"ახლა შეუძლებელია იმის თქმა, რა მოელის ამის შემდეგ ბიზნესს და ქვეყანას," - ასე აფასებს საქართველოში ბოლო ორ დღეში მიმდინარე პოლიტიკური პროცესებსი ეკონომიკაზე გავლენის პერსპექტივას დეველოპერული კომპანია „არსის“ დამფუძნებელი ირაკლი როსტომაშვილი. 

მისი თქმით, ხელისუფლების განაცხადი იმაზე, რომ 2028 წლიდან განაახლებს მოლაპარაკებებს ევროკავშირში გაწევრებაზე, დროის ფუჭი ხარჯვაა, რაც ქვეყნის მომავალს კიდევ უფრო ბუნდოვანს ხდის. 

„საერთოდ გაუგებარია ეს გადაწყვეტილება. ევროკავშირთან ინტეგრაციას სჭირდება დრო. ამ პროცესში კონკრეტული დავალებები უნდა შეასრულო. ეს იმას ჰგავს, ბავშვმა თქვას, რომ სკოლაში არ ივლის და სკოლის დასრულების შემდეგ ატესტატი მოითხოვოს. დაახლოებით ასეთი რამეა. მოლაპარაკებები ხომ ნიშნავს იმას, რომ ბევრ სფეროში მოცემული ინსტრუქციები უნდა შეასრულო, რომ ევროკავშირთან თავსებადი გახდეს შენი ქვეყანა. თუ 2028-ში დაიწყებ ამის გაკეთებას, მაგას კიდევ 5 წელი დასჭირდება.

არ ვიცი, წინ რა ელის ქვეყანას და ბიზნესს, ამის თქმა ახლა შეუძლებელია“, - აღნიშნა ირაკლი როსტომაშვილმა, რომელიც დარწმუნებულია, რომ მთავრობის ეს გადაწყვეტილება, რომ 2028 წლამდე ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების დღის წესრიგიდან ჩახსნაზე, ევროკავშირისთვის პირდაპირ უარის თქმას ნიშნავს. ბიზნესმენი ამტკიცებს, რომ ამას ევროპელი ინვესტორების ქვეყნიდან გასვლა მოჰყვება. 

„ევროპელი ინვესტორები ადგებიან და უკან წაიღებენ ინვესტიციებს, ისედაც ბოლო წვეთამდე იყვნენ მისული“, - ამბობს ირაკლი როსტომაშვილი. 

წყარო: bpn.ge

შეგახსენებთ, მეორე დღეა საქართველოს პარლამენტთან ევროინტეგრაციის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს. დემონსტრანტები აპროტესტებს მთავრობის გადაწყვეტილებას, 2028 წლის ბოლომდე მოხსნან დღის წესრიგიდან საქართველოს ევროკავშირში გაწევრებაზე მოლაპარაკებების დაწყება.  შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, 29-30 ნოემბრის საპროტესტო აქციის დროს, სამართალდამცველთა მიერ პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობისა და წვრილმანი ხულიგნობისთვის 107 პირია დაკავებული. ანუ უწყებამ ერთ ღამეში 107 ადამიანი დააკავა. მათივე ინფორმაციით, დაშავებულია შინაგან საქმეთა სამინისტროს 10 თანამშრომელი.

მიმდინარე პროცესებისგან დისტანცირებისა და პროტესტის ნიშნად სამსახურები დატოვეს: იუსტიციის სახლისა და საგარეო საქმეთა სამინისტროების ათეულობით თანამშრომელმა, პროსახელისუფლებო მედიის რამდენიმე ჟურნალისტმა. ძალადობა დაგმო და ქართველ ხალხს თანადგომა გამოუცხადა სპორტსმენების ნაწილმა. პროტესტის ნიშნად დაიხურა რამდენიმე რესტორანი. გაკვეთილის ჩატარებაზე უარი თქვა რამდენიმე პედაგოგმა.