2023 წლის ივნისიდან ქვეყანაში მოქალაქეებისთვის და ბიზნესსუბიექტებისთვის რამდენიმე ცვლილება ამოქმედდება. „კომერსანტი“ ცვლილებების ჩამონათვალს გთავაზობთ. 

1-ლი ივნისიდან დამსაქმებლებს ტვირთის ხელით აწევისას უსაფრთხოების მოთხოვნების დაკმაყოფილება მოუწევთ

მთავრობამ "ტვირთის ხელით აწევისას უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის მინიმალური მოთხოვნების შესახებ“ ტექნიკური რეგლამენტი დაამტკიცა. რეგლამენტი ძირითად გულისხმობს, უსაფრთხოების ნორმებს ტვირთის ხელით აწევა-გადატანასთან (განსაკუთრებით ზურგის დაზიანების რისკის პირობებში) დაკავშირებით. აღნიშნულ საკითხს მონიტორინგს შრომის ინსპექციის სამსახური გაუწევს. დადგენილება 2023 წლის 1 ივნისიდან ამოქმედდება.

2. სურსათის მწარმოებელი ყველა ბიზნესოპერატორისთვის HACCP-ის სტანდარტი სავალდებულო იქნება

სურსათის მწარმოებელ ყველა ბიზნესოპერატორს ეკისრება ვალდებულება, საფრთხის ანალიზისა და კრიტიკული საკონტროლო წერტილების სისტემა (HACCP) 2023 წლის 1-ელ ივნისამდე დანერგოს.

ახალი რეგულაცია გავრცელდება შემდეგ ბიზნესოპერატორებზე: სასურსათო მაღაზია, მარკეტი; თაფლის რეალიზაცია; ნახევარფაბრიკატების რეალიზაცია; ბავშვთა კვების წარმოება, რეალიზაცია, რძითა და რძის პროდუქტებით ვაჭრობა, ხილ-ბოსტნეულის რეალიზაცია; აგრარული ბაზარი; დახლზე ვაჭრობა, ხორცის რეალიზაცია; ბადაგისა და ჩურჩხელის წარმოება; კვების პროდუქტების შენახვა, შეფუთვა, დაფასოება; მცენარეული ცხიმის, მაიონეზის, ზეთის, მარგარინის წარმოება; საქართველოს ტერიტორიაზე სარეალიზაციოდ განკუთვნილი ნიგვზის, თხილის, მზესუმზირას და მისთანების გადამუშავება, რეალიზაცია; პურ-ფუნთუშეულის წარმოება, ფქვილოვანი პროდუქციის წარმოება, პურის საცხობი, თონე.

3. საქართველოში ფქვილის იმპორტზე დროებით საიმპორტო საფასური დაწესდება

საქართველოს მთავრობა, იმპორტირებულ ფქვილზე, დროებით, საიმპორტო საფასურის დაწესებას გეგმავს, რომელიც ძალაში, სავარაუდოდ, 10 ივნისიდან შევა.

როგორც მარცვლეულის მწარმოებელთა ასოციაციის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ ბენიაიძემ აღნიშნა, მიღებული გადაწყვეტილება ადგილობრივი ხორბლის შესყიდვას შეუწყობს ხელს და ფერმერები შეძლებენ, როგორც ძველი, ისე ახალი მოსავლის რეალიზებას. ამასთან, ბიზნესსექტორის და მთავრობის წარმომადგენლების ცნობით, შეჯერდნენ ისეთ პირობებზე, რომ პურზე ფასის ზრდაც არ არის მოსალოდნელი.

4. A კატეგორიის ტაქსებს ავტობუსის ზოლში მოძრაობა შეეძლებათ

A კატეგორიის იმ ტაქსებს, რომელთა ავტომობილის ასაკი არ აღემატება 10 წელს, 1-ლი ივნისიდან ავტობუსის ზოლში მოძრაობა შეეძლებათ. როგორც დედაქალაქის მერმა აღნიშნა, მუნიციპალურ სერვისცენტრებში ე.წ. სტიკერების დარიგება დაიწყო A კატეგორიის იმ ტაქსებისთვის, რომელთაც ავტობუსის ზოლში მოძრაობის უფლება აქვთ.

დედაქალაქის მერის თქმით, ტაქსი დაიშვება ავტობუსის ზოლში მხოლოდ იქ, სადაც საზოგადოებრივი ტრანსპორტი გადაადგილდება სხვა ავტოსატრანსპორტო საშუალებების მოძრაობის მიმართულებით.

5. 1 ივნისიდან სასურსათო დანამატების შესახებ ტექნიკური რეგლამენტი ამოქმედდება

1-ლი ივნისიდან სასურსათო დანამატების შესახებ ტექნიკური რეგლამენტი ამოქმედდება. სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, სასურსათო დანამატების შესახებ ტექნიკური რეგლამენტით განისაზღვრა ვიტამინებისა და მინერალების ჩამონათვალი და მათი ქიმიური ფორმები, რომელთა გამოყენებაც დასაშვებია სურსათის (სასურსათო) დანამატების წარმოებაში.