7 თებერვალს საერთაშორისო სარეიტინგო კომპანია S&P-მა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგი უცვლელად, BB დონეზე დატოვა, პერსპექტივა კი, კვლავ სტაბილურად შეაფასა.

განახლებულ შეფასებაში სარეიტინგო სააგენტო S&P აღნიშნავს, რომ პოლიტიკურმა დაძაბულობამ და მმართველობის ვარდნამ შეიძლება გავლენა მოახდინოს შეღავათიანი დაფინანსებისა და პირდაპირი უცხოური ინვესტიციების (FDI) შემოდინებაზე. ეს კი, თავის მხრივ, საფრთხეს უქმნის ზრდას, საგადასახდელო ბალანსს, საერთაშორისო რეზერვებსა და საჯარო ფინანსებს.

უარყოფით სცენარში სწორედ პოლიტიკური დაძაბულობის მნიშვნელოვანი ესკალაციაა განხილული, რასაც პოტენციურად ნეგატიური გავლენა ექნება რეიტინგზე. ნავარაუდევია, რომ რეიტინგზე ზეწოლა შეიძლება წარმოიშვას პოლიტიკური დაძაბულობის მნიშვნელოვანი ესკალაციის შედეგად, რამაც შეიძლება კიდევ უფრო შეარყიოს ინვესტორების ნდობა და შეაფერხოს საქართველოს ზრდის პერსპექტივები.

"რეიტინგის სტრესი შეიძლება გაძლიერდეს სცენარში, რომელიც ხასიათდება შებრუნებული მიგრაციით და კაპიტალის გადინებით, რაც გამოიწვევს საჯარო ფინანსებისა და საგადასახდელო ბალანსის მკვეთრ გაუარესებას. რეიტინგის შემდგომი ვარდნა შეიძლება გამოწვეული იყოს შეღავათიანი დაფინანსების სუსტი ნაკადით, განსაკუთრებით დასავლელი კრედიტორებისგან, მაგალითად, მუდმივი პოლიტიკური დაძაბულობისა და მმართველობის ხარვეზების გამო",- ვკითხულობთნეგატიური სცენარის აღწერაში.

S&P ხაზს უსვამს, რომ ძლიერი ეკონომიკური ზრდის მიუხედავად, მთავრობის პოლიტიკის პროგნოზირებადობა შემცირდა და მოელის, რომ 2025 წელს ეკონომიკის ზრდა 5.7%-მდე შენელდება, რაც გამოწვეულია დაბალი მოხმარებისა და ინვესტიციებით.

S&P-ის შეფასებით, საქართველოს მაკროეკონომიკური მენეჯმენტი გონივრულია, თუმცა უფრო ფართო პოლიტიკის პროგნოზირებადობა შემცირდა.

შეფასებაში ასევე საუბარია საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის გაყინვასა და შეერთებული შტატების მიერ ქართველი ოფიციალური პირების მიმართ დაწესებული სანქციებზეც.