ჩვენ მგზავრთა ნაკადს და გაუქმებული ბილეთების რაოდენობას ყოველდღიურ რეჟიმში ვაკვირდებით. ქვეყანაში მიმდინარე პროცესები ავიაციაზე საერთოდ არ ასახულა, - ამის შესახებ საქართველოს აეროპორტების გაერთიანების გენერალურმა დირექტორმა ირაკლი ქარქაშაძემ გადაცემა "ბიზნესპარტნიორში" განაცხადა.
მისივე ინფორმაციით, ზოგადად, საქართველოს აეროპორტების გაერთიანება ყველა მოვლენასთან დაკავშირებით ცვლის ინფორმაციებს ავიაკომპანიებთან და ბოლო დროს განვითარებული მოვლენების ფონზე, მათ უჩვეულო და განსაკუთრებული გულის წუხილი არ გამოუხატავთ.
"ჩვენ არ გვქონია კლება და მათ შორის, დეკემბრის თვეშიც ტურისტების რაოდენობის ზრდა დაფიქსირდა. ჩვენი ინფორმაციით, ავიაკომპანიებს დაბრუნებული ბილეთების იმაზე მეტი პროცენტული მაჩვენებელი, რაც ყოველდღიურ რეჟიმში არის მისაღები, არ ჰქონიათ. შესაბამისად, ვერ ვისაუბრებთ იმაზე, რომ ამ პროცესებმა ჩვენს ნაწილზე რაიმე ფორმით მგზავრთა ნაკადზე გავლენა იქონია. ჩვენ აქტიურად ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს ავიაკომპანიებთან და გვაქვს კოორდინაცია მათ გულის წუხილებზე. შეიძლება მათ ჰქონდეთ გარკვეული კითხვები და სჭირდებოდეთ პასუხები და ჩვენ ამ მიმართულებით ყოველთვის გვაქვს კომუნიკაცია", - აცხადებს ირაკლი ქარქაშაძე.
აეროპორტების გაერთიანების გენერალური დირექტორი იმედოვნებს, რომ 2025 წელს ქვეყანაში კიდევ უფრო მეტი მგზავრთნაკადი იქნება.