„კონკრეტული ადამიანების პოსტები შემხვდა, წუხან იმაზე, რომ მიგრაციას შეექმნება გარკვეული ბარიერები", - ამის შესახებ "ოცნების" პრემიერმა ირაკლი კობახიძემ „იმედი LIVE“-ში განაცხადა.
მისი თქმით, თუ ვინმეს უნდა მე-12 წლის დახურვა, შეიძლება, ქვეყანაშიც შეიქმნას ამის შესაძლებლობა, თუმცა ნებისმიერ ახალგაზრდას აქვს შესაძლებლობა, საზღვარგარეთ დახუროს მე-12 კლასი და ამ თემით სასპეკულაციო არაფერია.
„კონკრეტული ადამიანების პოსტები შემხვდა, წუხან იმაზე, რომ მიგრაციას შეექმნება გარკვეული ბარიერები. ჩვენ გვინდა, ქართველი ახალგაზრდები დარჩნენ საქართველოში და აქ მიიღონ მაღალი დონის განათლება. რატომ უნდა უნდოდეს ადამიანს, რომ ქართველები მრავლად წავიდნენ ქვეყნიდან. მით უმეტეს, ბუნებრივი მოვლენაა, როდესაც ახალგაზრდები მიდიან საზღვარგარეთ სასწავლებლად პირველი კურსიდან, მათი დიდი ნაწილი საცხოვრებლად რჩება საზღვარგარეთ. რატომ უნდა წავახალისოთ ხელოვნურად მიგრაცია. თუმცა, ჩვენ არავითარ ბარიერს არ ვქმნით.
შეიძლება თავისუფლად გამოსავლის მოძიება, თუ ვინმეს უნდა მე-12 წლის დახურვა, შეიძლება, ქვეყანაშიც შევქმნათ ამის შესაძლებლობა, ამის განხილვა შეიძლება, თუმცა ნებისმიერ ახალგაზრდას აქვს შესაძლებლობა, საზღვარგარეთ დახუროს მე-12 კლასი და შემდეგ განაგრძოს პირველი კურსიდან სწავლა უმაღლესი განათლების დონეზე. არაფერია სასპეკულაციო.
ჩვენ იმაზე კი არ უნდა ვიფიქროთ, რომ წავახალისოთ ახალგაზრდების მიგრაცია ქვეყნიდან, უნდა ვიფიქროთ იმაზე, რომ საქართველოში მიიღოს ქართველმა ახალგაზრდამ იმ დონის განათლება, რა დონის განათლებასაც სხვა ქვეყანა სთავაზობს“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.