2025 წლის იანვარში საქართველოდან განხორციელებული საქონლის ექსპორტის მოცულობამ 403.9 მლნ დოლარი შეადგინა, რაც 19.3%-ით მეტია გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე. ინფორმაციას „საქსტატი“ აქვეყნებს.

ადგილობრივი ექსპორტი რეექსპორტის გარეშე, მთლიანი ექსპორტის 46.1%-ს შეადგენს. აღნიშნული მაჩვენებელი წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 11.6%-ით გაიზარდა და 186.3 მლნ დოლარს გაუტოლდა.

2025 წლის იანვარში ათი უმსხვილესი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან ადგილობრივ ექსპორტში 68.5% შეადგინა. ამასთან, უმსხვილეს საექსპორტო ქვეყნების რეიტინგში ადგილობრივად წარმოებული საქონლის ექსპორტი შემცირდა რუსეთში, თურქეთში, ჩინეთსა და უკრაინაში. ბულგარეთში კი ადგილობრივი ექსპორტი 1 748%-ით არის გაზრდილი.

2025 წლის იანვარში ადგილობრივი ექსპორტის ათეულში პირველ ადგილზე სპილენძის მადნები და კონცენტრატები არის წარმოდგენილი 13.8 მლნ. აშშ დოლარით, აღნიშნული სასაქონლო ჯგუფის წილი მთლიანი ადგილობრივი ექსპორტის 7.4% შეადგენს. 

ადგილობრივი ექსპორტის მიხედვით, უმსხვილეს სასაქონლო ჯგუფების რეიტინგში ყურძნის ნატურალური ღვინის, სპირტიანი სასმელების, ძვირფასი ლითონების მადნებისა და ფეროშენადნობების გაყიდვები შემცირებულია.