან დასახლებებში სამეწარმეო საქმიანობის განვითარებაზე გავლენის შეფასების მიზნით, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სსიპ − შემოსავლების სამსახურის ჩართულობით ზუსტად განსაზღვროს სამეწარმეო საქმიანობის მხარდაჭერის ამოცანის საბაზისო და მიზნობრივი მაჩვენებლები, რათა შესრულების ინდიკატორები გახდეს მაქსიმალურად რეალური, გაზომვადი და ზუსტი.