ქართული ღვინის ხარისხის კანონმდებლობასთან თავსებადობისა და საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობის უზრუნველყოფის მიზნით ღვინის ეროვნული სააგენტო მონიტორინგს რეგულარულად ატარებს. ბოლო მონიტორინგის შედეგები სააგენტომ 6 თებერვალს გამოაქვეყნა. სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში 28 კომპანიის 154 ნიმუში შემოწმდა. დარღვევა 6 კომპანიის 34 ნიმუშში აღმოჩნდა. საინსპექციო კონტროლი 83 კომპანიაში ჩატარდა. აღებული 1 927 ნიმუშიდან დარღვევა 16 კომპანიის 37 ნიმუშში დაფიქსირდა. სააგენტომ ასევე შეისწავლა 74 კომპანიის 459 ნიმუშის ლოტთან შესაბამისობა. დარღვევა აღმოჩნდა 4 კომპანიის 11 ნიმუშში. შიდა ბაზრის კონტროლი განხორციელდა 78 კომპანიის პროდუქციაზე. აღებული 136 ნიმუშიდან დარღვევა აღმოჩნდა 73 ნიმუშში.
ღვინის ეროვნული სააგენტოს მიერ ჩატარებული მონიტორინგი და მისი შედეგები ჩვენ სააგენტოს თავმჯდომარესთან ლევან მეხუზლასთან განვიხილეთ. გთავაზობთ მასთან ინტერვიუს.
- ბატონო ლევან, როგორ შეაფასებდით მონიტორინგის შედეგებს? რას აჩვენებს აღმოჩენილი დარღვევების რაოდენობა?
,,რომ ნახოთ მთლიანად რამდენი ნიმუში შემოწმდა ნახავთ, რომ დარღვევა აღმოჩნდა არც ისე დიდ %-ში. ეს არც ისე ბევრია და არც ისე დიდი მაჩვენებელია. მე არ ვამართლებ მეწარმეებს, თუმცა ძირითადად უყურადღებობის ბრალი უფრო არის, ვიდრე რაღაც შეგნებული ქმედების. ჩვენთვის ესეც დარღვევა არის - მაგალითს მოგიყვანთ. მეწარმემ შეიძინა დაცული ადგილწარმოშობის ყურძენი ქინძმარაულის ან ხვანჭკარის, რომელიც შემდეგ იმ ტექნოლოგიით უნდა დამზადდეს, რომელიც არის გაწერილი შესაბამის ადგილწარმოშობის სპეციფიკაციაში. ჩემს მიერ დასახელებული ორივე მაგალითი უნდა იყოს ნახევრად ტკბილი ღვინო, რაც გულისხმობს, რომ გარკვეულ ეტაპზე ალკოჰოლური დუღილი უნდა შეწყდეს და ღვინოში უნდა დარჩეს ბუნებრივი, ყურძნიდან წამოსული შაქარი. (რაც განაპირობებს ამ ღვინის ნახევრად ტკბილობას) დავუშვათ, მოხდა შემთხვევა, რომ მეწარმემ უყურადღებობის გამო, ან ტექნოლოგიური დარღვევის გამო, ვერ მოახერხა დუღილის შეჩერება. ღვინო დადუღდა ბოლომდე. მიუხედავად იმისა, რომ ყურძენი არის დანამდვილებით შეძენილი ამბროლაურის რაიონში და მეწარმეს სრული უფლება აქვს აქედან აწარმოოს ხვანჭკარა, მაგრამ თუ ტექნოლოგიური პროცედურა დაირღვა ეს არ ნიშნავს, რომ ღვინოა ცუდი. ეს ნიშნავს იმას, რომ ის ვეღარ ატარებს სახელს ხვანჭკარა. მეწარმეს აქვს უფლება გამოიყენოს ის სხვა ღვინის დასამზადებლად, სადაც ისეთი მკაცრი ტექნოლოგიური მოთხოვნები არ არის, როგორც ადგილწარმოშობის ღვინოებში. ჩვენთვის ეს დარღვევაა. ბაზრისა და მომხმარებლის კუთხიდან თუ შევხედავთ, ეს ტექნოლოგიური ნიუანსია, რომელიც არავის აინტერესებს.’’
- ბატონო ლევან, როგორც ვიცი ღვინის ეროვნული სააგენტო შიდა ბაზრის მონიტორინგს ორი წელია ატარებს. ეს ფუნქცია სურსათის ეროვნული სააგენტოს კომპეტენციაა. რატომ გადაწყვიტა სააგენტომ, რომ შიდა ბაზარზე ღვინო თავად შეესწავლა და რას გულისხმობს პროცედურა?
,,ჩვენთვის ღვინო არის პირველ ადგილზე და ძალიან მნიშვნელოვანი. ყოველთვის გვინდოდა, რომ ადგილობრივ ბაზარზეც გვენახა რა სიტუაციაა. სურსათის სააგენტოსთვის ღვინო არის მხოლოდ ერთ-ერთი პროდუქტი. მათთვის უფრო პრიორიტეტულია (რაც გასაგებია) ის პროდუქტები, რომელიც ჯანმრთელობისთვის არის შესაძლო ზიანის მომტანი. როგორიც არის რძის პროდუქტი, ხორცი და სხვა, რომელიც სურსათის სააგენტოსთვის ბევრად წინ დგას. ეს ჩვენთვის გასაგებია. ამიტომ, გვაქვს ასეთი მექანიზმი, რომ უფლებამოსილებას ვითხოვთ მონიტორინგზე. ამ შემთხვევაში შევდივართ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში და ჩვენი ზემდგომი სამინისტროსგან ვიღებთ უფლებამოსილებას, რომ კონკრეტულ პერიოდში ჩავატაროთ მონიტორინგი. ამ პროცესს ესწრებიან სურსათის სააგენტოს ინსპექტორები. შევდივართ ობიექტებში და ადგილზე ვახორციელებთ საკონტროლო შესყიდვებს, ვამოწმებთ ბაზარზე არსებული ნიმუშების კანონთან შესაბამისობას. ამას წელიწადში 1-2-ჯერ ვაკეთებთ. ვფიქრობთ, რომ უფრო მეტჯერ და უფრო მკაცრად შევამოწმოთ.’’
- თქვენი აზრით, უკეთესი ხომ არ იქნება შიდა ბაზარზე ღვინის ხარისხის კონტროლზე პასუხისმგებლობა სრულად თქვენს სააგენტოს დაეკისროს? რათა მონიტორინგისათვის საჭირო ნებართვის აღება და ბიუროკრატიული პროცესი ჩაიხსნას და სააგენტო იყოს მთავარი მაკონტროლებელი.
,,ბიუროკრატიული თვალსაზრისით ხელი არ გვეშლება. არ ყოფილა შემთხვევა, რომ შეფერხება გვქონოდა. ყოველთვის ვატარებთ მონიტორინგს, როდესაც ეს გვჭირდება და ამისთვის გვრჩება რესურსი. მესმის თქვენი კითხვა, რადგან შესაძლოა საექსპორტო პროდუქცია მეტად კონტროლდება, ვიდრე ადგილობრივი ბაზარი. პრიორიტეტების გამო. ზოგადად რესურსი არის შეზღუდული. ამიტომ არის პრიორიტეტები. მათ შორის ის, რომ ბიუჯეტიდან ჩვენ ვზრუნავთ ღვინის ცნობადობის ამაღლებაზე. ჩვენთვის ბევრად პრიორიტეტულია, რომ საქართველოს სახელით საზღვარგარეთ გაყიდული ღვინო იყოს აუცილებლად ხარისხიანი და შესაბამისობაში ყველა იმ მოთხოვნასთან, რაც აქვს თითოეულ ქვეყანას. ევროკავშირს სხვა მოთხოვნები აქვს. არის დამხმარე მასალები, კონსერვანტები, რომელთა დამატება ღვინოში ევროკავშირში დაშვებულია, მაგრამ არ არის დაშვებული ჩინეთში. ამიტომ, ეს კიდევ უფრო მნიშვნელოვანს ხდის საექსპორტო პროდუქციის კონტროლს. თუმცა, არც ადგილობრივი ბაზარი არ გვრჩება ყურადღების მიღმა. 2023 წლამდე ფაქტობრივად ჩვენი კონტროლის მიღმა რჩებოდა ადგილობრივი ბაზარი. მათ შორის ნაშთების მიკვლევადობის და აღრიცხვის თვალსაზრისით. ერთ-ერთი მიზეზი, რატომაც ჩავთვალეთ 2023 წელს, რომ ადგილობრივ ბაზარზეც აუცილებელი სერტიფიცირება შემოგვეღო არის ეს.’’
- ბატონო ლევან, რას მოიცავს სახელმწიფო კონტროლი და ზედამხედველობა? როგორია მონიტორინგის პროცესი?
,,სახელმწიფო კონტროლი და ზედამხედველობა გულისხმობს კომპანიებში ჩვენი ინსპექტორების შესვლას და მის დეტალურად დათვალიერებას, ნაშთების აღწერას, შესაბამისი ნიმუშების აღებას. მოკლედ, მოწმდება საწარმოო პროცესი. მათ შორის, საწარმოში არსებული პროდუქცია როგორც მზა, ასევე მომზადების პროცესში მყოფი. ეს არის სწორედ სახელმწიფო კონტროლი და ზედამხედველობა.’’
- რაც შეეხება საინსპექციო კონტროლს. მონიტორინგის პროცესში ხდება ბაზრიდან მზა პროდუქციის ამოღება, რომელიც შემდეგ მოწმდება. განგვიმარტეთ კონტროლის ეს მექანიზმი, რას გულისხმობს და რა პროცედურებს მოიცავს?
,,საინსპექციო კონტროლის დროს ხდება ბაზარზე, მათ შორის ადგილობრივ ბაზარზე, მზა პროდუქციის აღება, ან მზა საექსპორტო პარტიიდან ვიღებთ ნიმუშს. მას ვადარებთ იმ ნიმუშებს, რომელიც მეწარმემ წარმოადგინა სერტიფიცირების დროს. ვადგენთ, რამდენად თავსებადია ეს ორი ნიმუში ერთმანეთთან. ჩვენი კანონმდებლობით, სერტიფიცირების დროს სასერტიფიკაციო პარტიიდან (ლოტიდან) ნიმუშებს წარმოადგენს მწარმოებელი. ჯერ მიაქვს ლაბორატორიაში შესაბამისი ანალიზების ჩასატარებლად. შემდეგ, ნიმუში ანალიზებთან ერთად ხვდება ჩვენთან, როდესაც გადის სახელმწიფოს სადეგუსტაციო კომისიის დასკვნას. სერტიფიცირების დროს არის სამი მდგენელი. პირველი მდგენელი არის სახელმწიფო კონტროლი და ზედამხედველობა. (მათ შორის რთველზე ყურძნის ნიმუშების აღება, ნაშთების აღრიცხვა) მეორე მდგენელი არის ფიზიკო-ქიმიური მაჩვენებლებია, რომელიც დამოუკიდებელ, აკრედიტებულ ლაბორატორიაში ტარდება და რომელსაც ჩვენ აკრედიტაციის საფუძველზე ვაღიარებთ. მესამე მდგენელი არის სადეგუსტაციო კომისიის დასკვნა. კომისია ადგენს შეესაბამება თუ არა გემოვნური თვისებები კანონით დადგენილ მოთხოვნებს. სადეგუსტაციო კომისია არ დებს დასკვნას, რომ ღვინო არის ხარისხიანი, საკოლექციო ან განკუთვნილია ძვირი სეგმენტისთვის. არის ჩამოწერილი კონკრეტული დაავადებები, რომელიც არ უნდა ჰქონდეს არც ერთ გასინჯულ ღვინოს. ტექნიკური დეგუსტაციაა და არა ხარისხობრივი. შესაბამისად, საინსპექციო კონტროლის დროს ხდება შემოწმება, რომ სამივე მდგენელი ნამდვილად შეესაბამება თუ არა კონკრეტულ ლოტს. დგინდება, ხომ არ ჰქონდა მეწარმის მხრიდან სხვა ნიმუშის წარდგენას ადგილი. ხდება ხოლმე ეს, ობიექტური ან სხვა მიზეზების გამო. შესაძლოა სცადონ სხვა ნიმუში მოიტანონ და კონკრეტულ ლოტში სხვა აღმოჩნდეს. რაზეც ხდება დაჯარიმება. სერტიფიცირებულ ლოტთან შეუსაბამო პროდუქციის რეალიზებაზე ჯარიმა პირველ შემთხვევაში არის 1000 ლარი. უკვე განმეორებით 2000 ლარი. ყოველი შემდეგი განმეორებაზე 2000 ლარია ჯარიმა.’’
- ბატონო ლევან, რა იგულისხმება ხარისხში? რა დგინდება ხარისხის მონიტორინგის შედეგად? ღვინის შემადგენლობა თუ მისი მოხმარების უსაფრთხოება?
,,ხარისხი რაღაცასთან შესაბამისობას გულისხმობს. მაგალითად, თუ ISO-ს სტანდარტებს დავეყრდნობით, ზოგადად ერთ-ერთი განმარტება არის, მომხმარებლის მოთხოვნებთან პროდუქციის შესაბამისობა. ყველა მომხმარებელს თავისი ხარისხი აქვს, უხეშად რომ ვთქვა. არის ღვინის დამფასებელი და მცოდნე, რომელსაც სრულიად სხვა მოთხოვნები აქვს ღვინის გემოვნური თვისებების მიმართ. არის ძალიან ბევრი მომხმარებელი, რომლისთვისაც ღვინო არის გართობის საშუალება, რომელსაც დღესასწაულებზე მიირთმევს. მას სხვა მოთხოვნები აქვს და პროდუქტის სხვა თვისებებს აქცევს ყურადღებას. ჩვენს შემთხვევაში ეს არ არის სუფთად ხარისხის კონტროლი. ეს არის კანონთან შესაბამისობის კონტროლი. კანონში გაწერილია ქიმიური ხარისხობრივი მაჩვენებლები, რომელთან შესაბამისობაში უნდა იყოს პროდუქცია, რომელსაც ვამოწმებთ. როდესაც სახელმწიფო კონტროლი და ზედამხედველობა ხდება საწარმოში და ეს არის ჯერ კიდევ ნახევრად პროდუქცია, არის შესაძლებლობა, როდესაც მეწარმეს შეუძლია დამუშავების გზით, ფილტრაციით ან სხვა საშუალებით შენიშვნები მოიყვანოს კანონთან შესაბამისობაში.’’