წლის პირველ ნახევარში ღვინის ექსპორტი ისტორიულ მაქსიმუმზე იყო. 6 თვის მონაცემებით, საქართველოს საერთაშორისო ბაზარზე 156 573 000 დოლარის შემოსავალი მიიღო, რაც გასული წლის ამავე პერიოდის მონაცემებზე 24.2%-ით მეტია. პირველ პოზიციაზე კვლავ რუსეთია, შემდეგ პოლონეთი, უკრაინა, ყაზახეთი. ათეულშია გერმანია, ლატვია, ლიეტუვა, აშშ და ჩინეთი.

ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის, ლევან მეხუზლას თქმით, ჯერ კიდევ 2 წლის წინ, პანდემიიდან და რუსეთ-უკრაინის ომიდან გამომდინარე, ექსპორტის თვალსაზრისით, საკმაოდ არასახარბიელო მდგომარეობა იყო, თუმცა მდგომარეობა შედარებით დასტაბილურდა და გლობალური მასშტაბით ქართული ღვინის ცნობადობა გაიზარდა.

„ლოგისტიკური პრობლემები იყო, გადაზიდვები და ბაზარზე ღვინის მიწოდება ჭირდა, მაგრამ სხვა არხები გამოიძებნა და ბარიერები დაძლეულ იქნა. ღვინის სააგენტო არ გაჩერებულა და მაქსიმალურად ვცდილობთ, ქართულ ღვინოს სახელი გავუთქვათ გლობალურ ბაზრებზე და ბაზრების დივერსიფიცირება მოვახდინოთ. საბოლოო ჯამში, ამ ყველაფერმა მოიტანა გლობალური მასშტაბით ცნობადობის ამაღლება, რაც გამოიხატა იმაში, რომ მომხმარებელს გაუჩნდა სურვილი გასინჯოს ქართული ღვინო“, - აცხადებს ლევან მეხუზლა.

რაც შეეხება ხარისხს, ლევან მეხუზლა აცხადებს, რომ ქართულ ღვინოს ნებისმიერი მომხმარებლის მოთხოვნის და ამ მოთხოვნიდან გამომდინარე ხარისხის დაკმაყოფილება შეუძლია.

„ხარისხი გამომდინარეობს მომხმარებლის მოთხოვნიდან. ყველა სეგმენტს თავისი ხარისხი აქვს. ზოგი ღვინისგან ითხოვს უნიკალურობას, ზოგი - განსაკუთრებულობას და სხვა ღვინისგან გამორჩეულ გემოვნურ თვისებებს, ზოგი - სტაბილურ ტონებს. ქართულ ღვინოს თავისი ჯიშური მრავალფეროვნება აქვს. ვფიქრობ, რომ ქართულ ღვინოს ნებისმიერი მომხმარებლის და, მოთხოვნიდან გამომდინარე, ხარისხის დაკმაყოფილება შეუძლია. ამ მხრივაც არ ვჩერდებით, წინ მივიწევთ. ქართული ღვინო, თუნდაც საშუალო ხარიხის, იზრდება. ერთია, რომ მარკეტინგული აქტივობების შედეგად მომხმარებელს გაუჩინო ღვინის შეძენის სურვილი და მეორეა, რომ თუ ხარისხი არ დააკმაყოფილებს, მეორედ არ შეიძენს და არ გახდება ის ლოიალური მომხმარებელი, რაც ჩვენს ინტერესებში არ არის. საზღვარზეც კი გვიყენია საერთაშორისო კომპანიები, რომ იქაც გადაკონტროლდეს რა გადის საზღვარზე. ადგილობრივ ბაზარზე სურსათის ეროვნული სააგენტოც აკონტროლებს ღვინის ხარისხს“, - აცხადებს ლევან მეხუზლა