„ქვეყანამ ასეულ მილიონობით ლარი დაკარგა წაგებული დავებიდან“, - ასე ეხმაურება სოციალურ ქსელში ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი რომან გოცირიძე საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლოში მიმდინარე დავებს.
"კომერსანტი" გოცირიძის პოსტს უცვლელად გთავაზობთ:
„აუდიტის სამსახურის დასკვნით საქართველოს მთავრობას საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლოებში 2024 წლის ბოლოს არსებული მდგომარეობით 3.3 მილიარდ აშშ დოლარს ედავებიან. 300 მილიონზე მეტი მოთხოვნა მხოლოდ ნამახვანის ჰესის ინვესტორს აქვს.
ქვეყანამ ასეულ მილიონობით ლარი დაკარგა წაგებული დავებიდან და ასეულ მილიონობით ლარი დაგვიჯდა უცხოური საადვოკატო ფირმების მომსახურება.
კორუფციული და დანაშაულებრივი კონტრაქტები და ვალდებულებათა შეუსრულებლობა დიდძალ ზიანს აყენებს ქვეყანას“, - წერს რომან გოცირიძე.
შეგახსენებთ, საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლოებში 2024 წელს საქართველოს მთავრობას 4.8 მლრდ დოლარს ედავებოდნენ. საქმეებიდან ერთი სახელმწიფოს გამარჯვებით დასრულდა, რის გამოც, ჯამური მოთხოვნა 3.3 მლრდ აშშ დოლარამდე შემცირდა.
„ფისკალური რისკების კიდევ ერთი წყაროა საერთაშორისო საარბიტრაჟო დავებიდან მომდინარე რისკები. 2024 წელს წარმოებაში არსებული იმ დავებიდან, სადაც სახელმწიფო მოპასუხეს წარმოადგენდა, სადავო თანხის ჯამური პოტენციური მაქსიმალური ოდენობა შეადგენდა 4.8 მლრდ აშშ დოლარს. აღნიშნულ დავათაგან ერთი სახელმწიფოს გამარჯვებით დასრულდა, რამაც ჯამური მოთხოვნები 3.3 მლრდ აშშ დოლარამდე შეამცირა“, - აღნიშნულია აუდიტის ანგარიშში.