საქართველოს განახლებადი ენერგიის განვითარების ასოციაციის თავმჯდომარემ მაია მელიქიძემ გადაცემაში „ბიზნესი დღეს“ ისაუბრა იმ გამოწვევებსა და საჭიროებებზე, რომლებიც ენერგეტიკის სფეროში ბიზნეს სექტორი აქტიურობის შეფერხებას იწვევს. როგორც მაია მელიქიძემ განაცხადა, აღნიშნული გამოწვევის საპასუხოდ, საჭიროა, ერთი ფანჯრის პრინციპის შექმნა, სადაც როგორც ეკონომიკის, ისე გარემოს დაცვისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო კორდინირებულად იმოქმედებენ.

„დღეს კერძო სექტორს სჭირდება ერთი ფანჯრის პრინციპი, ნაკლები ბიუროკრატია და გამარტივებული პროცედურები. ერთი ფანჯრის პრინციპის საფუძველზე როგორც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ, ასევე გარემოს დაცვის სამინისტრომ და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ ერთად უნდა იმუშავონ, რათა  ყველა ის დოკუმენტაცია, რომელიც საჭიროა ელექტროენერგიის გენრაციის ობიექტის ასაშენებლად, ერთიანობაში მოექცეს და იყოს ერთი პროცესის ჭრილში. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ  ბიზნესმენისთვის თითოეული წუთი და წამი გადამწყვეტია. ბიუროკრატიის შემცირება კი, კერძო სექტორისთვის სასარგებლო იქნება“ - აღნიშნა მაია  მელიქიძემ.

ბიუროკრატიის ერთ-ერთ მიზეზად მაია მელიქიძე სამინისტროებში შესაბამისი კადრების დეფიციტსაც ასახელებს, რაც საბოლოო ჯამში ენერგიის გენერაციის წყაროების მშენებლობის ნებართვას დროში კიდევ უფრო მეტად წელავს.

„ძალიან ცოტა კადრია დღეს სამინისტროებში, რომლებსაც შესაბამისი კვალიფიკაცია აქვთ ენერგეტიკის სექტორში. ამიტომ დროში სერიოზულად იწელება  ახალი ენერგო წყაროების შექმნა. ამასთანავე, არ არის კომუნიკაცია სხვადასხვა უწყებას შორის, კერძოდ, ერთი დოკუმენტი შეიძლება რამდენიმე უწყებამ მოითხოვოს. ჩვენ განახლებადი ენერგიების განვითარების ასოციაციის ერთ-ერთ შეხვედრაზე გამოვავლინეთ, რომ დოკუმენტებისთვის, რომელსაც ითხოვენ გარკვეული უწყებები,  არ ჰყავთ შესაბამისი კადრი, რომელიც მის შეფასებასა და ანალიზს მოახდენს. აქედან გამომდინარე ეს ბიუროკრატიული პროცესი დროში უფრო მეტად იწელება, რა ბიზნესმენებს კიდევ უფრო აზიანებთ, რადგან ისინი დაგეგმილ თარიღებში ვერ ახდენენ გენერაციის ახალი ობიექტის აშენებას”- განაცხადა საქართველოს განახლებადი ენერგიის განვითარების ასოციაციის დირექტორმა მაია მელიქიძემ.