პოლონეთის ინვესტიციების და ვაჭრობის სააგენტოს თბილისის ოფისის ხელმძღვანელის, გვანცა გრიგალაშვილის ინფორმაციით, პოლონეთიდან იმპორტირებული პროდუქცია საქართველოში ბოლო წლებში სწრაფად მატულობს.

როგორც გადაცემა "ბიზნესპარტნიორთან"გვანცა გრიგალაშვილი აღნიშნავს, მაგალითად, 2024 წელს ზრდა საშუალოდ 24%-ს აღწევს. 

"ნელ-ნელა ქართველი მომხმარებელი პოლონური პროდუქციის სანდოობასა და ხარისხში რწმუნდება. ამასთან, ენერგოეფექტურობის კუთხით პოლონეთს ძალიან დიდი გამოცდილება აქვს და ინტერესიც მზარდია - კომპანიებს საქართველოში ტექნოლოგიების ტრანსფერის გაკეთება სურთ. რაც შეეხება გამოწვევებს -  პოლონური კომპანიები, როდესაც საქართველოში იწყებენ ტრანსპორტირებას, ლოგისტიკის ჯაჭვის სწორად დალაგებას წინ წამოსწევენ ხოლმე", -აცხადებს გვანცა გრიგალაშვილმა.

თბილისის ოფისის ხელმძღვანელი "პოლონეთის დღეები 2025-ის" შესახებაც საუბრობს და აღნიშნავს, რომ ღონისძიება 2 კვირის განმავლობაში გაგრძელდება.

მისივე თქმით, საქართველოში პოლონური პროდუქცია კვების სექტორში ყველაზე მზარდი და თვალსაჩინოა.

"პოლონური დღეების მთავარი მიზანია მომხმარებლებს მათი ბრენდები გააცნოს. კერძოდ, მაღალი, ევროპული ხარისხის პროდუქცია, რაც კონკურენტულ ფასშია. 2 კვირის განმავლობაში პარტნიორ სავაჭრო ობიექტებთან ერთად მომხმარებლებს, სხვადასხვა, აქტივობებს ვთავაზობთ. ძირითადად ეს ყველაფერი ფასდაკლებებს უკავშირდება. დახლებზე მონიშნულია "პოლონური დღეები", სადაც მომხმარებლებს ფასდაკლებებით შეუძლიათ ისარგებლონ. თითქმის ყველა სავაჭრო ქსელს 20-დან 50%-მდე ფასდაკლება აქვს.

რაც შეეხება სავაჭრო მიმართულებებს, საქართველოში პოლონური პროდუქცია კვების სექტორში ყველაზე მზარდი და თვალსაჩინოა. მაგალითად, კვების სექტორი რომ ჩავშალოთ, ესაა - რძის, ხორცის პროდუქტები, ტკბილეული. მეორე სექტორი კოსმეტიკური და ფარმაცევტული საშუალებები გახლავთ, მაგალითად, წამლები, დეკორატიული კოსმეტიკა, თავის მოვლის საშუალების მიმართულება. მესამე მიმართულება სამშენებლო სექტორია - სამშენებლო მასალები ფართოდაა წარმოდგენილი, ავეჯის სექტორიც გვაქვს, საბავშვო პროდუქციის რეალიზებაც ხდება, მოკლედ, საკმაოდ მრავალფეროვანი ჩამონათვალია", - აღნიშნავს გვანცა გრიგალაშვილი.

ცნობისთვის, ღონისძიება "პოლონეთის დღეები 2025-ის" ფარგლებში 1 000-მდე კომპანია მონაწილეობს. ფასდაკლებები 2 კვირის განმავლობაში გაგრძელდება.