1-ელ სექტემბერს ევროვიზიის ახალმა სეზონმა ოფიციალურად აიღო სტარტი — ამიერიდან გამოსულ ნებისმიერ სიმღერას მომდევნო წლის კონკურსზე მონაწილეობის უფლება აქვს. 2026 წლის ევროფესტივალისთვის სამზადისი კი ავსტრიაში უკვე დაიწყო. აგვისტოში შევიტყვეთ, რომ რიგით 70-ე ევროვიზიის სიმღერის კონკურსს კვლავაც ვენა უმასპინძლებს. საგანგებოდ საიუბილეო ღონისძიებისთვის შეიცვალა ლოგოც. თუმცა, ევროვიზია 2026-ს შეიძლება არაერთი ქვეყანა გამოეთიშოს; კონკურსის რამდენიმე რეგულარულმა მონაწილემ ორგანიზატორს, ევროპის მაუწყებელთა კავშირს (EBU), ულტიმატუმი წაუყენა — ისრაელის დარჩენის შემთხვევაში, ისინი ევროფესტივალს დატოვებენ.
უკვე მეორე წელია, ევროვიზიის ფანებისა და მონაწილეების ნაწილი კონკურსიდან ისრაელის მოხსნას მოითხოვს. მიზეზი ღაზის სექტორში მიმდინარე ომია. თუმცა, ამ მოთხოვნებს მაუწყებელთა კავშირმა არაერთხელ უპასუხა უარით. EBU ამბობს, რომ ევროვიზია უნივერსალურ, აპოლიტიკურ და ინკლუზიურ შოუდ უნდა დარჩეს, რომელიც მუსიკით მრავალფეროვნებას ზეიმობს. კონკურსის ხელმძღვანელი მარტინ გრინი ასევე განმარტავს, რომ კავშირი მაუწყებლების გაერთიანებაა და არა — ქვეყნების მთავრობებისა. ამდენად, კონკრეტული გადაწყვეტილების გარეშე დამთავრდა მაუწყებლების საერთო კრება ივლისში თუმცა, EBU ახლა ულტიმატუმის წინაშე დგას და, ადრე თუ გვიან, მოუწევს, გადაწყვეტილება მიიღოს. ქვეყნები ელოდებიან მორიგ კრებას, რომელიც დეკემბერში გაიმართება და რომლის მთავარი განსახილველი საკითხიც სწორედ ისრაელის მონაწილეობაა. ორგანიზატორებმაც კონკურსში მონაწილეობის დადასტურების ბოლო ვადა სწორედ დეკემბრამდე გაახანგრძლივეს.
სამმა ქვეყანამ - ირლანდიამ, ნიდერლანდებმა და სლოვენიამ — დადასტურებულად განაცხადა, რომ მომავალ ევროვიზიაზე ისრაელის ისევ დაშვების შემთხვევაში კონკურსს გამოეთიშება.